გლდანის ეკლესიის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის აღსარება

გლდანის ეკლესიის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის აღსარება

დროის დინება ბევრ საიდუმლოებით მოცულ ამბავს მოჰფენს ხოლმე ნათელს. რაზეც ადამიანები წლების განმავლობაში დუმან, შემდეგ ღიად ლაპარაკობენ. ყველას ახსოვს 2004 წელს მომხდარი, გლდანის ეკლესიის დარბევისა და ბასილ მკალავიშვილის დაკავების ამბავი. მაშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მრევლიც დაშავდა. ისინი ბასილ მკალავიშვილს იცავდნენ და სპეცრაზმელების მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. ბევრი ითქვა და დაიწერა ამ თემაზე, თუმცა, "შიგნიდან" დანახული დეტალები მაინც საინტერესოა.

ჩემი რესპონდენტი შინაგანი ჯარის სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების ბატალიონში მსახურობდა და ზემოთ ხსენებულ სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. როგორც თვითონ ამბობს, სინდისი დღემდე ქენჯნის და წარსულს სინანულით იხსენებს. სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს ისეთი სტატიის მომზადება, სადაც რესპონდენტი ინკოგნიტოდ რჩება და ასეთ ინტერვიუებს თავს ვარიდებ ხოლმე, მაგრამ ამჯერად მაინც დავთანხმდი, რის მიზეზსაც მკითხველი იოლად მიხვდება და ალბათ არ გაუკვირდება, თუ რესპონდენტი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს:

- მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ გია ბარამიძე, ხოლო შინაგანი ჯარების სარდალი - გოგი თათუხაშვილი, რომელსაც უშუალოდ ვემორჩილებოდით. 2004 წლის მარტი იყო; ჩვენი ნაწილი ე.წ. მე-8 პოლკის ტერიტორიაზე იდგა. განკარგულება მივიღეთ, სასწრაფოდ გავსულიყავით ავჭალის კოლონიაში. როგორც გვითხრეს, იქ პატიმრების ბუნტი იყო და ჩასახშობად გვიხმობდნენ. 3 მანქანით გავედით. ძალიან სწრაფად ვმოძრაობდით. მოკლე გზებით მივდიოდით. გზაში ახალი განკარგულება მივიღეთ: ავჭალის კოლონიის ნაცვლად, გლდანის ეკლესიასთან მისვლა გვიბრძანეს. ეკლესიასთან უამრავი ხალხი დაგვხვდა. ისინი გაღიზიანებული იყვნენ, ხმაურობდნენ...

- რატომ შეგაცვლევინეს მარშრუტი?

- არ ვიცი, შესაძლოა, იფიქრეს, რომ თავიდანვე რომ გვცოდნოდა, ეკლესიის დასარბევად გვიხმობდნენ, შესაძლოა, არ წავსულიყავით.

- წარმოუდგენელია, ბრძანებას მაინც შეასრულებდით, რაც უნდა მომხდარიყო.

- დიახ, მაგრამ რა ჰქონდა ხელმძღვანელობას ჩაფიქრებული, არ ვიცი. ადგილზე მისულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სპეცდანიშნულების რაზმიც დაგვხვდა. ხალხი ეკლესიის ეზოში არ გვიშვებდა. ბრძანების მიღების შემდეგ, ვცდილობდით ფეხით შესვლას, მაგრამ დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით. ვერაფერს გავხდით და გადავწყვიტეთ, მანქანით შეგვენგრია ღობე. ეს იოლად მოვახერხეთ და ხალხის პირისპირ აღმოვჩნდით. ისინი ყველაფერზე იყვნენ წამსვლელი, არ შეგვეპუვნენ და იერიშზე გადმოვიდნენ. სპეცრაზმელები ხელკეტებით დავერიეთ, რომ მათი წინააღმდეგობა შეგვეჩერებინა. წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, არაფერი მოხდებოდა, ბასილ მკალავიშვილს ავიყვანდით და ეგ იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ძალის გამოყენება მოგვიხდა.

- ეკლესიის დარბევის ბრძანება გქონდათ?

- არა, ასეთი ბრძანება არ გვქონია, ხალხის დარბევის ბრძანება გვქონდა. უფრო სწორად, ნებისმიერი ძალის გამოყენებით უნდა დაგვეკავებინა ბასილ მკალავიშვილი, ჩვენ კი ამისთვის ხალხის წინააღმდეგობა უნდა გადაგველახა.

- მაშინ მრევლის ნაწილმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ისე სასტიკად მოეპყარით ადამიანებს.

- დიახ, ასე მოხდა, ზოგიერთი სპეცრაზმელი განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრა მრევლს. სიმართლეს გეტყვით, ასეთი ადამიანები თათუხაშვილმა სამსახურიდან სისასტიკის გამო დაითხოვა. ისე არ გაიგოთ, რომ ვინმეს ვიცავ ან ვამართლებ, მაგრამ იმას ვამბობ, რაც სინამდვილეში მოხდა. ისინი მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, ქვებს გვიშენდნენ, იბრძოდნენ ყველაფრით, რაც კი ხელში მოხვდებოდათ...

- რა იარაღი გამოიყენეთ მრევლის წინააღმდეგ?

- ხელკეტები. სხვა იარაღი არ გამოგვიყენებია. როგორც იქნა, ხალხის წინააღმდეგობა დავძლიეთ და ეკლესიის ჩაკეტილ კარს მივადექით. სპეცრაზმის ბიჭები კარის შენგრევას ცდილობდნენ, რაც იოლი არ აღმოჩნდა. შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, მანქანით შეგვემტვრია კარი. პირდაპირი დარტყმა არ ივარგებდა, მანქანა 45-გრადუსიანი კუთხით მივმართეთ და ისე დავარტყით კარს. კარი გაიღო.

წაიკითხეთ სრულად gzapress.ge -ზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 272-მდე გაიზარდა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა - "მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო..."