თბილისში ოთხ მეტროსადგურს ექსპლუატაციის ვადა ეწურება - ვადაგასული ესკალატორების პრობლემა

თბილისში ოთხ მეტროსადგურს ექსპლუატაციის ვადა ეწურება - ვადაგასული ესკალატორების პრობლემა

ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სატრანსპორტო საშუალებას, თბილისის მეტროპოლიტენს, 2016 წელს 50 წელი უსრულდება. თბილისის მეტროში საბჭოთა წარმოების 6 ტიპის 59 ესკალატორი ფუნქციონირებს. 2016 წელს ოთხ სადგურზე, - "ნაძალადევზე", "სადგურის მოედანი - პირველზე", "მარჯანიშვილზე" და "რუსთაველზე" არსებულ ესკალატორებს ექსპლუატაციის ვადა ეწურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხ სადგურზე არსებული ესკალატორები ან უნდა შეკეთდეს, ან მის ადგილზე ახალი ესკალატორები დამონტაჟდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტრო მგზავრებს ვეღარ მოემსაურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Ambebi.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკურ დირექტორს ლევან მეხრიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ესკალატორების შეცვლა ვერ მოხერხდება, რადგან ბიუჯეტში ამისთვის თანხები არ არის. სპეციალისტი განმარტავს, რომ ერთი ახალი ესკალატორის შეძენა და დამონტაჟება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი ჯდება.

არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური დირექტორი იმაში ხედავს, რომ ესკალატორებზე უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა და ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩაუტარდეს სრული, მოცულობითი, კაპიტალური შეკეთება და მოხდეს ესკალატორებისთვის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება.

"ჩვენ ასეთი პრეცედენტი წლების წინაც გვქონდა, როდესაც მეტროპოლიტენში ესკალატორებს (ეტე 3 ტიპის, რუსეთის საწარმოების გამოშვებულ ესკალატორებს) 30 წლიანი ექსპლუატაციის ვადა ამოეწურათ. ასეთი სადგურებია საბურთალოს ხაზი, სადგურის მეოდანი - II ხაზი და პოლიტექნიკური. 2009 წელს ჩატარდა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მთლიანი მოცულობითი ექსპერტიზა, დაიწერა რეკომენდაციები და ჩაუტარდა კაპიტალური შეკეთება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ამ ესკალატორებს დაახლოებით 10 წლით გაუხანგრძლივდათ მუშაობა. ასეთი პრეცედენტი მარტო ჩვენთან კი არა, ყოფილ საბჭოთა კავშირის მეტროებშიც არსებობს. უკეთესია და კარგია ახალი - თუმცა არც შეკეთება აკნინებს მგზავრების უსაფრთხოებას", - განაცხადა ლევან მეხრიშვილმა. მისივე თქმით, მეტროში შეკეთების სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს.

"ესკალატორს გარბენა 140-150 ათასი რომ უსრულდება, მას შეკეთების სამუშაოები ისედაც უტარდება. რაც შეეხება იმ ესკალატორებს, რომელსაც ექსპულატაციის ვადა გასდით, ჩვენ იანვრიდან გამოვაცხადებთ ტენდერებს, 2015 წლის ბოლოდან, ან 2016 წელს კი ამ ესკალატორებს გავარემონტებთ, მგზავრს პრობლემა არ შეექმნება", - განაცხადა ლევან მეხრიშვილმა.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენში 22 სადგურია.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია