იცი, რას სუნთქავ? - როგორ იქცა თბილისი ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად საქართველოში

იცი, რას სუნთქავ? - როგორ იქცა თბილისი ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად საქართველოში

რა მდგომარეობაა საქართველოში და კერძოდ, თბილისში ჰაერის დაბინძურების მხრივ და აჭარბებს თუ არა ჰაერის შემცველობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების ოდენობა დასაშვებ კონცენტრაციას. ამ თემით Ambebi.ge დაინტერესდა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვისა და მონიტორინგისთვის გარემოს დაცვის სამინისტროში სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მუშაობს, რომელიც უშუალოდ ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს.

სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერს სულ 5 ქალაქში- თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბათუმში აკვირდება. თბილისში დაკვირვების 4 ჯიხური დგას, თუმცა ყველაზე "ფართო პროგრამით" ვაშლიჯვარში არსებული ე.წ. ფონური სადგური მუშაობს, რომელიც ატმოსფერულ ჰაერს ოთხი ძირითადი დამაბინძურებლის – ნახშირჟანგის, აზოტის და გოგირდის დიოქსიდებისა და აზოტის ოქსიდის შემცველობის კუთხით ზომავს.

ჩვენი ვიზიტის დროს ვაშლიჯვარის სადგურზე გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ გვითხრა, რომ სადგური 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მონაცემების მიღება 1 წუთის ინტერვალითაა შესაძლებელი. მისსივე თქმით თბილისში ჰაერის დაბინძურების კუთხით საგანგაშო მაჩვენებლები დღეის მდგომარეობით არ არის.

მარინე არაბიძე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი:

"ვაშლიჯვარის სადგურზე იზომება ქალაქ თბილისში სხვადასხვა დამაბინძურებელი ინგრედიენტების შემცველობა ჰაერში - ნახშირჟანგი, გოგირდის და აზოტის დიოქსიდი, მყარი ნაწილაკები და ა.შ. სადგური 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ჩვენ გვაქვს საშუალება, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისში ონლაინ რეჟიმში მივიღოთ ეს მონაცემები.

ამ სადგურის ადგილის შერჩევა უცხოელი ექსპერტების დახმარებით მოხდა. მნიშვნელოვანი იყო შერჩეულიყო როგორც ქალაქის ფონური ადგილი. ეს გვაძლევს მონაცემებს, თუ როგორი მდგომარეობაა ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით. ბუნებრივია, ქალაქის სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა მონაცემები იქნება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, მანქანების მოძრაობაზე, ასევე მეტეოროლოგიური პარამეტრები დიდ გავლენას ახდენენ ჰაერის დაბინძურების კუთხით. მაგალითად, ქარის შემთხვევაში ქალაქი ნიავდება. ეს წერტილი, სადაც სადგური დგას, იყო ყველაზე მისაღები, რომ ვიმსჯელოთ ზოგადად, როგორი მდგომარეობაა ქალაქში."

იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემები სისტემატურად იცვლება, აქ წარმოდგენილი ცხრილი ასახავს ინტერვიუს ჩაწერის მომენტში არსებულ მდგომარეობას.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" (CENN) არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1998 წელს და აქტიურად მუშაობს სხვადასხვა, მათ შორის, გარემოსდაცვითი მიმართულებითაც.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა ამ ეტაპზე არასაკმარისადაა განვითარებული და სრულყოფილი სურათის დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა.

ნინო შავგულიძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი:

"საქართველოს მასშტაბით დაკვირვება 5 ქალაქში ხდება და ეს ბუნებრივია არასაკმარის ინფორმაციას გვაძლევს ქვეყნის მასშტაბით არსებულ სიტუაციაზე. რაც შეეხება თბილისს, ვაშლიჯვარში მდებარე სადგურის გარდა, დანარჩენი სადგურები ყველა მოძველებულია და მათი შეცვლის საჭიროება დგას დღის წესრიგში. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს ვაშლიჯვარის სადგურიც გვაძლევს მხოლოდ ფონურ ინფორმაციას ჰაერის მდგომარეობის შესახებ.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ინდუსტრია არ არის მთლად მაღალ დონეზე განვითარებული, ძირითადი დამაბინძურებელი ჩვენს ქვეყანაში არის ავტოტრანსპორტი და ეს განსაკუთრებით ეხება თბილისს. ამას ისიც ემატება რომ არსებული ავტოპარკის უმეტესი ნაწილი არის მოძველებული. გარდა ამისა, არ არსებობს ტექნიკური დათვალიერება ავტომობილების. ჰაერის ხარისხზე ისიც მოქმედებს, რომ ნაკლებად ხდება საწვავის ხარისხის კონტროლი. რამდენადაც ვიცი, წელს კიდევ უფრო გამკაცრდა ბენზინში გოგირდის შემცველობა, თუმცა თუ შევადარებთ ევროკავშირის მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობის რეგულაციებს, საწვავის ხარისხის მიხედვით დიდი განსხვავებაა გოგირდის შემცველობის კუთხით.

ფაქტია, რომ საქართველოში არ არის სუფთა ჰაერი და განსაკუთრებით თბილისში. ზუსტი ფაქტები და ზუსტი გაზომვის შედეგები არ მაქვს. არის მონაცემები, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს, თუმცა ეს სადგურები მოძველებულია და ზუსტი მონაცემები შეიძლება ითქვას, რომ არ გვაქვს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ."

გამომდინარე იქიდან, რომ ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ გარემოსდამცველები საქართველოში სწორედ ავტომობილებს მიიჩნევენ, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებულად სწორედ თბილისი ითვლება.

იხილეთ ვიდეო

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია