"მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის" - რა უნდა ვიცოდეთ დიდმარხვის შესახებ და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

"მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის" - რა უნდა ვიცოდეთ დიდმარხვის შესახებ და როგორ უნდა გავატაროთ ეს პერიოდი

დიდმარხვა ქრისტიანებისთვის უდიდესი დღესასწაულის, უფლის აღდგომის წინ მოსამზადებელი პერიოდია. ამიტომ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ამ დღეებს თუ როგორ გაატარებს მართლმადიდებელი... როგორ უნდა მოიქცეს ყოველი მომარხულე და რას უნდა მიაქციოს ყურადღება, ამას სასულიერო პირები ხშირად განმარტავენ.

გადმოცემების თანახმად, დიდმარხვის პირველ კვირას ჩვენი წინაპრები მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ლოცვაში ატარებდნენ და დღეში ერთხელ უზეთო საჭმელს იღებდნენ. ცხადია, ჩვენ შორისაც არიან ადამიანები, რომელთაც მსგავსი ღვაწლის გამეორება სურთ, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ეს სურვილი ზედაპირულია, რადგანაც ძველი ქრისტიანების მარხვის მსგავსი სიმკაცრე მათ შინაგან სულიერ მდგომარეობას არ შეესაბამება. ამიტომ დღეს წინაპრების მიბაძვა შინაგან და გარეგან მდგომარეობებს შორის დარღვევას იწვევს, რასაც ხშირად მძიმე შედეგამდე მივყავართ. ამიტომ მამები ამბობენ, რომ როგორც მარხვისადმი გულგრილობაა დაუშვებელი, ასევე ზედმეტი სიმკაცრე, რამაც შეიძლება გარკვეული განსაცდელიც გამოიწვიოს. ამიტომ ყველაფერში ზომიერება უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო თუ ვინმეს ცხოვრების წესის გამკაცრება უნდა, ამის შესახებ მოძღვარს უნდა დაეკითხოს.

დიდმარხვის შესახებ გვესაუბრება პეტრე კვარცხელია, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი:

- როგორც ახლადგამოღვიძებული ბუნება ეწაფება მზის ცხოველისმყოფელ სხივებს, ისე უფლის მაძიებელი სული იკვებება მძიმე მარხვის პერიოდით. ეს არის მიტევების, ლოცვის, სინანულის, სხვაზე ზრუნვის, განსჯის, ცოდვებზე ამაღლების სწორხაზოვანი მოგზაურობა დამღლელ უდაბნოში, რომლის ბოლო, აღთქმული ქვეყნის ხილვა, მკვდრეთით აღმდგარი ნაზარეველის ზიარება და დაუსრულებელი სიხარულია.

დიდია დაბრკოლებაც, აგრესია, სიზარმაცე. გვიჭირს წამიერ სიამოვნებებზე უარის თქმა და მარხვაც სასჯელად გვეჩვენება. ასეთ დროს "ღვაწლი" გარეგნულ იერს იღებს. ადვილად გვიპყრობს აგრესია, სხვისი განკითხვა, მჭმუნვარება. ჩვენს მოჩვენებით გლოვას, სხვისი გაღიმება თუ შეეგება, დაუფარავად ვიტყვით - ,,რა აცინებს, სჯობს მწუხარე იყოს და ცოდვებზე იტიროს"... ასეთებზე წმინდა წერილი ბრძანებს - ,,და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ".

მარხვა დასაბამიდან მოდის და რჯულზე უფრო ძველია. იგი უფალმა სამოთხეშივე დააწესა, რადგანაც პირველი მცნება, რომელიც ადამმა მოისმინა, იყო: ძელისა მისგან საცნაურისა კეთილისა და ბოროტისა, არა შჭამოთ (დაბ. 2,17). მაშინ რომ ევას ეს მცნება არ დაერღვია და ემარხულა, ჩვენ დღეს მარხვა არ დაგვჭირდებოდა, რადგანაც მკურნალი არა ჯანმრთელებს, არამედ სნეულებს სჭირდება (მათე 9,12). რამდენადაც ცოდვის სენი ჩვენივე ნებით შევიყარეთ და დავუძლურდით, ახლა სინანულით უნდა განვიკურნოთ, სინანული კი წარმოუდგენელია მარხვის გარეშე.

ადამს, რომელმაც მცნება დაარღვია, ებრძანა: "წყეულ იყავნ ქუეყანაჲ, ეკალი და კუროჲსთავი აღმოგიცენოს შენ" (დაბ. 3,17-18). ე.ი. ჩვენზე ჭირის მოწევაა ნაბრძანები და არა შვებისა. სამოთხე მარხვის დარღვევის გამო დავკარგეთ და ახლა მაინც ვიმარხულოთ, თვალწინ გვქონდეს ლაზარეს მაგალითი, რომელიც სამოთხეში მარხვამ შეიყვანა (ლუკა 16,20-31). ნუ მიბაძავ ურჩობაში ევას და ნუ შეიწყნარებ მრჩევლად უხსენებელს, რომელიც იქითკენ გაქეზებს, რომ მუდმივად სხეულს სწყალობდე. ზოგჯერ, ვინც მარხვას არ ინახავს, თავის საქციელს სხეულის უძლურებითა და უსუსურობით ხსნის, მაგრამ გვავიწყდება, რომ ესეც და სხვა მსგავსი მიზეზიც, ერთმანეთის გარდა, პირველ რიგში იმას უნდა ვუთხრათ, რომელმაც ყოველივე იცის.

დაფიქრდი, - მარხვა არ შეგიძლია და ათასგვარი საკვებით სხეულის დამძიმება შეგიძლია? მკურნალნი ხომ ავადმყოფებს ხშირად მარხვასა და მრავალფეროვანი სურსათ-სანოვაგისაგან თავის შეკავებას ურჩევენ? ვისაც გაძღომა და ნაირ-ნაირი კერძთა სიმძიმით ტვირთვა შეუძლია, მარხვა აღარ შეუძლია? სხეულისთვის რა უფრო ადვილი და სასარგებლო იქნება - მსუბუქი საზრდელის მიღების შემდეგ მსუბუქად გატარება ღამისა, თუ საჭმლის სიმრავლისაგან დამძიმებული ძილი? განა შეიძლება თქმა იმისა, რომ მძიმედ დატვირთული ნავი უფრო გადაურჩება ზღვის ღელვას, ვიდრე მსუბუქად დატვირთული? ასევეა ადამიანის სხეულიც, ვინც საკვებს ზომიერად და მსუბუქად იღებს, ის უფრო დიდი წარმატებით მოიგერიებს ავადმყოფობას, ვიდრე ის, ვინც მრავალფეროვანი სანოვაგით ტვირთავს სხეულს.

მაგრამ მარხვა არ არის მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება. უპირველესად საკუთარი თავის შეცნობა და ზაქესავით სისუსტეებზე ამაღლებაა... ცხადია, ყველაზე რთული საკუთარი ნაკლოვანებების პოვნა და აღიარებაა, მაგრამ მარხვაც სწორედ ეს არის...

მარხვა სიმართლეა, სიცხადე და გულწრფელობა... ვიყოთ მართალნი, რადგან როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება: არა ვიხილე მართალი დაგდებული, არც თესლი მისი მთხოელ პურისა (ფსალმ. 36,25). რა თქმა უნდა, იგი ხილულ პურს არ გულისხმობს, რადგან კარგად იცის, რომ მართალი იაკობის ძენი ეგვიპტეში წავიდნენ სათხოვნელად პურისა. არამედ მას მხედველობაში აქვს სულიერი საზრდო, რომლის წყალობითაც ჩვენი შინაგანი სამყარო სრულყოფის კიბეზე თანდათან მაღლდება.

დაე, ჩვენი ცხოვრების წესით თავიდან ავიცილოთ ის შიმშილი, რომელიც წყლისა და პურის მოკლებაზე უარესია, შიმშილი - უფლის სიტყვის მოსმენისა...

მოგვანიჭოს უფალმა განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა. ამინ!

მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE-სთვის

დიდ დიღომში "ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის" შენობა დაიტბორა (ვიდეო)

დატბორილი სახლები და გზები - როგორია ვითარება დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში, სადაც ამჟამად სამაშველო სამსახურის 17 ჯგუფი მუშაობს

თბილისში, დიდ დიღომში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - დატბორილია გზები: ფოტოები სოციალური ქსელიდან