თბილისში ტურისტულ კომპანიას 94 ადამიანი თაღლითობაში ადანაშაულებს - დაზარალებული მოქალაქეებს აფრთხილებს

თბილისში ტურისტულ კომპანიას 94 ადამიანი თაღლითობაში ადანაშაულებს - დაზარალებული მოქალაქეებს აფრთხილებს

ბოლო განახლება| "რაც მანდ წერია, ყველაფერი არის სისულელე" - რას პასუხობს ტურისტული კომპანია მოქალაქეს, რომელიც მათ თაღლითობაში ადანაშაულებს

თაღლითობის ფაქტი, რომელზეც ია ბუკია საუბრობს, შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეემთხვას. მას სურვილი ჰქონდა ახალი წლის დღეები საზღვარგარეთ გაეტარებინა. ფასდაკლების საიტზე ნახა ტური ეგვიპტეში (28 დეკემბრიდან 4 იანვრამდე), შარმ ელ შეიხში, რომელიც კაცზე 638$ უჯდებოდა და მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა წასვლა.

როგორც ია ბუკია ამბობს, ნორმალური პირობები იყო შეთავაზებული, რაც გულისხმობდა ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, ავიაბილეთებს; 28, 30, 31 დეკემბერსა და 2 იანვარს კლუბის ბილეთებს და ბოლოს უკან დაბრუნებას, მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც პირობებში იყო მოცემული. 28 დეკემბერს ია და მისი მეუღლე, სხვა 94 ადამიანთან ერთად ვერ გაფრინდნენ ეგვიპტეში და მათი გამგზავრება მხოლოდ შემდეგ დღეს, მაშინ მოხერხდა, როდესაც საქმეში პატრულის თანამშრომლები ჩაერივნენ. როგორც ჩვენი რესპოდენტი ყვება, არსებობდა იმის დიდი ალბათობა, რომ საერთოდ დაეკარგათ ფული.

რამდენად რეალურია ის, რასაც სხვადასხვა ფასდაკლების საიტებზე ტურ-ოპერატორები გვთავაზობენ? მართლაც ისეთ მომსახურებას იღებს კლიენტი, რომელშიც ფულს იხდის, თუ არის შემთხვევები, როდესაც მას უბრალოდ, ატყუებენ? Ambebi.ge-ს ია ბუკია ესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ტურისტულმა კომპანია "Resthorizon"-მა დააზარალა.

- swoop-ზე გამოჩნდა შემოთავაზება, რომელშიც ნორმალურ ფასად, (საახალწლო პერიოდის გათვალისწინებით), კარგ პირობებს გვთავაზობდნენ. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით. დავრეკე კომპანიაში, გავარკვიე რაღაცები, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, ვიყიდე ვაუჩერი და წავედი ოფისში, რომ გადამეხადა თანხა. რომ მივედი, არავინ დამხვდა. ვრეკავდი მითითებულ ტელეფონზე და არავინ არ იღებდა. როცა მოვახერხე დაკავშირება, მითხრეს, რომ დღეს ყველანი თათბირზე ვართ გასულები და თუ შეიძლება, ხვალ მობრძანდით და დაგხვდებითო. მართლაც, მეორე დღეს რომ მივედი, დამხვდა ვინმე რეზო, ჩვეულებრივად გამაცნო პირობები, გადავიხადე თანხა, ამომირტყა ჩეკი, დოკუმენტები მომცა და მითხრა, რომ ვაუჩერს და ბილეთებს მეილზე გამოგიგზავნითო და რაც შეეხება ღამის კლუბის ბილეთებსო (რომელიც ასევე საგზურის საფასურში შედიოდა), ჩვენი წარმომადგენელი დაგხვდებათ აეროპორტში და ის გადმოგცემთო.

- როდესაც მიხვედი ოფისში, მარტო ეს პიროვნება დაგხვდა თუ თანამშრომლებიც იყვნენ იქ?

- სრულიად მარტო იყო. იქ კიდევ ორი მაგიდა იდგა, ცარიელი იყო, მაგრამ, ვიფიქრე, ალბათ ლეპტოპები უდგათ-მეთქი. როგორც მერე გავიგეთ, მისი ძმა და მეგობარიც მუშაობენ იქ. ორი დღე ველოდებოდი ვაუჩერის გამოგზავნას, მერე ვურეკავდით და ძლივს გამომიგზავნეს. ვაუჩერი გამოგვიგზავნეს და ეჭვი არაფერში შეგვპარვია. ჩავალაგეთ ბარგი და წავედით აეროპორტში. აღმოჩნდა, რომ ხალხი დგას და არ არის გადახდილი ამ რეისის ღირებულება.

- სულ რამდენი ადამიანი იყავით?

- 94 ადამიანი ვიდექით იქ. აქედან 50 კაცი, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იყვნენ ჩამოსულები. არ იყო ამ რეისის ღირებულება გადახდილი და ვერ მივდიოდით ვერსად. დიდხანს ვიწვალეთ, სანამ რეზოს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ პრობლემა არ იქნებაო, მაგრამ ბოლოს მეორე დღისთვის გადადო, მე ფული კი გადმოვრიცხე, მაგრამ კვირა არის და ჯერ ანგარიშზე არ დაჯდა, ამიტომ ტური ჩაიშალა, ყველა მოდით ოფისში და ფულს დაგიბრუნებთო. ერთი ქალბატონი იყო, ნინო, რომელმაც სწრაფად შეაფასა სიტუაცია, თქვა, რომ ეს ნამდვილად თაღლითიაო და წავიდა რეზოსთან, შემდეგ ჩვენ დაგვირეკა და გვითხრა, რომ ოფისის კარებთან იდგა და რეზოს არ უშვებდა, ჩვენც უნდა მივსულიყავით.

იქ რომ მივედით და რეზომ როცა დაინახა ამდენი ხალხი, თქვა, რომ ეგვიპტიდან უნდა გამოეგზავნათ ფულიო, მაგრამ დასვენების გამო არ დაჯდაო. "აირზენაში" ნაწილი თანხა უკვე ჰქონდა გადახდილი, 24 000 ლარი, რომელსაც "აირზენა" უკან არ უბრუნებდა. აღმოჩნდა, ჩვენ რომ უარი გვეთქვა ტურზე, ფულს კი ვერ გვიბრუნებდა. ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია, ატყდა ერთი ამბავი, სასაზღვრო პოლიციას გადასცეს ამის მონაცემები, რომ ქვეყნიდან არ გაპარულიყო და დაწერა ხელწერილი, რომ მეორე დღეს ყველანი გავფრინდებოდით ეგვიპტეში. ამ ერთი ღამის ღირებულებას, რომელიც გადახდილი გვქონდა, გვითხრა, რომ ან უკან დაგვიბრუნებდა, ან იქ რამე ტურში დაგვიქვითავდა. ყველანი დავმშვიდდით მაშინ, მაგრამ მეორე დილასაც როდესაც ვურეკავდით, ან გვატყუებდა, ან არ გვპასუხობდა საერთოდ. აეროპორტში კი ისევ ის სიტუაცია დაგვხვდა, რაც პირველ ჯერზე. ბოლოს და ბოლოს, ხუთის ნახევარზე გადაიხადა რეზომ ფული; თავად რეზოც მოდიოდა ეგვიპტეში, თურმე იქ ცხოვრობს და მუშაობს. იქ როცა ჩავედით, რა თქმა უნდა, არავინ გადმოგვცა დაპირებული კლუბის ბილეთები და როცა რეზოს ვკითხე, სასტუმროში მოგიტანენო, მითხრა, მაგრამ რა თქმა უნდა, არავის არაფერი მოუტანია. რამდენ ხანსაც იქ ვიყავით, ბილეთები ან სულ არ მოჰქონდათ, ან ცალობით მოჰქონდათ, წაყვანაზე ხომ ლაპარაკი არ იყო, ჩვენით მივდიოდით და წამებით ვასწრებდით. ერთხელ იყო შემთხვევა, როცა იმ დროს მოგვიტანეს ბილეთი, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა.

ახალ წელს გალა ვახშამი მოაწყო სასტუმრომ. გვითხრეს, რომ ეს მომსახურებაში შედიოდა. მერე დავურეკეთ რეზოს, რომელმაც ეგრე არ არისო, 60$ უნდა დაამატოთ კაცზეო. ამაზე ქართველები გადაირივნენ, არაფერს არ დავამატებთ, აქ, სასტუმროში იძახიან, რომ ფასში შედის და რატომ უნდა დავამატოთო. მეორე დღეს დილას მოდის წერილი, ქართულ ენაზე, სადაც ეწერა, რომ სანამ ამ სამოც დოლარს არ გადავიხდიდით, უკან ვერ წამოვიდოდით. კიდევ ერთი ამბები მოხდა და ბოლოს, რეზომ გავქვითოთ იმ ერთი ღამისთვის ეს ყველაფერი, რომელიც აქ უნდა გაგეტარებინათ და ფრენის გამო გადაგვედოვო. საბოლოოდ ამაზე შევჯერდით. შაბათი საღამო იყო, ჩვენ კვირას ხუთის ნახევარზე უნდა გამოვფრენილიყავით უკან. გავედით რაღაცების საყიდლად, ღამე კლუბის ბილეთი გვქონდა და კლუბში რომ წავედით, სხვა ქართველებმა ნახეს, რომ სომხები ბარგს ალაგებდნენ და ბრუნდებოდნენ.

- საიდან გაიგო ამ ხალხმა?

- არ ვიცი, რეზომ უთხრა თუ როგორ გაიგეს. ერთ-ერთ ქართველს ბიძაშვილმა დაურეკა, რომელიც "ეარ ქაიროში" მუშაობს და უთხრა, რომ თქვენი სახელები და გვარები ვნახე სიაში, დღეს თქვენ უნდა გამოფრინდეთ, ამ რეისის ღირებულება ჯერ არ არის გადახდილი და ვალი აქვს 17 000$. 19-მდე (მოვლენები 28-დან 4-მდე მიმდინარეობს), პირდაპირი რეისი არ არის და თურქეთის გავლით, ან საიდანღაც მოგიწევთ, ეგეც თქვენი ხარჯებითო. არავის არ ვყავდით გაფრთხილებული, თურმე ნახევარ საათში მივფრინავდით. როგორღაც მივასწარით, ვიღაცებს რიგის გაცვლა ვთხოვეთ და ა.შ. თუმცა, მართალია ჩვენი ბილეთები აღმოჩნდა, მაგრამ იქ იყო ხალხი, ვინც სიაში არ იყო, ანუ ბილეთები არ ჰქონდათ. სასტუმროში თურმე შაბათის ღირებულება გადახდილი არ ყოფილა. გამოდის, რომ რეზომ პირობაშიც მოიტყუა. მეზობელი ქვეყნებიდან ვინც ჩამოვიდნენ, იმათ სამჯერ ძვირი ჰქონდათ გადახდილი. ვფიქრობთ, რომ დავწეროთ საჩივარი და მივმართოთ სასამართლოს. ჩვენ ასე დაგვემართა, მაგრამ არ მინდა, რომ სხვასაც ასე დაემართოს.

იხილეთ, რას პასუხობს ტურისტული კომპანია მოქალაქის ბრალდებებს

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია