"მძიმე კაცი" ეკა ყუშიტაშვილზე და თბილისელების დაუოკებელ ვნებაზე ძვირადღირებული ავტომობილების მიმართ

"მძიმე კაცი" ეკა ყუშიტაშვილზე და თბილისელების დაუოკებელ ვნებაზე ძვირადღირებული ავტომობილების მიმართ

სატელევიზიო შოუ "მძიმე კაცის" ავტორი და წამყვანი დავით კოვზირიძე Facebook-ზე ავრცელებს ვრცელ ჩანაწერს, რომელიც მან 2009 წელს დაწერა, თუმცა ტექსტის მთავარი პერსონაჟი გოგონა აუცილებლად მოგაგონებთ ეკა ყუშიტაშვილს, რომელზეც ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ბევრს საუბრობენ.

აღნიშნული ჩანაწერი კოვზირიძემ სულ ახლახან გამოაქვეყნა და ის ეკა ყუშიტაშვილს მიუძღვნა. ტექსტში კი მოთხრობილია ქართველების დაუოკებელ ვნებაზე ძვირადღირებული ავტომობილების მიმართ მაშინაც, როდესაც ამ ავტომობილის შეძენისთვის უკანასკნალ ქონებას თმობენ...

Ambebi.ge გთავაზობთ დავით კოვზირიძის ჩანაწერს სახელწოდებით X MEN.

***

ჩემმა შორეულმა ნაცნობმა, სხვათა შორის, გოგომ, თავისი ერთადერთი საცხოვრებელი, ოთახნახევრიანი ბინა გაყიდა და იქსპიატი იყიდა. ოთახის ფული უშუალოდ მანქანაში დაიხარჯა, დარჩენილი ნახევრის კი, რასაკვირველია, ნომერში. დღეს ნაქირავებში ცხოვრობს, არ მუშაობს, ალბათ ბენზინის პრობლემაც აქვს, მაგრამ რა მოსატანია ეს დეტალები მაშინ, როცა ეზოში ტრადიციული ქართული შეფერილობის იქსპიატი გელოდება, როცა შარდენზე ღირსეულად მიხვალ და მედიდურად წამოხვალ.

იქსპიატის, ანუ წმინდა ქართული მას-ოცნების ფენომენი მოულოდნელად არ შემოჭრილა ჩვენს ცხოვრებაში, მას დიდი ისტორია აქვს და ოთხმოცდაათიანებში იწყება. იწყება ძევიტით, მხედრიონელთა სპეც-ტრანსპორტით.

რა იყო მაშინდელი ძევიტი, თუ მას ოპიუმისგან დადარდიანებული და “რეიბანს” ამოფარებული აგრესიული რაინდები თვლემა-თვლემით არ ატარებდნენ, ძალიან ნელა, ან ძალიან სწრაფად; თუ რაინდი მარცხენა ხელით წვივებს და ცხვირს არ იფხანდა, სიგარეტით და წვენით დატვირთული მარჯვენა კი საჭეზე არ ედო ანაზდად; თუ ფანჯრებიდან ავტომატის ლულები და ხანდახან ფეხები არ იყო გადმოფენილი; თუ თუფაქში გადაზელილი ბოზიშვილივიყო ალილუიასავით არ ისმოდა და თუ მანქანას გარედან ერთი-ორი ნატყვიარი არ ემჩნეოდა. მაშინ ძევიტებს კაკაოსფერი შესტები დასდევდნენ, მაგრამ პროფესორ-რეჟისორის ხელმოწერილი ფურცლები ამ დევნას ფიქციად აქცევდა.

მერე ისევ ძევიტი იყო, ოღონდ ტრაკიანი. თვლემა ცოტა საშიში გახდა, რადგან იმ ფურცლებმა ძალა დაკარგა და კაკაოსფერი შესტებიც გააქტიურდნენ. ნელ-ნელა გაქრა ნატყვიარები და ლულები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში _ ფეხები. თუფაქი ბარი უაიტმა შეცვალა, “პულია” და რამე. რახან თვლემის ამბავი გამკაცრდა, ტრაკიანში ნაშები მომრავლდნენ, უფრო კაკაოსფერთა ყურადღების ასარიდებლად.

აი, აქ მთავრდება ქართული მას-ოცნების საბჭოთა ეპოქა და იწყება გერმანული ეპოპეა, რომელსაც მერე და მერე ამერიკულ-იაპონური კონკურენცია შეავიწროვებს, თუმცა მანამდე ჯერ შორია, მანამდე კიდევ საფეხურებია გასავლელი.

პირველი შოკი, ისტერია და მანქანა-კივილი იყო შისოტი, შისოტკა, შესოტი, შესტისოტი, როგორც გენებოთ. ყველგან მავალი, ყველაფერზე მეტყველი, ყველაფრის მკადრებელი სოლიდური ვეშაპი, რომელშიც ძირითადად ისინი შესახლდნენ, ვინც კაკაოსფრების არმიას ხელმძვანელობდა და ვინც ნაღვლიანი ძევიტელების განადგურება-ემიგრაციას შეუწყო ხელი. შისოტის გასიებული მხედრები მალე ღაბაბზე ჰალსტუხს ძლივს შემოიწვდენენ, სახიდან ზეთისდენა მოიმატებს, ბარის მიშა შუფუტინსკი შეცვლის, შირმა-ნაშებს კი სამშობლოში დაბრუნებული, თურქეთის მაგისტრატურის წარმატებული კურსდამთავრებული, კუთხური აქცენტის მქონე და უარის თითქმის არაფერზე მთქმელი პუტანკები, რომელთა მორალი მხოლოდ ორალზე იწყებდა პროტესტს.

და ამ დროს ახალი ცუნამი მოაწყდა ბედკრულ საქართველოს! შისოტებსა და მარშუტკებს შორის არსებული ვაკუუმი შეავსო ბრენდმა, რომლის ზუსტი სახელი ჯერ კიდევ უცნობია. ძირითადად მას ბეემვეს უწოდებენ, შედარებითი გაქექილობის პრეტენზიის მქონენი ბიემდაბლიუს (თუმცა მაინც ფრთხილად, რთული „ლ“-ა ბოლოში), ან უფრო სვეცკად, ბიემს, ხოლო დანარჩენები _ ბეენვეს. ბეენვემ შეცვალა ყველაფერი, წიგნი, ცირკი, საჭმელი, სასმელი, სინდისი და ნამუსი. ბეენვეს ყიდიდა და ყიდულობდა ნახევარი ჯორჯია. თითო ბეენვე ყველა ოჯახში! ძალა ბეენვეშია! მამული, ენა, სარწმუნოება, ბეენვე!..

იყო ხულიგანკა, იყო აკულა, იყო ტროიკა, იყო ემპიატი, იყო სიმსოტი, იყო ზეტტრი. აღარ იყო ერთი გამორჩეული ფენა, ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა, ზეთიანსახიანები და მოწყენილები, პერეგონშიკები და შოუბიზის სტარები, ერი და ბერი, იგლესიასი ენრიკე და ჯანელიძე ენრიკო...

მაგრამ რაა ეს ყველაფერი იქსპიატთან შედარებით?! იქ მყოფს ყველაფრის უფლება გაქვს. შეგიძლია შუა გზაში მიუყენო ტყუპისცალს და მოძრაობა გააქვავო, შეგიძლია, შეგიძლია კი არა, ვალდებული ხარ, არავის არაფერი დაუთმო, გაიარო წითელზე, გასრისო ფეხით მოსიარულე, ფანჯრიდან ნაგავი ისროლო, მერე ფურთხიც მიაყოლო და ბოლოს „მოაკაწრინო“, აგინო „ოპელ ვექტრას“, კიდევ ერთ ქართულ ფენომენს.

საერთოდ, არსებობს იქსის ექვივალენტური ფასეულობა? ან ოცნება, მისი სადარი? ან საზომი ერთეული, ასეთი ზუსტი და უტყუარი? მერე, რა ამაყად არიან ჩაწიკწიკებულნი უთვალავ რესტორანთა გასწვრივ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მზიურ და ჭაღარა დედაქალაქში. რამდენი „პარლამენტ ლაითი“ იწევა ამ შავ და ვერცხლისფერ რაშებში. რა ზევით ზიხარ, როცა ზიხარ იქსპიატში!

არა რა, ეს მანქანა ჩოხაა. ჩოხა-ახალუხი.

დავით კოვზირიძე , 2009

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია