40 წლის შემდეგ ნაპოვნი დედის აღსარება

40 წლის შემდეგ ნაპოვნი დედის აღსარება

2007 წლის თებერვალში საბერძნეთიდან მესიჯი მივიღე - 42 წლის ქალბატონი დახმარებას გვთხოვდა, ბიოლოგიური დედა მაპოვნინეთო. "მობილი-ზაციაში" შესაბამისი განცხადება განვათავსე, მაგრამ კარგა ხანს არავინ შემხმიანებია.

1 თვის შემდეგ მამაკაცმა დამირეკა და ნატოს ტელეფონის ნომერი მთხოვა - მისი დეიდაშვილი ვარ, დედამისიც აქვეა, გულწასულს ასულიერებენო. ნატოსა და დედამისის ურთიერთობა ტელეფონით დაიწყო (ნატო მხოლოდ 3 წლის შემდეგ ჩამოვიდა საბერძნეთიდან). ბუნებრივია, დედასთან უამრავი კითხვა ჰქონდა. უპირველესი კი - რატომ გააშვილა წლინახევრის ასაკში. ქალბატონი თინა სამაჩაბლოში ცხოვრობს. მან შვილს ვრცელი წერილი გაუგზავნა, სადაც დაწვრილებით ჰყვებოდა თავის ტკივილიან თავგადასავალს. ახლა ამ წერილს გთავაზობთ, შემდეგ ნომერში კი ნატო თავისი განცდების შესახებ თავად მოგიყვებათ (წერილი შემოკლებულია, სტილი - დაცული).

"ჩემო საყვარელო, ყველაფერს ჩავწერ ახლა სიმართლეს და დაე, ჩემმა შვილმა განაჩენი თვითონ გამომიტანოს უბედურ დედას....

1964 წლის დეკემბერი... რუსთავში ვიზრდებოდი, ძმასთან - იქ ვსწავლობდი. სოფელში, მშობლებთან ჩამოვედი და მეორე დღეს ერგნეთში, დასთან წასვლა გადავწყვიტე. ზნაურის ავტოსადგურზე ვიყავი. მაღალმა, შავგვრემანმა ბიჭმა ამიარ-ჩამიარა და გამიკვირდა, ეს სოფლელი ტეტია რას ჩამაცივდა-მეთქი?! მოვიდა ჩემთან და მკითხა, - ცხინვალში მიდიხარო? დიახ-მეთქი. გამეცნო, ბალთელი ვარ, ცხინვალში "შოფრად" ვმუშაობო. სანამ ცხინვალში მივიდოდით, ავტობუსი გაფუჭდა და ამასობაში დაღამდა კიდეც. ნოდარმა მითხრა, შენს დასთან ტაქსით მიგიყვანო. არ შემშინებია, ერთი რაიონიდან ვართ-მეთქი. სახლის ნაცვლად მამიდაშვილებთან მიმიყვანა. მანქანიდან არ გადმოვდიოდი, მაგრამ მტაცა ხელი და ციმციმ შემიყვანა გოგონებთან - 2 დანი იყვნენ. შეშინებული მივეკარი გოგონებს - ნუ დამღუპავთ, შეყვარებული მყავს-მეთქი. გოგონებმა გამიგეს და ნოდარს ჩხუბი დაუწყეს, - თუ არ უნდიხარ, ძალით ხომ არ შეირთავო?! არა, ჩემი ცოლი უნდა გახდესო!

3 დღე მათთან ვიყავი, ვერ დამიმორჩილა. მერე მითხრა, მანქანას მოვიყვან და თუ არ გინდივარ, ისევ შენს დასთან მიგიყვანო. გამიხარდა და გავყევი, მაგრამ ამჟამად მარტოხელა მამიდასთან ამომაყოფინა თავი. აქაც ერთი ამბავი ავტეხე, მაგრამ სახლში მაინც შემიყვანა. მის მამიდას "უპოლო" სახლი ჰქონდა. მეორე ოთახში შევვარდი და კარი ჩავკეტე. 5 დღე მშიერ-მწყურვალი ვიყავი. მეექვსე დღეს ფანჯრის მინა ამოიღო და ისე შემოვიდა. სადისტურად დამიმორჩილა. მთელი სახე და ტანი დაკაწრულ-დალილავებული მქონდა. თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ შევეგუე ყველაფერს. მეზობლის გოგოს ჩემი დედ-მამისა და სოფლის მისამართი მივეცი. დაურეკეს მამაჩემს და ის და ჩემი სიძე მოვიდნენ. სიძემ ასე დალურჯებული რომ დამინახა, გაგიჟდა. - თინა, ძალითო?! - კი-მეთქი, - მივუგე. მამას ჩემი წამოყვანა უნდოდა, მაგრამ სიძემ უთხრა, - სად წავიყვანოთ, გაბახებულია და სადღა გამოვყოთ თავიო. ასე შემოვრჩი ნოდარს. რუსთავში, თავის მამინაცვალის ძმასთან წამიყვანა და იქ დავბინავდით. ჩემს ძმასთან ხშირად მივდიოდით. ძმას ცოლი ჰყავდა, აბისისთავიდან. თავიდანვე ამომიჩემა რძალმა და სკოლაშიც რომ დავდიოდი, მაშინაც არ მახარებდა. მე და ნოდარს რომ გვხედავდა, ინფარქტი ემართებოდა.

ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემი ძმა გადაეკიდა, - რას მიზიხართ აქ, ხალხი რუსეთში დადის, ფული და მანქანები ჩამოჰყავთ, როდემდე უნდა გარჩინოთო? - შეწუხდა ნოდარი, საყვედურების ატანა აღარ შეეძლო.

ერთ დღეს გამომიცხადა, - თინა, შენს ძმას უნდა, რომ რუსეთში წავიდე და მივდივარ; ბინას, სამუშაოს ვიშოვი, ჩამოვალ და წაგიყვანო. ელდა მეცა.

წავიდა ნოდარი. უკანასკნელად მომეხვია, ჩამკოცნა და ტირილით გაიხურა კარი. ძმასთან ვიყავი ხოლმე, მაგრამ ვაი იმ ყოფნას. სულ მეჩხუბებოდნენ, - შენ უნდა გარჩინოთ თუ შენი შვილიო?! ყველაფერს ვიტანდი, მაგრამ ერთ დღესაც, ვეღარ მოვითმინე და შევკადრე რაღაცები. ძმამ არ დამინდო, ფეხმძიმე ქალი მცემა. მშობლებს გავაგებინე, ჩამოვიდნენ და წამომიყვანეს. დავრჩი სოფელში.

ნოდარისგან არაფერი ისმოდა. როგორც იქნა, წერილი მივიღე, ტაშკენტში ვარ და ჩამოდიო. დედა ლამის გაგიჟდა, რუსული არ იცი, სად უნდა წახვიდე, დღე-დღეზე ხარ მოსალოგინებელიო.

1966 წლის 31 დეკემბერს, დილის 3 საათზე, ხუთდღიანი ტკივილების შემდეგ მუცლიდან ბავშვი ამომიყვანეს.

ნარკოზიდან რომ გამოვედი, პატარა მომიყვანეს და მითხრეს, - თინიკო, ნახე, რა კარგი გოგო გყავს, 5 კილო და 500 გრამიაო. მე ვუპასუხე, - მომაშორეთ თავიდან, ნახვაც არ მინდა, ეგეც ჩემნაირი უბედური იქნება-მეთქი. ახლოს არ მიგიკარე. დედა მეჩხუბებოდა, ძუძუ მოაწოვე, მოკვდებაო. მოკვდეს-მეთქი. დამიყვავეს, ბავშვი მომიგდეს და სუყველამ დამტოვა. ატირდი... რაღა უნდა მექნა? მოგაწოვე ძუძუ და მერე ჩემში დედობრივმა გრძნობამაც გაიღვიძა...

იზრდებოდი ჩემი პატარა, შავტუხა გოგო... ჩემი საბრალო დედა ავად იყო... ცალკე დედას ვუვლიდი, ცალკე - ჩემს მამით ობოლ ბავშვს, ცალკე - პატარა ძმას. 2 თვის იყავი, როცა ძმამ რაღაცაზე გამაბრაზა და ჩექმა ვესროლე. ბიჭი წაიქცა და მამამ საყვედური მითხრა, - რა იყო, შვილო, რამ გაგაბოროტა, შენც გინახავ, შენს შვილსაც და გაზრდილ ბიჭს მიკლავო? მეწყინა. თურმე, სამადლო პურს ვჭამდი. გაგახვიე და ერგნეთში წავედი. ჩემს დას ფული ვთხოვე. 300 მანეთი მომცა. ნოდარს დეპეშა გავუგზავნე, მოვდივარ-მეთქი. გადავფრინდი ტაშკენტში. არავინ დამხვდა. ბინაზე მივედი ტაქსით. იქ მითხრეს, აქ იყო და დეპეშა მიიღო თუ არა, გადავიდაო.

სამხედრო კომისარიატში მივედი და იქ მომცეს მისამართი, - ჩიმკენტში არისო. იქაც ჩავედი. ვეძებე და ვიპოვე, მაგრამ ნოდარი დაიმალა. სხვა ქალი ჰყავდა. ფეხმძიმედ იყო ისიც.  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია