ვინ არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც "მსოფლიოს საუკეთესო უცხოელი სტუდენტის" სტატუსისთვის იბრძვის

ვინ არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც "მსოფლიოს საუკეთესო უცხოელი სტუდენტის" სტატუსისთვის იბრძვის

ქართველი სტუდენტი თინათინ ახვლედიანი პირველი ქართველია, რომელიც "მსოფლიოს საუკეთესო უცხოელი სტუდენტის" კონკურსში მოხვდა. წარმატებული 40 000 სტუდენტიდან 22 საუკეთესო შეირჩა, რომელთა შორისაც თინათინიც მოხვდა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ახლა ის ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტია და პროგრამა "ერასმუს–მუნდუსის" სტიპენდიანტი.

თინათინ ახვლედიანი მონაწილეობას იღებს კონკურსში, რომელიც პოლონეთში ყოველწლიურად ტარდება და ირჩევს პოლონეთში საუკეთესო საერთაშორისო სტუდენტს. კონკურსი სრულიად პოლონეთის უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა კონფერენციის პრეზიდენტის, პროფესორ ვისლავ ბანიშის პატრონაჟით მიმდინარეობს, რომელიც ასევე კანდიდატების შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეა.

Ambebi.ge თინათინ ახვლედიანს ვარშავაში დაუკავშირდა და კონკურსის შესახებ ჰკითხა.

- თინათინ, როგორ მოხვდი ამ კონკურსში?

- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთის ყველა უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია კანდიდატის დასახელება სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით: სტუდენტი უნდა იყოს გამორჩეული აკადემიური მოსწრებით; სტუდენტი უნდა იყოს გამორჩეულად აქტიური ახალგაზრდულ, საზოგადოებრივ და სოციალურ აქტივობებში; და სტუდენტი უნდა იყოს ცნობადი სახე უნივერსიტეტში. ჩემი შერჩევა მოხდა პირველ რიგში აკადემური მოსწრების საფუძველზე, ჩემი საშუალო ქულა არის საკმაოდ მაღალი - ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტთა მხოლოდ 3%-ს გააჩნია ანალოგიური შეფასება. რაც შეეხება აქტივობებს, ვარ ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ასევე რამდენიმე ახალგაზრდული ეკონომიკური ორგანიზაციის წევრი პოლონეთში და წელს ზაფხულში ჩემი ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, სწორედ ვარშავის უნივერსიტეტი წარმოვადგინე სლოვაკეთში, საზაფხულო სკოლაში, სადაც 13 ევროპული უნივერსიტეტი იკრიბება ყოველწლიურად.

წლევანდელი კონკურსი 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. მე დავსახელდი განსახილველ კანდიდატურად ვარშავის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის მიერ. ჩემი რეზიუმეს და აკადემიური მოსწრების განხილვის შემდეგ ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ჩემი კანდიდატურა დაადასტურა და ვარშავის უნივერისტეტის რექტორატს გადასცა განსახილველად. უკვე რექტორატის გადაწყვეტილებით, ჩემი კანდიდატურა გაიგზავნა უშუალოდ პროექტში. კომისიამ, რომელიც განიხილავს ყველა წარდგენილ კანდიდატურას, საბოლოოდ შემარჩია 22 ფინალისტ სტუდენტს შორის. აღსანიშნავია, რომ კონკურსზე აქამდე ქართველი სტუდენტი არ ყოფილა ნომინირებული, შესაბამისად, საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი კონკურსზე. ამასთან, ვარშავის უნივერსიტეტის ერთადერთი წარმომადგენელი ვარ ნომინაციაში - "საუკეთესო საერთაშორისო მაგისტრანტი პოლონეთში".

- რის მიხედვით მოხდება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა?

- საუკეთესო მაგისტრანტის ნომინაციაში ვეჯიბრები ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიის, იაპონიის, გერმანიის, ესპანეთის, კანადის, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, ლიტვის, ინდოეთის და უკრაინის წარმომადგენლებს. ხმის მიცემით კი გამოვლინდება ასევე ერთი საუკეთესო ნომინანტი, დაგროვილი ხმების რაოდენობის საფუძველზე. ამჟამად ლიდერობს ჰაიტის წარმომადგენელი.

იქიდან გამომდინარე, რომ ვარშავის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი წელს პირველად მონაწილეობს კონკურსში და ამასთან, მთლიანად უნივერსიტეტის ერთადერთი წარმომადგენელი გავხდი კეტეგორიაში "საუკეთესო სტუდენტი", ჩემი ფაკულტეტი განსაკუთრებით აქტიურ პიარ კამპანიას ახორციელებს. ფაკულტეტის დეკანმა მიმართა სტუდენტებს ჩემი მხარდაჭერის თხოვნით, ასევე ადმინისტრაციისგან ინფორმაცია განთავსებულია ვარშავის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. ამასთან, ვარშავის უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს დაეგზავნა იმეილი ინფორმაციით ჩემი ნომინაციაზე წარდგენის და ხმის მიცემის პროცედურის შესახებ და სტუდენტური თვითმმართველობა ძალიან აქტიურად ახორციელებს ფეისბუქ-პიარ კამპანიას.

კონკურსის შედეგები 22 იანვარს, ლუბლინში გამართულ გალა-ზე გამოცხადდება, ხმის მიცემა კი გაგრძელდება 15 იანვრის ჩათვლით, საქართველოს დროით 16 იანვრის ღამის სამ საათამდე. ხმის მისაცემად საჭიროა გადავიდეთ ლინკზე http://www.studyinpoland.pl/interstudent/voting/main.php და თინათინ ახვლედიანის ფოტოსთან დავაქლიქოთ + (პლიუს ნიშანს) .

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია