რა ღირს ნაძვის ხე და საშობაო აქსესუარები - წინასაახალწლო ფოტორეპორტაჟი ბაზრობიდან და სუპერმარკეტებიდან

რა ღირს ნაძვის ხე და საშობაო აქსესუარები - წინასაახალწლო ფოტორეპორტაჟი ბაზრობიდან და სუპერმარკეტებიდან

ახალი წელი მოახლოვდა და მოსახლეობაც ნელ-ნელა საახალწლო სამზადისს იწყებს. თუმცა პირველ რიგში, ალბათ, ყველა საშობაო ნაძვის ხის მორთვასა და სახლში საახალწლო განწყობის შემოტანაზე ფიქრობს. გემოვნებით მორთული ნაძვის ხე მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საახალწლო ატრიბუტია. ამიტომ, მყიდველისთვის არც თუ ისე ადვილია სასურველი ნაძვის ხისა და მისი აქსესუარების მისაღებ ფასად შერჩევა. Ambebi.ge როგორც ბაზარზე, ასევე სავაჭრო ცენტრებში არსებულ ფასებს გთავაზობთ, რათა წინასაახალწლო შენაძენის გაკეთება გაგიადვილდეთ.

ბაზრობებზე წინასაახალწლო ფუსფუსი სწორედ ნაძვის ხეებისა და ნაძვის ხის აქსესუარების სიმრავლით შეიმჩნევა. გამყიდველები საშობაო ხეების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობენ. ასევე მრავალფეროვანია ნაძვის ხის მოსართავი აქსესუარები. თუ თქვენ წინასწარ გაქვთ განსაზღვრული, რა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ საშობაო ხისა და მისი აქსესუარების შესაძენად, არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ.

ნაძვის ხეების ფასი 4 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს. როგორც გამყიდველები აღნიშნავენ, მომხმარებელი უკვე აქტიურობს და დეკემბრის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული, უკვე საკმაო რაოდენობის ხე გაიყიდა, მათ შორის რამდენიმე ძვირადღირებულიც. ნაძვის ხის არჩევისას თვალში თეთრი ფერის ნაძვის ხეები მოგხვდებათ, რომლებიც მცირე რაოდენობით, მაგრამ ნაძვის ხის თითქმის ყველა გამყიდველთან იყიდება. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, თქვენს საახალწლო სამზადისს მწვანე, ბუნებრივი ნაძვის მსგავსი ხე ამშვენებდეს, გაითვალიწინეთ, რომ რაც უფრო მასიური და ვიზუალურად ბუნებრივთან მიახლოებულია ნაძვი, მისი ფასი მით უფრო მაღალია. ფასზე ასევე დიდ გავლენას ნაძვის ხის ზომა ახდენს - რაც უფრო მაღალია საშობაო ხე, მით მეტია მისი ფასიც. საშუალოდ, ერთი მეტრის სიმაღლის, მასიური, "მომხიბვლელი" ნაძვის ხის შეძენა 30 – 40 ლარად შეგიძლიათ.

რაც შეეხება აქსესუარებს, ე.წ. "ბარაქის ცოცხი" და ნალი, ტრადიციულად, 1,50 -3,00 ლარის ფარგლებში მერყეობს. სათამაშოების არჩევისას კი მთავარი თქვენი გემოვნებაა, რადგან 30 თეთრიდან დაწყებული, ნებისმიერ ფასად შეგიძლიათ მათი შეძენა. თუმცა, როგორც წესი, ძვირადღირებული სათამაშოები უფრო გამძლე და ორიგინალურია.

თუ საშობაო ხის გაფორმებას "წვიმებითა" და ფერადი ნათურებითაც გეგმავთ, შეგახსენებთ, რომ წვიმის ფასი 1 ლარიდან, საახალწლო ნათურებისა კი 5 ლარიდან იწყება.

საახალწლო აქსესუარებზე ბევრად განსხვავებული ფასებია სუპერმარკეტებსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში, ბაზართან შდარებით. მაგრამ თუ თქვენ მიერ საახალწლოდ დაგეგმილი ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ, თქვენ მართლაც ორიგინალური და მაღალი ხარისხის საახალწლო ატრიბუტების შეძენას შეძლებთ.

ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში ნაძვის ხის ფასები 100 ლარიდან 2 ათას ლარამდე მერყეობს. ნაძვის ხის სათამაშოების ფასი დაახლოებით, 2 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე აღწევს. ასევე, დიდია არჩევანი სხვადასხვა საახალწლო აქსესუარებს შორის - იქნება ეს კარზე დასაკიდებელი გვირგვინები, ნალები, თუ საახალწლო მაგიდის გასაფორმებელი დეკორატიული ჭურჭელი.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია