"დიახ, პითონთან ერთად ვიცეკვე" - ანგელა მერკელის ფავორიტი, ქართველი რისკიანი და უშიშარი ბალერინა

"დიახ, პითონთან ერთად ვიცეკვე" - ანგელა მერკელის ფავორიტი, ქართველი რისკიანი და უშიშარი ბალერინა

მან ბალერინას კარიერა გერმანიაში დაიწყო, თუმცა ისე მოხდა, რომ იძულებით (ტრავმის გამო) უარი თქვა საყვარელ პროფესიაზე... თუმცა ანგელა მერკელის ფავორიტი ბალერინა იყო. მოკლედ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს ის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინაა, რითაც ბედნიერია.

თათა ჯაში:

- თეატრში დაბრუნება თავად შემომთავაზეს... ხერხემლის პრობლემაც გადავლახე, აღარ მაწუხებს და გადავწყვიტე, ჩემს საქმიანობას დავბრუნებოდი. უწინდელი ფორმა თითქმის უკვე აღვიდგინე. ის სამსახური, სადაც პაუზის პერიოდში ვმუშაობდი, მივატოვე და ჩემი დრო კვლავ მთლიანად ბალეტს მივუძღვენი.

- სპექტაკლებში აქტიურად ხარ დაკავებული?

- დიახ, დასის კორიფე ვარ და პრემიერა "დონ კიხოტში" მქონდა. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთულია იმავე გზის ახლიდან გავლა, რომელიც ერთხელ უკვე წარმატებით გადავლახე, თუმცა ვფიქრობ, სირთულეების დაძლევა აუცილებელიცაა. როგორც ამბობენ, ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა. სწორედ ამ ფრაზას ვიხსენებ, როცა პატარ-პატარა სირთულეები იჩენს ხოლმე თავს.

- როგორ გახსენდება გერმანიაში გატარებული წლები და კარიერის დასაწყისი?

- ძალიან კარგად. რა თქმა უნდა, როდესაც ახალი ჩასული ვიყავი, იყო რთული დღეებიც, ჩემს ოჯახს მოწყვეტილი გახლდით და იქ ყოფნა ძალიან მიჭირდა. თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ კარიერისთვის ეს დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და სწორედ ეს მაძლევდა ძალას, მეშრომა ძალიან ბევრი, რამაც შესაბამისად წარმატებაც მომიტანა. ვფიქრობ, გერმანიაში ცხოვრების პერიოდი იყო ჩემთვის როგორც კარიერული, ასევე ცხოვრებისეული გამოცდილება, რამაც გავლენა იქონია ჩემს, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

ტრავმის შემდეგ თავიდან მიწევს კარიერული გზის გავლა, რაც ცოტა დამთრგუნველია, თუმცა ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რაშიც ჩემი ოჯახის და ახლობლების თანადგომაც მეხმარება. თან, ამდენი წლის მერე კვლავ მაყურებლის წინაშე წარდგომა ძალიან სასიამოვნოა.

იხილეთ თათა ჯაშის ფოტოები გალერეაში

- პაუზის პერიოდში მახსოვს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყავი ჩართული, ანუ მონაწილეობდი ამა თუ იმ ღონისძიებაში, ზოგჯერ მიგყავდა კიდეც...

- ზოგადად აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მიჭირდა იმ პერიოდის დაძლევა, როცა ტრავმის გამო საერთოდ ვეღარ ვცეკვავდი და ფაქტობრივად, ჩემს პროფესიას დავემშვიდობე, - გადავწყვიტე, თავი ხელში ამეყვანა, გავიარე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის კურსები. დავბრუნდი საქართველოში და ასევე გავიარე ფსიქოლოგიისა და მეტყველების კურსებიც, მუშაობა დავიწყე. ადვილად მოვერგე ახალ სფეროს, თუმცა სული ცეკვას მთხოვდა. სხვათა შორის, სხვადასხვა საინტერესო საღამო დღემდე მიმყავს, - ბალეტი და წამყვანობა ამ ეტაპზე ერთმანეთს ხელს არ უშლის.

- ჩემთვის შოკი იყო, როდესაც ლიკა ყაზბეგის ერთ-ერთ ჩვენებაზე, პოდიუმზე ტანზე შემოხვეული გველით გიხილე. არ შეგეშინდა?

- შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ისეთი ეგზოტიკური "მოცეკვავე პარტნიორი" ალბათ ცოტას თუ ჰყოლია (სიცილით ამბობს). პითონთან ერთად ვიცეკვე ლიკა ყაზბეგის პროექტზე, მაშინ ჯერ კიდევ ბალეტს ვცეკვავდი ბერლინში, ზაფხულში აქ დროებით ვიყავი ჩამოსული და სწორედ მაშინ შედგა ის პროექტიც. 9-მეტრიან პითონთან სარეპეტიციოდ ზოოპარკში დავდიოდი, საბოლოოდ საკმაოდ გამორჩეული ნომერი გამოგვივიდა, - მე პუანტებით ვცეკვავდი "მონტი" (ასე ერქა გელს) კი ჩემს სხეულზე დასრიალებდა. მაყურებელიც აღფრთოვანებული იყო. ჩემთვის პირადად ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. კვლავ, რომ შემომთავაზონ მსგავსი რამ, აუცილებლად დავთანხმდები...

- გამოდის, რისკიანი ხარ, ყოველთვის რიკავ?

- რისკიანი ვარ, თუმცა ყოველთვის რეალურად ვსაზღვრავ საკუთარ შესაძლებლობებს. ჩემს პროფესიაში თუ არ გარისკე, წარმატებას ვერ მიაღწევ. რაც შეეხება გველთან ცეკვას, ყოველთვის მიყვარს ყველაფერი ახლის მოსინჯვა და თუ შიში მაქვს, შიშის დაძლევა და ა.შ. მით უმეტეს, როდესაც საქმე ცეკვას ეხება, მიყვარს ექსპერიმენტები. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია მომავალშიც მიხილოთ რაიმე არაადეკვატური საცეკვაო ნომრით.

- უშიშარიც ყოფილხარ...

- უშიშარი ნამდვილად ვარ, თუნდაც ის ფაქტი, რომ ამდენწლიანი საცეკვაო "ბრეიქის" მერე ერთ-ერთ ყველაზე რთულ ხელოვნების დარგში, კვლავ სცენაზე დავბრუნდი, ამაზე მეტყველებს. დიდი გამბედაობა და მონდომება უნდა ამ რთული და მრავალი ფიზიკური ტკივილით სავსე პროფესიაში ყოფნას. თავიდან არავის ეგონა, რომ უკვე დალაგებულ, სტაბილურ ცხოვრებას მივატოვებდი და კვლავ ცეკვის მორევში გადავეშვებოდი. თუმცა როგორც კი სცენაზე გავედი და მაყურებლის ენერგია ვიგრძენი, უმალ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.

- კიდევ ხომ არ გაიხსენებ სცენაზე შენს რაიმე უცნაურ გამოსვლას?

- ცხოველებთან ან ფრინველებთან ცეკვის გამოცდილება ჯერჯერობით მეტი არ მქონია (სიცილით ამბობს), თუმცა გამოვყოფდი ერთ საბალეტო სპეკტაკლს, როდესაც საგასტროლო პროგრამით ფრანკფურტში ვცეკვავდი ბალანჩინის "სერენადას" წამყვან პარტიას. ვისაც ეს ბალეტი ნანახი აქვს, ეცოდინება, რომ მთავარი მოცეკვავის გარდა, ცეკვავს კიდევ ორი სოლისტი და საკმაოდ დატვირთული და დამღლელი ცეკვაა. შუა სპექტაკლის დროს, სწორედ ერთ-ერთმა სოლისტმა ფეხი დაიზიანა და სცენაზე ვეღარ გადიოდა, მუსიკა კი გრძელდებოდა. წამებში გავაანალიზე, რომ სპეკტაკლი ფაქტობრივად იშლებოდა და საკუთარ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, ის გადამერჩინა. ჩემი პარტია რამდენიმე წამის დასრულებული მქონდა, რომ გავბრუნდი სცენაზე და მეორე სოლისტის პარტიაც თავად შევასრულე. ბოლო ნაწილში, სადაც წესით, სცენაზე, ყველა ერთად უნდა ვმდგარიყავით, მცირე იმპროვიზაციასაც ჰქონდა ადგილი, რაც ალბათ ბალანჩინის ფონდის წარმომადგენლებს, რომ ენახათ, აღშფოთებას ვერ დამალავდნენ. თუმცა რაც მთავარია, ამ გზით სპექტაკლი წარმატებით და უწყვეტი ოვაციებით დასრულდა. მოცეკვავის პროფესიონალიზმი, სწორედ ასეთ მომენტებში ვლინდება, რა თქმა უნდა, საკუთარ თავში დარწმუნებული და ძლიერიც უნდა იყო, რომ მსგავსი მოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. მართალია იმ დღეს ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი დაღლილობისგან, თუმცა ახლა ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება.

- როგორ ფიქრობ, რა სხვაობაა ბალეტს, თავისუფალ ცეკვებსა და პოდიუმს შორის?

- მე ყველა ცეკვის დარგს პატივს ვცემ, მიყვარს არა მხოლოდ ბალეტი, არამედ ზოგადად ცეკვა. თავად ვცეკვავ ბალეტის გარდა, მოდერნს და "ქონთემფრის" პროფესიონალურ დონეზე, ხოლო ქართულს და სამეჯლისო ცეკვებს მოყვარულის დონეზე. თუმცა ბალეტი ალბათ მაინც ურთულესია. პოდიუმზე სიარული კი ჩემთვის მხოლოდ ჰობია. ზოგადად მოდელის კუთხით მხოლოდ რამდენჯერმე ვიმუშავე, რადგან მაქვს საკმაოდ ნავარჯიშევი სხეული, რაც მოდელის აღნაგობაში არ ჯდება. უფრო მეტი დატვირთვა მქონდა, როგორც ფოტომოდელს. მიმუშავია ბევრ ცნობილ ფოტოხელოვანთან, როგორც გერმანიაში, ასევე - საქართველოში. 2009 წელს ერთ-ერთი ასეთი გადაღების შემდეგ, გერმანიაში გალერეა "ლუმას" იმ წლის სახეც ვიყავი, ის მსოფლიოში მხოლოდ 11-ია და ჩემი ფოტოები მსოფლიო მასშტაბით იყო გამოფენილი.

- როგორ წარმოგიდგენია შენი თავი მომავალში?

- რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს: მონდომებით ვვარჯიშობ, რათა ბევრ სპექტაკლებში ჩავერთო და იმედი მაქვს, ჩემი ცეკვით ქართველი მაყურებელი მოიხიბლება. მოგეხსენებათ, ჩვენი თეატრის დასის ხელმძღვანელი გახლავთ ნინო ანანიაშვილი და ჩემთვის დიდი პატივია მისი დასის წევრობა. ის ხომ ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც საქართველო უკიდეგანოდ ასახელა და ყოველთვის ვცდილობ, ყველა ის შენიშნა თუ რჩევა კარგად დავიმახსოვრო და გავითვალისწინო, რასაც დასის წევრებს გვეუბნება. იმედი მაქვს, შევძლებ იმდენი გავაკეთო, რომ ჩემით იამაყოს. ალბათ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია