ბიჭი ბელგიიდან, რომელმაც ეკა ყუშიტაშვილის პირველი კომიკური სახე შექმნა

ბიჭი ბელგიიდან, რომელმაც ეკა ყუშიტაშვილის პირველი კომიკური სახე შექმნა

სოციალურ ქსელში ეკა ყუშიტაშვილის პირველი პაროდიაც გამოჩნდა. მას 18 წლის იმიტატორი - გიორგი ქისტაური აკეთებს. საზოგადოებას ის მეგაშოუ "X ფაქტორიდან" ახსოვს. ამჟამად ის ოჯახთან ერთად ბელგიაში იმყოფება. მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია, გუშინ ყველაზე გახმაურებული ვიდეო ენახა, ეკა ყუშიტაშვილის პაროდია იქვე ჩაეწერა და საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე აეტვირთა. ჩვენ დავუკავშირდით გიორგის.

- პრაქტიკულად, ყველას დაასწარით ეკა ყუშიტაშვილის პაროდიის გაკეთება. არადა, მას "კომედი შოუს" აუცილებლად შემოგვთავაზებს.

- ჰო, ზოგადად ასე ხდება ხოლმე, აქტუალური რაც არის, ვცდილობ, პირველი გამოვეხმაურო ხოლმე და ამა თუ იმ ადამიანის პაროდია შევქმნა.

- ეს ქალბატონი პირველად ნახეთ გუშინ? იქნებ სხვა დროს სადმე შეგხვედრიათ?

- არა, მისი ვიდეო პირველად გუშინ შემხვდა "ფეისბუქზე". სიმართლე გითხრათ, თავიდან იუმორის თვალით არც შემიხედავს.

- აბა, რა იფიქრეთ?

- უბრალოდ, ვერ მივიღე სასაცილოდ, უფრო შემეცოდა. ალბათ, საჭესთან დაჯდომამდე, დიდი და რთული გზა გამოიარა და ამიტომ...

- რას გულისხმობთ?

- ეკას ძველ ფოტოებს თუ გადავხედავთ, რომელიც სოციალურ ქსელში ასევე გუშინვე გავრცელდა, აშკარაა, რომ არ იყო ასეთი, როგორიც ახლაა. ერთი უბრალო "სოფლელი" (კარგი გაგებით ვამბობ) გოგონა იყო. ის ცხოვრება, როგორც ჩანს, "ებნელა" და აშკარად დედაქალაქისკენ დაიძრა. თბილისური სურნელი უფრო მოსწონს...

- და ასეთად გარდაისახა?

- ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რამდენად გამოსდის, ეს უკვე სხვა საკითხია, მგონია, რომ ცოტა უჭირს თბილისელი გოგოს როლის მორგება (სიცილით ამბობს), მაგრამ საყვარელია...

- მისი პაროდიის გაკეთება როდის გადაწყვიტეთ და რამ გიბიძგათ, რომ მისთვის იუმორით შეგეხედათ?

- დღეს დილით გავიღვიძე, ეკას ვიდეო "ფეისბუქმა" კიდევ ამომიგდო და მეც არ დავაყოვნე, მაშინვე ჩემი აიპადი ავიღე და უცბად ვიდეოპაროდიის გადაღება გადავწყვიტე. საერთოდ, ვიდეოებს არასდროს არ ვგეგმავ წინასწარ, ესეც ასე მოხდა.

- და რეპეტიციის გარეშე გააკეთეთ ეს ყველაფერი?

- კი, პირველივე ჩანაწერი ავტვირთე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე...

- როგორ ფიქრობთ, რას იტყვის და რას იფიქრებს ეკა ყუშიტაშვილი, რომ ნახავს?

- არ ვიცი, ალბათ ახლა უკვე თეა წულუკიანთან გადარეკავს (სიცილით ამბობს). ეგეც ეცოდინება, ვინ არის...

ეს ყველაფერი ხუმრობით და ალბათ, ძალიან გაბრაზდება.

- აპირებთ, რომ ეს ქალბატონი თქვენი პაროდიების ნუსხაში შეიტანოთ, ანუ კიდევ რომ გააკეთოთ ხოლმე?

- არც ერთ ჩემს ვიდეოზე არ მეცინება, რაც ყველას უკვირს... რაც შეეხება ამ პაროდიის გამეორებას, არარ ვაპირებ, - მოსახდენი უკვე მოხდა...

- ბელგიაში ახლა რატომ იმყოფები?

- აქ სამსახიობოზე მინდა, ვისწავლო. ვიდეოპაროდიების გადაღება 4 წლის წინ დავიწყე. ადრე არავის მოსწონდა. ახლა შედარებით გაუმჯობესდა სიტუაცია. მაგალითად, ეკაში ყველაზე მეტად საუბრის მანერა, აზროვნება მომეწონა, რაც მისი პაროდიის შექმნაში დამეხმარა.

საერთოდ, ვინმეს პაროდია რომ შევქმნა, რაც შეიძლება მეტი მიმიკა უნდა მოდიოდეს პერსონაჟისგან, უცნაური ქცევები და საუბრის მანერა უნდა ჰქონდეს.

- "რუსთავი 2"-ის კომედიანტებთან არ გიცდია თანამშრომლობა?

- რატომღაც თვალს მარიდებენ (სიცილით ამბობს), არ ვიცი, რატომ. პირდაპირ ჩემით ვერ მივალ, არც კასტინგი გამოუცხადებიათ.

- ე.ი ახლა ბელგიაში ემზადები იმისთვის, რომ სამსახიობოზე გააგრძელო სწავლა?

- ჯერ აქაურობას ვეჩვევი. რაღაც კასტინგებზე ვაგზავნი ჩემს მონაცემებს. ბელგიაში აქამდეც ვცხოვრობდი, მაგრამ მაშინ 13 წლის ვიყავი.  სულ პატარა რომ ვიყავი, მინდოდა, საქართველოში ჩემ შესახებ ყველას სცოდნოდა. ეს უკვე განვახორციელე. ახლა როცა გავიზარდე და ამბიციებიც მომემატა, - მინდა, მსოფლიოს მასშტაბით ვიყო კარგი მსახიობი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ეკა ყუშიტაშვილის პაროდია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია