რატომ არ მოვიდა თბილისში თოვლი - უჩვეულოდ თბილი ზამთრის გლობალური მიზეზები

რატომ არ მოვიდა თბილისში თოვლი - უჩვეულოდ თბილი ზამთრის გლობალური მიზეზები

წელს ზამთარმა თბილისელებს დიდი პატივი გვცა, - ამ ფრაზას ახლა ხშირად გაიგებთ. ეს ყველაფერი მაშინ გაამართლებს, თუ თებერვალსა და მარტში, ზამთარმა კუდი თავისებურად არ მოიქნია და სიურპრიზი არ მოგვიწყო...

მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს საქმე, დეკემბერ-იანვარი უნალექო და უთოვლო რომ აღმოჩნდა, ფაქტია და სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ, რომ წელს კარგი ზამთარი გვაქვს. თუ რა განაპირობებს ასეთ თბილ ზამთრის სეზონს, ამ თემაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა გვესაუბრება.

- დედამიწის ატმოსფერო ერთიანი ორგანიზმია: თუ რა ხდება ერთ ადგილზე კლიმატის თვალსაზრისით, ის თავისთავად, გარკვეული დროის შემდეგ, გავლენას იქონიებს მეორე ადგილზეც. საკაცობრიო პრობლემაა, რომ გლობალური კლიმატი იცვლება და ძალიან დიდი ალბათობით დადგენილია, რომ დედამიწის ტემპერატურამ 0,8 გრადუსით აიწია. ეს თითქოს ბევრი არაფერია, მაგრამ ამან გარკვეულად მრავალი ასეული წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული კლიმატური რეჟიმი დაარღვია, ატმოსფერულ პროცესებზე გავლენა იქონია: განსაკუთრებით კი ამა თუ იმ რეგიონში გახშირდა სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური ხასიათის მოვლენები (ზოგან განსაკუთრებული სიცივეებია, ზოგან - სიცხე, უხვნალექიანობა, ნალექის სიმცირე). ასე რომ, გლობალურ კლიმატში არსებულმა ცვლილებებმა გავლენა ამინდზე მოახდინა.

არსებობს კლიმატის ცვლილების სახელმწიფოთაშორისი ექსპერთთა საბჭო, ის ყოველწლიურად იკრიბება, რომელშიც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. მეც ვარ იმ საბჭოს წევრი. იქ ყველა ადასტურებს, რომ მთელ მსოფლიოში აღინიშნება სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია. იმატა უჩვეულო მოვლენებმა.

რაც შეეხება თბილისში წლევანდელ ზამთარს, განსაკუთრებული ანომალიით (უნალექობის თვალსაზრისით) არ გამოირჩვეა, რადგანაც დედაქალაქის გარდა ნალექი ყველგან იყო. თოვლის საფარი მაგალითად, მესტიაში 60 სანტიმეტრია (ახლა ცოტა დაჯდა კიდეც), შოვში - 34, გუდაურში - 76.

- მოკლედ, თბილისი გამოტოვა...

- თბილისი გამოტოვა, მაგრამ განსაკუთრებულ ანომალიასთან არ გვაქვს საქმე. თუმცა ყოველდღიურ პროგნოზში კი გვქონდა მითითებული და თოვლს ვვარაუდობდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. უახლოესი 10 დღეც თბილი ჩანს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზამთარი ჯერ არ დამთავრებულა... 

- ისე, თბილისში სუსხიანი და უხვნალექიანი თებერვალი ხშირად მახსოვს...

- კი, თოვლის ნალექი თებერვალშიც არის მოსალოდნელი და მარტშიც...

- ახლა იმის შესახებ ვისაუბროთ, - კარგია თუ ცუდი ასეთი თბილი ზამთარი, ანუ ეს რისი მომასწავებელია?

- რა თქმა უნდა, ცუდია. ღმერთმა ნუ ქნას უთოვლობა. ის არსებითად წყლის რესურსზე მოქმედებს. გაზაფხულზე თოვლის დნობა მდინარის კვების წყაროა. თუ თოვლი არ დაგროვდება, წყლის აკუმულირება არ მოხდება. მაშინ მცირეწყლიანობა იქნება, რაც უარყოფით ასახვას პოვებს ჰიდროენერგეტიკაზე, სარწყავ სისტემებზე. საერთოდ, შესაძლებელია, რომ მარტის ბოლომდე დიდი ალბათობით თოვლი თბილისშიც მოვიდეს.

ყოველწლიურად ექსპედიციურ სამუშაოებს ვასრულებთ. თოვლის საფარის აგეგმვა, - ამ პროცესს ასე უწოდებენ. ექსპედიცია გადის და მაღალმთიან ზონაში რა რაოდენობის თოვლია მოსული, იმას ითვლის, რისი დადნობის შემდეგაც კეთდება გაზაფხულის წყალდიდობის პროგნოზი. ამით ვემსახურებით ენერგეტიკას და სხვა დაინტერესებულ უწყებას, ვისაც წყლის რესურსი აინტერესებს.

მოკლედ, როცა სეზონზე ვლაპარაკობთ, მაგალითად, რა იქნება 20 თებერვლის მერე, ამას ვერ ვითვლით. საორიენტაციოდ, შეგვიძლია, მხოლოდ 10 დღის წინსწრებით ვიწინასწარმეტყველოთ.

- მოკლედ, უახლოესი 10 დღის განმავლობაში ნალექი არ არის ნავარაუდევი, ხომ?

- არა, თუმცა მთიან ზონაში შეიძლება მცირე თოვლი მოვიდეს.

- ხალხში ამბობენ, თუ ცივი ზამთარი იქნება, ზაფხული ცხელი გველისო და პირიქით... მეცნიერებს ამასთან დაკავშირებით რა მოსაზრება აქვთ?

- ამაში ლოგიკა არის, რადგან ამდენი სითბოა, მერე წესით, უნდა აცივდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მარტივი არ არის ამ პროგნოზის გაკეთება, ეს საკაცობრიო პრობლემაა. გრძელვადიანი პროგნოზირების შესახებ სტატისტიკა არც არსებობს.

- ბოლო ათწლეულის მანძილზე ევროპაში ხშირად ფიქსირდება მკაცრი ზამთარი. წელს ინგლისში აცხადებდნენ, ისე ცივა, როგორც ტიანშანზეო. ესეც იმ ვრცელი ჯაჭვის შემანდგენელი ერთ-ერთი რგოლია, რითიც საუბარი დავიწყეთ?

- რა თქმა უნდა. ცირკულაცია შეიცვალა... თუ გახსოვთ, 2011 წელს თბილისში მინუს 11 გრადუსამდეც იყო ტემპერატურა დაცემული, რაც ციმბირის ანტიციკლონით იყო გამოწვეული. ის ყოველწლიურად ყალიბდება და თავისი ფიზიკა, ანუ მეცნიერული ახსნა აქვს. ამასთან, სხვადასხვა მასშტაბებიც აქვს და იმ წელს იმდენად მასშტაბური იყო, რომ ციმბირის ანტიციკლონმა მთელი ევროპა მოიცვა. საქართველოში შედარებით რბილად შემოვიდა, რადგანაც კავკასიონი გვიცავს. მოკლედ, ყველაფერი მასშტაბებზეა დამოკიდებული. ის, რაც ინგლისში ახლა ხდება, ჩვენთანაც რაღაც პერიოდის შემდეგ აისახება.

- უახლოეს მომავალში ხომ არ გვემუქრება ციმბირის ანტიციკლონი?

- თებერვალში არ ჩანს. თუმცა ამ იანვარში თბილისში იყო მინიმალური ტემპერატურა - მინუს 7 გრადუსი და სწორედ ციმბირული ანტიციკლონის გავლენა გახლდათ...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია