ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, რისთვისაც ვახტანგ რჩეულიშვილმა ღმერთი ადიდა და მთავრობას მადლობა შეუთვალა

ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, რისთვისაც ვახტანგ რჩეულიშვილმა ღმერთი ადიდა და მთავრობას მადლობა შეუთვალა

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებისგან თავისუფლდებიან.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერს შეფასებით, სამშენებლო კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს დღემდე მძიმე ტვირთად აწვება, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და საჯაროდ მადლობას უხდის სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი. "ღმერთს დიდება, ჩვენ-მშვიდობა, მთავრობას კი ამჯერად მადლობა!", - წერს რჩეულიშვილი Facebook-ზე.

წყარო: Facebook/ვახტანგ რჩეულიშვილი:

"დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა ომით და ეკონომიკური კრიზისით დაზარალებული სამშენებლო კომპანიებისადმი საბიუჯეტო გადასახადების ჩამოწერის შესახებ. ეს მთავრობის მხრიდან სამშენებლო სექტორის გადასარჩენად გადადგმული სერიოზული ნაბიჯია, რაზედაც 2 წლის მანძილზე მუშაობდა მთავრობა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, მენაშენეთა ასოციაცია და თავად სამშენებლო კომპანიები.ამას ელოდებოდნენ დაზარალებული კლიენტებიც.

თუ იმასაც დაუმატებთ , რომ ლტოლვილთა სამინისტრო ტენდერს ატარებს სამშენებლო კომპანიებისაგან დევნილთათვის ბინების შესყიდვაზე , ეს უკვე სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერის სერიოზული პროგრამაა. ცენტრ-პოინტის შემთხვევაში ეს ნიშნავს კომპანიის დაზარალებულად აღიარებას და მისთვის ათეულობით მილიონის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. ცხადია, ეს გადასახადები ბიუჯეტში მაინც ვერ შევიდოდა- უბრალოდ კომპანიები გაკოტრდებოდნენ, მაგრამ მათი ჩამოწერა სახელმწიფოს კეთილ ნებაზე მიუთითებს და დარგის, ანუ მთლიანად ეკონომიკის აღორძინებას შეუწყობს ხელს. ამდენად ცუდი გადამხდელების მიერ "ცენტრ-პოინტისათვის" დავალიანების დაფარვის შემთვევაში კომპანია ადვილად გაისტუმრებს ყველა თავის დავალიანებას და წარმატებით განაგრძობს საქმიანობას.

მოსაგვარებელია "ცენტრ-პოინტის" ჩამორთმეული ქონების საკითხიც (ანუ თბილისის და ბათუმის მერიების მიერ კომპანიისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ათეულობით მილიონის ქონების დაბრუნება) . მაგრამ პირველი სერიოზული ნაბიჯი სახელმწიფოსაგან უკვე გადაიდგა. იმედია ეხლა მაინც შეწყდება ცილისწამებები ცენტრ-პოინტის მიერ "ჰაერის გაყიდვაზე"- 75 მილიონი ჩამოწერილი დღგ ჰაერის გაყიდვაში არ გროვდება! ამისათვის ნახევარი მილიარდის ქონება მაინც უნდა შექმნა!", - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

რაც შეეხება მთავრობის მოტივაციას, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის ასე განმარტა.

"საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს და შედეგად კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ დაუგროვდათ მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რაც მათ დღემდე ძალიან მძიმე ტვირთად აწვება. ეს ბუნებრივია ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე არ დასრულებულა, გავათავისუფლოთ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან, მათ შორის დღგ-ს გადასახადისგან და K2 მოსაკრებლის გადასახადისგან", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გამოცოცხლებას, მის შემდგომ განვითარებას და ამ დარგისგან დადებითი ეფექტების სხვა სფეროებზე გადაცემას.

"ამ პროექტის არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი იქნება შეჩერებული მშენებლობების დასრულების შედეგად ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაც. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ქალაქის მერიასთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია