ნაპოვნი დედმამიშვილი და სასიკვდილოდ გამეტებული დედა

ნაპოვნი დედმამიშვილი და სასიკვდილოდ გამეტებული დედა

ამას წინათ შემოგთავაზეთ თემა: ნაპოვნი დედმამიშვილი და გთხოვდით, საკუთარი თავგადასავალი მოგეყოლათ, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ თემაზე მუშაობა ასე გამიჭირდებოდა - ბევრმა მკითხველმა მომწერა შემზარავი ამბავი, რომლის მთავარი გმირები საკუთარ მშობლებს სასიკვდილოდაც კი წირავდნენ იმ დანაშაულის გამო, რომელიც წლების წინ ჩაიდინეს და რომელიც მათი შვილებისთვის სავალალო შედეგის მომტანი აღმოჩნდა... თუმცა, ცხადია, მხოლოდ ცუდი მაგალითებით არ შემოვიფარგლებით და იმ მკითხველების ამბებსაც მოგიყვებით, რომლებიც დედმამიშვილის პოვნამ გააბედნიერა...

გოგა, 18 წლის:

- პირველად და ალბათ, უკანასკნელად, 16 წლის ასაკში შემიყვარდა გოგო, რომელიც ჩემი და აღმოჩნდა. ამ ამბავმა ისეთი სულიერი ტრავმა მომაყენა, რომ ფსიქიატრის დახმარებაც კი დამჭირდა.

- იქნებ შენი ტკივილი გაგვიზიარო და ყველაფერი დაწვრილებით გვიამბო...

- ამას სიამოვნებით გავაკეთებ, რადგანაც მაშინ, როცა ჩემს გასაჭირს სხვებს ვუზიარებ, ტკივილი ცოტათი მაინც მიმსუბუქდება... ელენე რუსთაველის თეატრში გავიცანი. ორივენი სპექტაკლის - "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" სანახავად ვიყავით მისულები. ის ჩემ გვერდით იჯდა და წარმოდგენას ისე ემოციურად ადევნებდა თვალს, რომ გაკვირვებული ვუყურებდი - არ მეგონა, ჩემი თანატოლი და თანაც გოგონა, ასე თუ გაიზიარებდა სხვების პრობლემას. მოკლედ, სპექტაკლის შემდეგ ის და მისი დაქალები გავიცანი, მერე კი ტელეფონის ნომერი სამივეს გამოვართვი. დაიწყო რეკვები, "ესემესების" მიმოწერა. მე და ელენემ საერთო ენა მალე გამოვნახეთ და დავმეგობრდით. რამდენიმეკვირიანი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ ელენეს გარეშე სიცოცხლე არ შემეძლო და მას სიყვარულში გამოვუტყდი. მეგონა, ჩხუბს დამიწყებდა, ჩემს გრძნობას გრძნობითვე არ უპასუხებდა, მაგრამ შევცდი - თურმე, მასაც შევყვარებივარ. მოკლედ, ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვნახულობდით და ცხადია, ერთურთს ვეხვეოდით, ვეალერსებოდით კიდეც. დაახლოებით ერთი თვის წინ გადავწყვიტე, ელენე ჩემი მშობლებისთვის გამეცნო - ვაპირებდი, დამენიშნა და ცოლად ტრადიციების მიხედვით მომეყვანა, მაგრამ როგორც კი დედას ჩემი შეყვარებული ვუჩვენე, გული წაუვიდა, მამას კი ენა მუცელში ჩაუვარდა... ელენე რომ გავაცილე, მხოლოდ ამის შემდეგ გამომიტყდნენ, რომ ის ჩემი ნახევარდა იყო: თავის დროზე მამას საყვარელი ჰყოლია და იმ ქალს მისგან შვილიც კი გაუჩენია. მიხვდით ალბათ, რომ ლაპარაკია ელენეზე, ჩემს სიყვარულზე... ამ ამბის დამალვას ვერც დედას ვაპატიებ და ვერც - მამას; მეტიც, როცა სიმართლე გავიგე, მამას ვეცი და ყელი ლამის კბილებით გამოვღადრე. თავის დროზე მათ ჩემთვის სიმართლე რომ ეთქვათ, ელენე შეიძლება, დად არ მეღიარებინა, მაგრამ სხვანაირად მაინც არ დავუწყებდი ყურებას.

- სიმართლე ელენემაც გაიგო?

- აბა, რა უნდა მეთქვა, რატომ გშორდები-მეთქი? სიმართლე რომ ვუთხარი, ლამის გადაირია...

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ურთიერთობა საერთოდ გავწყვიტეთ, რადგანაც ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვის გვრცხვენია - ჩვენ, და-ძმა ხომ ერთურთს სხვანაირად ვეფერებოდით...

სანდრო, 19 წლის:

- ამ თემას გვერდი ვერ ავუარე და მინდა, ჩემ შესახებ გიამბოთ. 15 წლის ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემს უბანში ცხოვრობდა გოგონა - ნია, რომელიც გარეგნულად ძალიან მგავდა. თავიდან, ეს უბრალო დამთხვევა მეგონა, მაგრამ როცა გავიცანი, მის მიმართ საოცარი სითბო ვიგრძენი და ეჭვმა გამკრა, რომ ის ჩემი სისხლი და ხორცი უნდა ყოფილიყო. ცოტა ხანში ნიასაც გამოვუტყდი: ასე მგონია, და-ძმა ვართ-მეთქი. მან ბევრი იცინა და მისაყვედურა: რა გინდა, თქვა, რომ დედაჩემი ბოზია და მამაშენთან ჰქონდა ურთიერთობა? მერწმუნე, ძალიან ცდები; იმაშიც დარწმუნებული გახლავარ, რომ აყვანილი არა ვარ, რადგანაც და-ძმა მყავს და ისინიც ძალიან მგვანანო. მერე კი ვითომ გამეხუმრა: იქნებ შენ ხარ აყვანილიო, მაგრამ იქვე დასძინა: არა მგონია, დედაჩემი ისეთი უგულო იყოს, რომ გაეშვილებინე; ჩემს მშობლებს ბავშვები ძალიან უყვართო. ასე იყო თუ ისე, გადავწყვიტე გამერკვია, რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ გვაერთიანებდა და საქმის გამოძიება დავიწყე. ჰოდა, დიდი წვალების შემდეგ დედა გამოვტეხე, რომ აყვანილი ვიყავი. მან მითხრა: მე და მამაშენი შვილის ყოლაზე დიდხანს ვოცნებობდით, მაგრამ ეს ოცნება ოცნებადვე დარჩა. მერე ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც სამშობიაროში მუშაობდა, შენი თავი მომიყვანა და მითხრა: - ეს პატარა ბიოლოგიურმა მშობლებმა გაჩენისთანავე მიატოვეს და იქნებ შენ გაზარდოო. მე და მამაშენი ღვთის წყალობაზე უარს როგორ ვიტყოდით? ჰოდა, დაგიტოვეთ და გაგზარდეთ, წლების შემდეგ კი ქვეყნიერებას შენი დაიკოც მოევლინაო. სიმართლემ ლამის ჭკუიდან შემშალა და მშობლებს დავემუქრე: ან მეტყვით, ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები, ან ყელს გამოვიჭრი-მეთქი. ორივემ დაიფიცა: არ ვიცით, ვინ არიან, რადგან მათ არასდროს შევხვედრივართო. სამწუხაროდ, დედაჩემის ბიძაშვილიც უკვე გარდაცვლილი გახლდათ და ცხადია, ბიოლოგიური მშობლების შესახებ ინფორმაციას ვერც ის მოგვაწვდიდა. დედ-მამას ვუთხარი: ვიცნობ გოგონას, რომელიც ძალიან მგავს. მის მშობლებთან მივალ, დაველაპარაკები და იქნებ მათ მაინც მითხრან რაიმე ხელმოსაჭიდი. თქვენც თუ გამომყვებით, მადლიერი დაგრჩებით-მეთქი. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, გამომყვნენ. ნიას მშობლებთან რომ მივედით, დედამისმა ტირილი დაიწყო, მერე კი სიმართლეშიც იოლად გამოგვიტყდა. აღმოჩნდა, რომ ნია ჩემი დაიკო იყო. თურმე, მე და ის ლალის (ასე ჰქვია ჩემს ბიოლოგიურ დედას) პირველი ქმრისგან ვეყოლეთ. ჩემზე ფეხმძიმედ ყოფილა, როცა მეორედ გათხოვდა, მის საქმროს კი მომავალი მეუღლისთვის ულტიმატუმი წაუყენებია: ცოლად მოგიყვან და შენს გოგონას ვიშვილებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუცელს მოიშლი. იმ კაცის მეორე შვილსაც ვერ გავზრდი, მე ჩემი ღვიძლი შვილები მინდაო. ლალის მომავალი მეუღლე ისე ჰყვარებია, რომ ჩემი თავიდან მოცილება იმწამსვე გადაუწყვეტია, მაგრამ ვინაიდან 5 თვის ფეხმძიმე გახლდათ, ექიმებს მისთვის აბორტი არ გაუკეთებიათ - ანუ იძულებული გახდა, გავეჩინე, მაგრამ ქვეყნიერებას მოვევლინე თუ არა, გამაშვილა. ეს ამბავი რომ გავიგე, ლალის პირში მივახალე: საზიზღარი ადამიანი, კაცს დახარბებული ქალი ხარ და იცოდე, ჩემი ცოდვით ვერ გაიხარებ-მეთქი, მერე კი იმ სახლიდან გიჟივით გამოვვარდი... ახლა ისევ გამზრდელებთან ერთად ვცხოვრობ, ბიოლოგიურ დედ-მამას კი არ ვაღიარებ. სამაგიეროდ, ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს ისეთი დაიკო, როგორიც ნიაა. სხვათა შორის, მის და-ძმასთანაც (არ მინდა ვთქვა, რომ ისინი ჩემი ნახევარდა-ძმა არიან) კარგი ურთიერთობა მაქვს.

- იმ დღის შემდეგ ბიოლოგიურ დედას შენი ნახვა, შვილთან საერთო ენის გამონახვა არ უცდია?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია