ისევ ცვივა თბილისის ციდან ნახმარი პრეზერვატივები, კვერცხის ნაჭუჭები, ნაფცქვენები...

ისევ ცვივა თბილისის ციდან ნახმარი პრეზერვატივები, კვერცხის ნაჭუჭები, ნაფცქვენები...

ისევ ხდება. ნაგავს ფანჯრიდან ისევ ყრიან. ისევ ცვივა ციდან ტუალეტის ნახმარი ქაღალდები, სიგარეტის ბიჩოკები, ნახმარი პრეზერვატივები, კვერცხის ნაჭუჭები, ბოსტნეულის ნაფცქვენები, ცარიელი ბოთლები, სახლის მოგვისგან მოგროვებული მტვერი… გუშინ, ჩემ აივანზე ახალშეჭრილი მოკლე შავი თმებიც აღმოვაჩინე, გამიხარდა ჯადო რომ არ იყო. ცვივა და ცვივა.

ცვივა და ბედნიერი ხარ ან უბედური. ბედნიერი, თუ გაექეცი და თავზე არ დაგეყარა და უბედური - თუ ამ ციდან რაკეტასავით ელვის სისწრაფით წამოსულ "ნივთებს" გვერდს ვერ აუვლი.

გუშინ, თბილისში, ჩემს აივანზე მდგარს საოცარი სანახაობა გადამხდა. ელვის სისწრაფით ჩამიქროლა რაღაცამ. თავიდან ვიფიქრე, მეტეორი იქნება მეთქი... შემდეგ ვიფიქრე, ღმერთმა ამ გაჭირვების ჟამს ორიოდ გროში ხომ არ გამომიგზავნა და საახალწლო საჩუქარს ხომ არ მიკეთებს მეთქი, მაგრამ არ გამიმართლა. პარკში მწვანე დოლარის ფერი არ ჩანდა. თან არა მგონია, სამოთხეში მაინცდამაინც გაუფასურებული ლარით გასცემდნენ სიკეთეს, პატივისცემაში არ ჩაეთვლებათ.

შემდეგ ვიფიქრე თვითმფრინავიდან რამე ჩამოვარდებოდა, მაგრამ არა, თვითმფრინავს არ გადაუფრენია. ხან უცხოპლანეტელიც კი მომაგონდა, ხან - რა და ხან - რა. მაგრამ, ინტერესით შეპყრობილი როგორც იქნა ჩავედი ეზოში და დავაკვირდი ამ საეჭვო პარკს, რომელიც ტეროტისტების მიერ დატოვებულ ტროტილით სავსე შეკვრას უფრო მოგაგონებდა. დავხედე და ყველანაირი იმედი გამიქრა. ჩავხედე და მკაფიოდ დავინახე ყველა ის ჩამოთვლილი ნივთი, რომლითაც სტატია დავიწყე.

ნაგვის ყრას ერთი პლიუსი აქვს – სისწრაფის გამომუშავება, ანუ, აგდებ ფანჯრიდან ნაგავს და ზუსტად ერთ წამში ფანჯარაში უნდა დაიმალო. ამ რეაქციის გამომუშავებას დრო და ვარჯიში სჭირდება. ღმერთო, შენ დააყარე ჯოჯოხეთის ნაგავი თავზე ყველა იმ ადამიანს, ვინც ამას აკეთებს.

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

გამოყენებულია Le Déjeuner sur l’herbe-ის შარჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია