ავტორი:

რა არის ალილო და როგორ აღნიშნავდნენ მას ქართველები

რა არის ალილო და როგორ აღნიშნავდნენ მას ქართველები

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო" სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ კი, არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა, სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

„საშობაო მსახურება დაიწყება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც ჩვენში კომუნისტების დროს დაირღვა, მაგრამ 1990-იან წლებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ის აღადგინა.

დღესდღეობით ალილოს სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ზეიმობენ, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ალილოს მსვლელობას უერთდება.

ზოგადად კი "ალილო" ქართული საწესო სიმღერაა, რომელიც შობის წინა ღამეს სრულდება: რამდენიმე კაცი შეიკრიბებოდა, ყოველ ოჯახს ჩამოუვლიდა და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში ("ოცდახუთსა დეკემბერსა", "ჩიტი ღობეზე შემოჯდა", "წისქვილს პური დავარიგე") გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილები.

ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საფუძვლად უდევს წარმართული ჰანგი და "ალილო", როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან)...

მოკლედ, ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები მთელ ერს ამცნობდნენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი მამაკაცები ალილოს გალობით, თითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს მთელი ქვეყნის გასაგონად, მაღალ ხმაზე უგალობდნენ. ჰოდა, საუკუნეების მანძილზე ქართველი ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით და რაც მოეპოვებოდა, აჯილდოებდა მეალილოებს. ვაი მას, ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად მიიჩნეოდა). ყოველ სტუმარში, ყოველ მეალილოეში ქართველი ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.

მაგალითად, თუშეთში შობას დიასახლისი ტაბლას გააწყობდა, რომელსაც ნათლისღებამდე ხელუხლებლად ინახავდნენ. მას "ქრისტეს სუფრას" ეძახდნენ. ტაბლაზე უნდა ყოფილიყო დიდი ქადები - თუშები ამბობდნენ, ეს "ქრისტეს საგძალიაო".

მოკლედ, იესოს შობის მაცნეებს უხვად აჯილდოებდნენ და ამ დღეს მოწყალებაც უხვად გაიცემოდა. შეკრებილი ფულის უმეტესი ნაწილი ღარიბ-ღატაკებს ხმარდებოდა, დანარჩენით კი დიდ ტრაპეზს შლიდნენ და ერთად ზეიმობდნენ ქრისტეშობის სიხარულს.

ალილოს მსგავსი ტრადიცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არსებობს, მაგალითად, ინგლისურენოვან სამყაროში, ეს ტრადიცია tricks and treats-ის ზეიმთან ასოცირდება, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია "ჰალოუინთან" და 31 ოქტომბერს ეწყობა. ის შინაარსითა და ფორმით ქართულ ალილოს უახლოვდება, რადგან ამ დროს სამასკარადო კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კალათებით ხელში დადიან კარდაკარ, მღერიან და მასპინძელს ტკბილეულს სთხოვენ...

ცხინვალში შობის წირვა რუსმა მღვდელმსახურმა აღავლინა - საქართველოს ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს საკითხის შესწავლას სთხოვს

"უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს" - რას ამბობს ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე

"გომბორა განიცდის ფეიერვერკებს, ვაწყნარებ და ერთად ველოდებით 12 საათს" - როგორ ულოცავს პრეზიდენტი საზოგადოებას ძველით ახალ წელს?