გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა - უნდა მორჩეს პოლიტიკური სპეკულაციები, ვთხოვ ყველას, თავი დაგვანებონ

გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა - უნდა მორჩეს პოლიტიკური სპეკულაციები, ვთხოვ ყველას, თავი დაგვანებონ

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის მამის, მიხეილ გრიგოლაშვილის განცხადებით, მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

როგორც გარდაცვლილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს.

"მე მინდა მადლობა ვუთხრა მთავრობას და საელჩოს, რომ ჩემი შვილის გადმოსვენებაში დამეხმარნენ. უნდა მორჩეს პოლიტიკური სპეკულაციები და ვთხოვ ყველას, თავი დაგვანებონ. არავის დაუძალებია ჩემი შვილისთვის საომრად წასულიყო. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, მათ განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - აღნიშნა გარდაცვლილი ჯარისკაცის მამამ.

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:30 საათზე დაეშვა. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა.

აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები.

გარდაცვლილის ცხედარი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ქუთაისში, მის საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენება გუშინ უამინდობის გამო გადაიდო. ძლიერი ნისლის გამო, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ერევნის აეროპორტში დაეშვა.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. იგი 32 წლის იყო. გრიგოლაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007-2008 წლებში მსახურობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია