საოცარი ნაკეთობები, რომელსაც შშმ პირები ჩვენს გვერდით ქმნიან

საოცარი ნაკეთობები, რომელსაც შშმ პირები ჩვენს გვერდით ქმნიან

შენობაში შესვლითანავე პატარა გოგონამ ხელი ჩამკიდა და მეორე სართულზე ამიძღვა.

მეორე სართულზე უამრავი მასავით თბილი და კომუნიკაბელური ადამიანი დამხვდა, რომლებიც გამორჩეული ყურადღებით ნაცნობებს ხვდებოდნენ. განსაკუთრებული სიყვარულით კი ჩემი თანამგზავრი, მარიკა დარჩია მოიკითხეს.

"იმდენად კარგად ახსოვთ ყველა, ვისაც ერთხელ გაიცნობენ, მერე დეტალურად ეკითხებიან ოჯახის წევრების მდგომარეობისა თუ მისი საქმიანობის შესახებ", - ღიმილით განმიმარტა მარიკა დარჩიამ.

ეს APNSC- ს ოფისში გამართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გამოფენა - გაყიდვაა. გამოფენაზე სოციალური თერაპიის სახლში "კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" მომუშავე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების შრომის შედეგებია წარმოდგენილი: საახალწლო სანთლები, ორიგინალური რვეულები, სუვენირები და სხვადასხვა დანიშნულების მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები.

ნივთების თვალიერებასა და აქ მყოფი ადამიანების გაცნობაში ისე ვერთვები, რომ შუმჩნეველი მრჩება გოგონას გაუჩინარება, რომელიც შემოსვლისთანავე შემომეგება და მეორე სართულზე ამომაცილა. მისი გაუჩინარების მიზეზს მოგვიანებით, დაწესებულების დამფუძნებელთან საუბრის დროს ვხვდები.

გამოფენის დათვალიერებისა და რამდენიმე ნივთის შეძენის შემდეგ, სახელოსნოების დათავლიერება დავიწყეთ. აქ, ბაღისა და სამზარეულოს ჩათვლით, სულ 8 სახელოსნოა: მეორადი გადამუშავების, სანთლების, სტამბა, ხელოვნების, სადურგლო და საქსოვი. რიგრიგობით ვათვალიერებთ სახელოსნოებს და ნივთების დამზადების პროცესსაც ვეცნობით - მეორადი გადამუშავების სახელოსნოში მათ მიერ დამზადებულ მუყაოს დეკორატიულ მზესუმზირებს გვჩუქნიან და თან დამზადების პროცესზე გვესაუბრებიან: როგორ ჭრიან ქაღალდებს, შემდეგ აწებებენ ტილოზე, აშრობენ და ა.შ. ეს დეკორატიული ყვევილები ერთ-ერთი შეკვეთის ფარგლებშია დამზადებული. სხვადასხვა ორგანიზაციები, სადღესასწაულო პერიოდში შეკვეთებს აძლევენ. ასეთი შეკვეთა წლის განმავლობაში სამი-ოთხია.

ერთ-ერთ სახელოსნოში ბენეფიციარ ელენე შანიძეს ვესაუბრები, რომელიც აღტაცებით მიყვება, როგორ უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. ჩემს შეკითხვაზე, განსაკუთრებით რომელი კერძის გაკეთება მოსწონს, მპასუხობს:

"რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ, ყველაფერი გემრიელად გამომდის". ელენე უკვე 20 წელია, ამ დაწესებულებაში დადის და მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისთვის ეს სახლი ყველაფერია, რადგან აქ თავს თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს, რაც მთავარია, აქ დასაქმებულია - "გემრიელ კერძებს" ამზადებს.

სახელოსნოებს შთაბეჭდილებებით საკმაოდ დატვირთულნი ვტოვებთ და ბაღში გავდივართ. ბაღში ნებისმიერი შემხვედრი თბილად გვესალმება. "როგორ ბრძანდებით ქალბატონო მარიკა" ეკითხებიან მარიკა დარჩიას და ღიმილით აცილებენ. მე და ჩემს ფოტოგრაფს კი გვეცნობიან, ხელს გვართმევენ, გვეხუტებიან. მალე ოთახში შევდივართ, რომელშიც ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, მარინა ბულია ამჟამად ლექციას ატარებს.

ლექცია "ბაზისური კურსი სოციალურ თერაპიაში" კურსის ფარგლებში ტარდება, რომელიც 2001 წლიდან არსებობს. კურსებზე მოხვედრა 21 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მიღება ყოველ წელს ცხადდება და კურსი 2 წლის განმავლობაში გრძელდება. როგორც მარინა ბულია ამბობს, არის შემთხვევები, როცა აქ სასწავლად მოსულები დაწესებულებაში რომელიმე სახელოსნოს ხელმძღვანელად რჩებიან.

მარინა ბულია დაწესებულების ისტორიას გვიამბობს: სოციალური თერაპიის სახლი "კავშირი ადმიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" 1990 წელს შეიქმნა. მაშინ სხვა ტერიტორიაზე არსებობდა და 5 თანამშრომლისაგან და 5 ბენეფიციარისგან შედგებოდა. შენობაში, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან, 1998 წელს გადმოვიდნენ. ამჟამად, დაახლოებით, 50 ბენეფიციარი და სახელოსნოს 8 ხელმძღვანელი ჰყავთ. ბენეფიციარები ყოველ დილით, 10 საათიდან დაწესებულების ტრანსპორტით მოდიან და 5 საათამდე სახელოსნოებში საქმიანობენ. სახელოსნოში საქმიანობა მრავალფეროვანი და დემოკრატიულია:

"ჩვენთან გუნდური შრომის პრინციპია, ჯგუფი ერთად ქმნის რაღაცას. რაც გამოფენაზეა წარმოდგენილი, ყველა ნივთი მთლიანი ჯგუფისგან არის გაკეთებული, თითო ადამიანი აკეთებს იმას, რაც შეუძლია. ერთობლივი ძალებით იქმნება ნივთი", - ამბობს მარინა ბულია.

თუმცა, მისივე თქმით, მათ სწორედ ეს გარემო უწყობს ხელს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. მათ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ, რაც კარგად ორგანიზებულ სამუშაო რეჟიმს, თბილ, მოწესრიგებულ გარემოს და დემოკრატიულ ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს.

"მათ გულთან ძალიან ახლოს მიაქვთ ბევრი ისეთი გარემოება, რაც ჩვენთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს", - ამბობს მარინა ბულია. მახსენდება, როგორ გავუშვი ხელი კართან შემოგებებულ გოგონას კიბეებზე ასვლის დროს და ვხვდები, რომ ჩემი დაუფიქრებელი ჟესტით, შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი.

მარინა ბულია ბენეფიციარების ლიტერატურასთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მოგვითხრობს და აღნიშნავს, რომ მოსმენა ძალიან უყვართ, მათი საყვარელი ნაწარმოები "ვეფხისტყაოსანია". "როდესაც უსმენს, ხედავ, რომ სახე ულაგდება, უმშვიდდება და აშკარად კარგად გრძნობს თავს ადამიანი", - ამბობს მარინა ბულია. თუმცა, მისივე თქმით, რთულია მათი დაინტერესება მდარე ხარისხის ლიტერატურით: " უკვე გემოვნება ჩამოუყალიბდათ, მდარე ხარისხის ლიტერატურას არ უსმენენ",- ამბობს ის.

დაწესებულებას ამჟამად ჯანდაცვის სამინისტრო ვაუჩერულ დახმარებას უწევს. თუმცა, მარინა ბულიას თქმით, სახელმწიფო ვაუჩერს დაახლოებით, 38 ბენეფიციარს აძლევს. დანარჩენი ბენეფიციარი კი ვაუჩერის გარეშე რჩება. ფონდი "ჩეხეთის დიაკონია" კი, რომელიც ამ ეტაპზე აფინანსებს დაწესებულებას, დაფინანსებას 2016 წლიდან შეწყვეტს.

"ყოველთვის ამ მდგომარეობაში ვართ, ერთი წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცით",- ამბობს მარინა ბულია. თუმცა, დაწესებულების გენერალური მენეჯერის, თორნიკე რაზმაძის თქმით, "კაშირი ადამიანებთან, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" ცდილობს აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს სახელმწიფო უწყებებთან.

სოციალური თერაპიის სახლს ისევ სახელოსნოების გავლით ვტოვებთ. ყველა თბილად გვემშვიდობება. ის გოგონა კი, რომელმაც მოსვლის დროს ხელი ჩამკიდა, შემთხვევით კიბეებზე ისევ მხვდება, მაგრამ აღარ მიღიმის. არც სახელს მეუბნება და ვხვდები, რომ ამ ადამიანებს ერთადერთი რამ განასხვავებს ჩვენგან: განსაკუთრებული სენსიტიურობა არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ წვრილმან მოვლენებთან და ნივთებთან დამოკიდებულებაშიც კი.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

სტატიის ავტორი - თამარ კორკოტაშვილი

ფოტოების ავტორი - თაკო გოგაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია