შეიარაღებული მთვრალი პოლკოვნიკი და პატრული - "ნაცმოძრაობა" პატრულის შესახებ კიდევ ერთ ვიდეომასალას აქვეყნებს

შეიარაღებული მთვრალი პოლკოვნიკი და პატრული - "ნაცმოძრაობა" პატრულის შესახებ კიდევ ერთ ვიდეომასალას აქვეყნებს

"ნაციონალური მოძრაობა" ვიდეომასალას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი პირი ცდილობს, კანონდარღვევის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჯერად ინციდენტში მონაწილე პირია შსს სტრუქტურის მაღალჩინოსანი, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი.

"ვიდეომასალაში ჩანს, რომ ავტომანქანას, რომელშიც ბერიკაშვილი ზის, პატრული აჩერებს. პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისევე როგორც თავად ბერიკაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, ბერიკაშვილი გადმოვიდა და სცადა პატრულისთვის აეხსნა, რომ ის ჩინით პოლკოვნიკია, რის გამოც უნდა გაუშვან. მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ მაინც დააჯარიმოს, ბერიკაშვილი იღებს იარაღს. უკვე ამის მერე პატრული მას აკავებს და გადაჰყავს სამმართველოში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოხდა.

"ამ ამბის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა - პატრულის ერთ-ერთ თანამშრომელი გიორგი ლომსაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი აიძულეს, წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა. რაც შეეხება ამ ადამიანს, ზურაბ ბერიკაშვილი დააწინაურეს და დღეს კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილეა. ამ პიროვნების შესახებ გეტყვით, რომ ის ადრეც მუშაობდა შსს-ში, მაგრამ ნაციონალური მოძარობის დროს სტრუქტურიდან გაუშვეს სწორედ იმის გამო, რომ მსგვასი საქციელი ჩაიდინა. თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის სტრუქტურაში დააბრუნეს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

"ნაციონალების" შეფასებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებული ვიდეომასალები მიუთითებს, რომ მიმდინარეობს ინსტიტუტების, მათ შორის პოლიციის ნგრევა.

"ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ინსტიტუტების ნგრევა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - პოლიციის, რაც ყველაზე ცუდია. დაბრუნდა შევარდნაძის დროინდელი პრაქტიკა, როცა მაღალჩინოსნები ან მათთან დაკავშირებული პირები იყენებდნენ პირად კავშირებს, რომ თავი აერიდებინათ ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელისგან. ჩვენ მოვითხოვთ, როგორც დღეს, ისე გუშინ გავრცებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას და პოლიციის გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია