შსს-ს მოდელი ლეიტენანტი: ვინ არის ლამაზმანი ძალოვანი უწყებიდან

შსს-ს მოდელი ლეიტენანტი: ვინ არის ლამაზმანი ძალოვანი უწყებიდან

ერთი მოდელი გოგონას ფოტოსესია ვნახე, ძალიან მომეწონა, მომხიბვლელი იყო, მერე იქვე მითხრეს, ეს გოგონა პოლიციელიც არისო. გავოგნდი, ნამდვილად არ ველოდი...

ელენე ზანგური წოდებით ლეიტენანტია და ცოტა ხანში უფროსი ლეიტენანტის წოდებას მიანიჭებენ. მასთან საუბრისას მივხვდი, რომ შრომისმოყვარე და მიზანმიმართული ადამიანია.

ელენე ზანგური:

- საერთოდ, ამბობენ, რთულია, შეათავსო რამდენიმე საქმე ერთმანეთთან, მაგრამ ჩემთვის ეს მიზეზებია მხოლოდ. ერთ დონეზე არასდროს უნდა გაჩერდე, აუცილებლად უნდა ეცადო, მიაღწიო მეტს... ამ ეტაპისთვის სამოდელო სფეროში ვაპირებ დაბრუნებას და თან, მთელი ძალით.

რამდენიმე წლის განმავლობაში, სწავლის და სამსახურის გამო, სამოდელო ბიზნესისთვის უარიც კი მქონდა ნათქვამი, მაგრამ როგორც ხედავთ, ბოლომდე მაინც ვერ მივატოვე...

- შშს-ს თანამშრომელი ხარ, ამ პერიოდში პოდიუმზე არ გამოსულხარ?

- კი, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში არსად ვყოფილვარ.

- პოლიციელობა რამ გადაგაწყვეტინა, რამ მოახდინა ამის პროვოცირება?

- პოლიციელობაზე არასდროს მიფიქრია. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი და აბსოლუტურად შემთხვევით... სხვათა შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში CV-თ მოვხვდი.

- მოკლედ, პოლიციაში შემთხვევით აღმოჩნდი და დარჩი, ხომ?..

- კი, სამუშაოდ, პოლიციაში სულ შემთხვევით ავღმოვჩნდი...

- ახლა სად მუშაობ? საპატრულო ეკიპაჟის წევრი ხომ არ ხარ?

- საპატრულოსთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ქუჩებში არ ვპატრულირებ, ხალხს არ ვიჭერ და არ ვაჯარიმებ (იღიმება). მოკლედ, 2011 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ, წოდებით ლეიტენანტი ვარ, მარტში კი უფროსი ლეიტენანტი ვხდები. ჩვეულებრივი საოფისე სამსახური მაქვს, ყოველ დღე ფორმა მაცვია...

იხილეთ| ელენე ზანგურის 16 ფოტო

- რა განათლება და პროფესია გაქვს?

- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფინანსების განხრით ბაკალავრიატის კურსი დავამთავრე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მაინცდამაინც საჩემო პროფესია არ იყო. ამჟამად ვარ მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტი, ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის განხრით და ვმუშაობ სადიპლომო თემაზე, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეძღვნება.

- ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.…

- დიახ, ეს არის თემა, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მიმაჩნია და ძალიან მაწუხებს.

- არ გიჭირს ასეთ საპასუხისმგებლო და რთულ სამსახურში მუშაობა?

- შეიძლება ჩემი ასაკიდან გამომდინარეა, ჯერ კიდევ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ცხოვრებას და ვფიქრობ, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. ჩემს საქმიანობას მიჩვეული ვარ, საერთოდ მუშაობას და ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ჩემი სამსახურის გარეშე, მიყვარს შრომა და მშრომელი ხალხი.

- რა რეაქციები აქვთ ადამიანებს, როდესაც პოლიციელის ამპლუაში გხედავენ?

- ჩემი საქმიდან გამომდინარე, მოქალაქეებთან თითქმის არ მაქვს შეხება, მაგრამ გარშემო ჩემი პოლიციელობის შესახებ რომ იგებენ, - "ვაუუუუუ" კი მესმის ხოლმე ასეთი შეძახილები (სიცილით ამბობს).

- როგორც გავიგე, მსახიობ ბესო ზანგურის და ხარ. და-ძმას როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- კი, ბესოს და ვარ, ან, როგორც ახლა ვეუბნები, ელენეს ძმა ხარ-მეთქი (იღიმება). ბესო უზომოდ და არანორმალურად მიყვარს, ჩემი სისხლი და ხორცია და ამით უკვე ნათქვამია ყველაფერი. მაგრამ, თუ ვჩხუბობთ, ხანჯლებიღა გვაკლია, ერთნაირი ხასიათების ვართ, მე ბოლომდე ჩემსას "ვაწვები", ის თავისას "უბერავს". რას ვიზამთ, ვუყვარვარ და მეც ბოროტად ვიყენებ ამას...

- შეყვარებული არ ხარ?

- არა და მჯერა, რომ სადღაც დედამიწის ზურგზე ცალად ჩემი მეორე ნახევარი დადის (იღიმება). მეც ჩვეულებრივი გოგო ვარ და ნამდვილ სიყვარულზე ვოცნებობ...

- სტრესული და დაძაბული მუშაობის ფონზე ფორმას როგორ ინარჩუნებ?

- ისე, სხვათა შორის სტრესი და ნერვიულობა წონაში დაკლების საშუალებაა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს ეს... სპორტულ დარბაზში ძალიან აქტიურად ვვარჯიშობ, რადგანაც სამსახურის მერე, ცხოვრება ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მომავალში კიდევ ძალიან ბევრი რამ მინდა გავაკეთო, ექსტრიმი მიზიდავს. რა თქმა უნდა, ადამიანმა პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს. ამისთვის ვარჯიშთან ერთად, საჭიროა, სწორი კვება და ცხოვრების წესი. ვერ გეტყვით, რომ წონის პრობლემა მაწუხებს, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობას ადამიანმა ახალგაზრდობიდანვე უნდა მიაქციო ყურადღება.

- რა გეგმები გაქვს?

- სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს, არა მგონია, ჩემი სწავლა მაგისტრატურის დიპლომით დამთავრდეს. რაც შეეხება სამსახურს, სხვა დარგში ვხედავ ჩემს თავს, უფრო იმაში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვასთან, დახმარებასთან, თუნდაც ქველმოქმედებასთან. უბრალოდ, მართლა მინდა, საქართველოს და მომავალ თაობას უკეთესი მომავალი ჰქონდეს. მჯერა, რომ მცირე წვლილს ამაში მეც შევიტან.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის.

ლევან რატიანის ინფორმაციით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

ბათუმში ფიტნესკლუბი 10 000 ლარით დააჯარიმეს, მაგრამ მუშაობას მაინც არ აჩერებს - "უსამართლოა, ადამიანს აუკრძალო ვარჯიში"

"კავსაძეების მთელი ოჯახი დავინფიცირდით... ინფორმაცია, რომ კახი ძალიან მძიმედ არის, ტყუილია" - რას ამბობს მსახიობის მდგომარეობაზე მისი ძმა