შვეიცარიის ყოფილი მინისტრის ქართველი ცოლი მძიმე ცხოვრებაზე - "თვითმკვლელობამდე ვიყავი მისული"

შვეიცარიის ყოფილი მინისტრის ქართველი ცოლი მძიმე ცხოვრებაზე - "თვითმკვლელობამდე ვიყავი მისული"

ლიკა ზენდერს ქართულ შოუ-ბიზნესში კარგად იცნობენ. ის საზოგადოებამ სკანდალური კლიპით "სექსი გინდა" გაიცნო. ამ სიმღერის და კლიპის ჩაწერის შემდეგ სიმღერას თავი დაანება და ბიზნესში წავიდა, თუმცა თაღლითობის მსხვერპლი გახდა და ამჯერად ხატვით არის დაკავებული.

- ვინ არის ლიკა ზენდერი?

- პირველ რიგში ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ცხინვალში დავიბადე, 3 დღის ასაკში წამომიყვანეს თბილისში და მას შემდეგ აქ ვიზრდები. პროფესია არ ამირჩევია, ჯერ სიმღერა მინდოდა, მაგრამ რომ მივხვდი იქ ჩემი არაფერი იყო, აღარ ვმღერი. სიბერეში ღმერთმა მომცა ძალიან დიდი ნიჭი, დავიწყე ხატვა. ერთ დილით გავიღვიძე, დაქალს ვუთხარი, ტილოების და საღებავების საყიდლად გამომყევი-თქო და მას შემდეგ ვხატავ.

- დეპრესია გქონდათ, თუ რამ დააწყებინათ ხატვა?

- ალბათ ეგრეა. არის პერიოდები, როცა დიდი პრობლემების წინაშე დგები. მთელი ჩემი შინაგანი სამყარო ტილოზე გადავიტანე. ტურისტული კომპანია მქონდა, მომატყუა თანამშრომელმა და ვალები დამედო. მას ჰქონდა ჩაბარებული ჩემი საქმე, ანგარიშები, საკრედიტო ბარათი და კლიენტების და ჩემი ფული მიითვისა. მას შემდეგ ადამიანების მიმართ ნდობა დაკარგული მაქვს. დღემდე მომყვება ეს კრიზისი, სულ ვევედრები ღმერთს, მუზა მომცეს, რომ ჩემს თავს რამე არ დავუშავო. გამოძიებას გადავეცი საქმე, მაგრამ გამოძიება სამწუხაროდ არაფერს აკეთებს. თვითმკვლელობამდე ვიყავი მისული, ღმერთმა არ გამწირა და მომცა ხატვის ნიჭი.

- ადრე მღეროდით, რატომ დაანებეთ სიმღერას თავი?

- აზრი არ აქვს. ფული ფულად მიდის და არაფერი ხდება. ძალიან ბევრი ფული მაქვს გადახდილი გადაღებებში, ჩაწერებში. ქმარი გავაკოტრე. ბოლოს ჩავწერე სიმღრა "სექსი გინდა". დიდი პრობლემები შეექმნა ჩემს შვილს ამ კლიპის გამოსვლის შემდეგ სკოლაში, სკოლიდან სკოლაში გადამყავდა, ამიტომ მივხვდი, უნდა გავჩერებულიყავი. შემეძლო სხვა ჟანრში მემღერა, მაგრამ გიჟი, თამამი ქალი ვიყავი... ჩემს შვილს ისეთი პრობლემები შეექმნა, რომ დავკომპლექსდი. ბავშვები უმღეროდნენ დედაშენი მღერის "სექსი გინდაო".

- თავიდან არ დაფიქრდი, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა?

- საერთოდ არ მიფიქრია. ჩვენ შოუზე ვფიქრობდით და არა ხალხზე. არ ვნანობ, სიმღერას რომ მოვშორდი. ყველაზე მაგარი საჩუქარი მომცა ღმერთმა.

- ზენდერი მეუღლის გვარია?

- მამა ბერძენია, დედა იმერელი. ზენდერი ქმრის გვარია. უცხოური სისხლი რომ მაქვს, ამას ვუკავშირებ იმ ფაქტს, სკანდალური და თამამი ადამიანი რომ ვარ. "სექსი გინდა" [ვიდეო], ალბათ, ამის გამო ჩავწერე.

- სად გაიცანი კრისტიან ზენდერი?

- ჩემი მეუღლე იყო შვეიცარიის კულტურის მინისტრი, შემდეგ დიპლომატი. გადაღებაზე გავიცანი თბილისში. მაშინ 22 წლის ვიყავი, შევარდნაძის დრო იყო, ელდარ შენგელაიას ჰყავდა. ცოლობა რომ მთხოვა, გამეცინა, მაგრამ ბოლოს მაინც მისი ცოლი გავხდი. ურთულესი ცხოვრება გავიარეთ. დაგვაყაჩაღეს, ინსულტი მიიღო. შევარდნაძის დროს რაც ხდებოდა, კარგად მოგეხსენებათ. კრისტიანმა მთხოვა, კატისთვის ქვიშა მეყიდა სანაპიროზე, როგორც კი გავედი სახლიდან, დაუკაკუნეს, უთხრეს გაზიდან ვართო. გააღო კარი, თავზე ჩამოაფარეს და კონდახი ჩაარტყეს თავში. უმძიმესი ტრავმა მიიღო, სამი დღე კომაში იყო. საელჩომ გადააფრინა მესამე დღეს შვეიცარიაში. არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. ყველაფერი მან მასწავლა. კრისტიანმა გამზარდა, ის ჩემზე 36 წლით დიდია და ასე შემოვრჩით ერთმანეთს. მისი გადარჩენა წმინდა ნიკოლოზის კიდევ ერთი სასწაულია. როცა შვეიცარიაში წავედით, წმინდა ნიკოლოზის ხატი წავაბრძანე, ამ ხატზე ვლოცულობდი და სწორედ ამან გადაარჩინა.

- როცა უთხარით, რომ უნდა გემღერათ სიმღერა "სექსი გინდა", რა რეაქცია ჰქონდა?

- კვდებოდა სიცილით, მითხრა, ეს შენი არჩევანი და შენი ცხოვრებააო. ერთადერთი, უნდოდა მქონოდა შედეგი, კონცერტების სახით. მაგრამ არ გამიმართლდა იმედები. მეგონა ყველა ჩემნაირად გაიგებდა "სექსი გინდას", მაგრამ დაიწყეს, აუ ეს რა არის, ან ეს ზანგი ვინ არის, პატრონი არ ყავდა და ა.შ. არასწორად მიიღო ხალხმა "სექსი გინდა", სანამ ჩემს შვილს არ შეეხნენ, მანამდე არც მიმიქცევია ყურადღება ამისთვის. 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაცები არ უნდა უკვირდეთ, მაშინ სექსიც აღარ უნდა ჰქონდეს ადამიანს... რატომ მოსწონთ რიჰანა, იმიტომ რომ მილიონერია და არ მოსწონთ შორენა ბეგაშვილი? რითია რიჰანაზე ნაკლები. ქართველი ჩვენ თუ არ დავაფასეთ, არც მადონა დაგვაფასებს და არავინ. ხელოვნებას ესენი უყურებენ ასე: ბოზია! რატომ არის ბოზი? დავუშვათ, ავიღოთ სტრიპტიზიორი, ის ბავშვობიდან მუშაობს, ყველა დეტალს ლამაზად ასრულებს, ამათთვის კი ბოზია?! რომ მქონდეს ის სახსრები, რაც მაშინ მქონდა, შესაძლოა, კიდევ გავაკეთო ერთი სკანდალური კლიპი.

იხილეთ ვიდეო| ლიკა ზენდერი - "სექსი გინდა"

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია