როგორ ხდებიან თბილისელი ბავშვები სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლი - "ათასგვარ საზიზღრობას უპრობლემოდ აძლევენ"

როგორ ხდებიან თბილისელი ბავშვები სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლი - "ათასგვარ საზიზღრობას უპრობლემოდ აძლევენ"

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დააწესა, თბილისის რამდენიმე უბანში მათი შეძენა ექიმის დანიშნულების გარეშეცაა შესაძლებელი. კერძოდ კი დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში, სადაც აღნიშნულ წამლებს არასრულწლოვნებზეც კი გასცემენ.

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ აფთიაქების შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თითქმის ყოველდღიურად ხდება, თუმცა, მიუხედავად ამისა სამართალდარღვევები მაინც ხშირია.

საბურთალოს რაიონში მოქალაქეები ერთ-ერთი კორპუსის ქვემოთ გახსნილი აფთიაქის დაუყოვნებლივ დახურვას მოითხოვენ. მათი თქმით, აფთიაქთან ყოველ საღამოს ახალგაზრდების ჯგუფი მატულობს, ვინაიდან აქ ურეცეპტოდ ნებისმიერი ფსიქოტროპული პრეპარატის შეძენაა შესაძლებელი. ფაქტის დადასტურების მიზნით, ჩვენ აფთიაქში ერთ-ერთი ფსიქოტროპული მედიკამენტის შეძენა ვცადეთ და უპრობლემოდაც მივიღეთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე აბი ფსიქოტროპული წამლის ყიდვა ჩვენთან ერთად არასრულწლოვანმაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლო.

როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას ამ უბანში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, ფსიქოტროპულ აფთიაქთან დაბნელებისთანავე რიგი დგება. ასე კი მას შემდეგ ხდება, რაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა აიკრძალა.

მისივე თქმით, თავდაცვის მიზნით აფთიაქში ახალგაზრდები ხშირად ბავშვებს გზავნიან, რაც დაუშვებლად მიაჩნია. ქალბატონმა ჩვენთვის ვინაობის გამხელა სწორედ ამ ახალგაზრდების შიშით არ ისურვა.

"როგორც კი დაბინდდება, აფთიაქის შორიახლოს რიგებს შეამჩნევთ, ძირითადად ახალგაზრდები არიან. ზოგი კორპუსთან დგას, ზოგი მანქანიდან ზვერავს სიტუაციას - არავინ დაგვინახოსო. უკვე ყველამ იცის, რომ ამ აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ გასცემენ და ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, რომ ათასგვარ საზიზღრობას ბავშვებსაც უპრობლემოდ აძლევენ.

"ჩემი შვილი მოზარდია. ძალიან მეშინია, უბნის ბიჭებს არ აჰყვეს. ახლა რომ ჩემი სახელი და გვარი გითხრათ, მერე სულ იმის შიში უნდა მქონდეს, ამ ნარკომანებმა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რამე არ დამათრონ. ამიტომ ჯობია, თავი შევიკავო.

"აქ ნარკომანების ნამდვილი ბუდეა. ბავშვები თავს იღუპავენ და სხვასაც მაგალითს აძლევენ, აფთიაქი სასწრაფოდ უნდა დაიხუროს, ან დაჯარიმდეს მაინც", - გვითხრა რესპონდენტმა. რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა მრავალწლიან პრობლემას უკავშირდება, თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფის წამლების იმპორტი 70%-ით შემცირდა, მათი გაცემაც მინიმუმამდეა დაყვანილი.

რაც შეეხება ურეცეპტოდ გაცემული ფსიქოტროპული მედიკამენტების რაოდენობას, მაჭარაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა 2014 წელს 131 ასეთი შემთხვევა აღმოაჩინეს და მათ შორის საბურთალოზეც.

"ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე თვის ან კვირის პრობლემა, ეს 10-12 წლის პრობლემას უკავშირდება. რაც შეეხება რეგულაციებს, კანონმდებლობით ადმინისტრაციული ღონისძიებებია გათვალისწინებული და უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნეი 2 წლის მანძილზე ძალიან ბევრი სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით დარღვევები გაიზარდა, უწინ მეტი იყო, მაგრამ მისი გამოვლენა იშვიათად ხდეობდა.

"საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მოგეხსენებათ, რომ "კრაკადილის", "ვინტისა" და "ჯეფის" პრობლემა მოხსნილია, ვინაიდან მარტის თვიდან აფთიაქებში კოდეინის შემცველი პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები აღარ გვაქვს. სამართალდამცველი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მათი მოხმარება მინიმუმამდეა დაყვანილი.

"10 აფთიაქს სამჯერ გამოვლენილი სამართალდარღვევის საფუძველზე ნებართვა უკვე გავუუქმეთ. პირველ დარღვევაზე ადმინისტრაციული სასჯელით აფთიაქი 6000 ლარით ჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 12 000 ლარით, ხოლო მესამეზე ლიცენზიის გაუქმება ხდება.

"ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, აფთიაქების მონიტორინგი სისტემატურად ხდება, თუმცა, ამ პრობლემას ასე მარტივად ვერ გავუმკლავდებით. საგულისხმოა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ჩართულობა საკმაოდ მაღალია - მოქალაქეები დარღვევების შესახებ ინფორმაციას ხშირად გვაწვდიან, რასაც რეაგირების გარეშე არ ვტოვებთ", - განმარტავს "მთელ კვირასთან" საუბრისას მაჭარაშვილი.

სალომე სარიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია