17 წლის ქართველი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული

17 წლის ქართველი ბერის ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული

ანტონ მარტყოფელის მონასტრის ეზოში ჩემი ყურადღება მგლოვიარე ადამიანების ჯგუფმა მიიპყრო. ისინი ბერის საფლავს დასტრიალებდნენ...

როდესაც მივუახლოვდი, საფლავის ქვაზე გაკეთებულ წარწერაზე ამოვიკითხე: "ბერი ანდრია მილორავა - 1994-2011". დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი იმაზე მეტყველებდა, რომ სასულიერო პირი 17 წლის ასაკში გარდაცვლილიყო... ადამიანები, რომლებიც მის საფლავთან იდგნენ, ბერის მშობლები, დეიდა და ბებია აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, დავინტერესდი, ასეთმა ახალგაზრდამ როგორ და როდის მოასწრო ბერად აღკვეცა-მეთქი? ამის გარკვევისას კი ერთი დევნილი ოჯახის საოცარი თავგადასავლის შესახებ შევიტყვე, რომელმაც შემძრა...

მილედი ჩხვიმიანი, ბერი ანდრიას დედა:

- სოხუმში, მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე და გავიზარდე; ოთხი ძმა და ორი და მყავს. პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ. ამასთან, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლშიც ვცეკვავდი... კარგად ვცხოვრობდით, არაფერი გვიშავდა, მაგრამ აფხაზეთში ომი დაიწყო... ჩემი ძმები წინა ხაზზე იბრძოდნენ. არც მშობლებს დაუტოვებიათ სოხუმი. ოჯახის წევრები ვერც მე მივატოვე, ექთანის ექსტრემალური კურსები გავიარე და მეომრებს როგორც ექთანი ვემსახურებოდი... ყოველი შემოტევის შემდეგ გულის კანკალით ვეცნობოდი გარდაცვლილთა სიებს და საავადმყოფოებში ჩემს ძმებს ვეძებდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველანი ცოცხლები გადარჩნენ, ბიძაშვილები კი დამეღუპა... ისე მოხდა, რომ ომის დროს გავიცანი ჩემი მეუღლე - ემზარ მილორავა. ისიც იბრძოდა. ჩემი მაზლი - ნუგზარი კი ჩვენი ბატალიონის მეთაური გახლდათ. ასე რომ, მე და ემზარმა ღვთის ნებით, ომის დროს (1993 წლის 2 ივლისს) შევქმენით ოჯახი... სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს მთელ ოჯახს ქალაქის დატოვება მოგვიხდა. უღელტეხილზე 9 დღე-ღამის განმავლობაში ფეხით მივდიოდით... გზაში უამრავი გარდაცვლილი გვხვდებოდა. 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი და ჩემთვის ამ ყველაფრის ხილვა მძიმე ასატანი იყო... მოკლედ, ღვთის წყალობით, ჯოჯოხეთური გზის შემდეგ ჩავაღწიეთ სოფელ ჭუბერამდე. წარმოშობით იქიდან ვართ და ჩვენი ბაბუის სახლში მივედით, მაგრამ იქ 60 კაცამდე დევნილი დაგვხვდა. მამაპაპისეულ სახლში ჩვენი ადგილი არ აღმოჩნდა. რადგან ფეხმძიმედ ვიყავი, მამა ჩემ გამო განსაკუთრებულად წუხდა. იმდენი დღის ძალაგამოცლილს მოსვენება მჭირდებოდა და როგორღაც სვანური ღუმლის ქვეშ დამიგეს ქვეშაგები...

- დიდხანს იყავით ჭუბერში ასეთ პირობებში?

- რაკი ჩვენს სახლში ადგილი არ იყო, ჭუბერიდან სოფელ ლატალში, დეიდასთან გადავედით. ჩემი დედამთილ-მამამთილი ჩემი მაზლის მოსაძებნად წავიდნენ (ის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის იყო), მე და ჩემი მეუღლე კი სვანეთში დავრჩით, რადგან სხვაგან წასასვლელი არ გვქონდა...

- თქვენი მაზლის კვალს საბოლოოდ მიაგენით?

- სამწუხაროდ, ვერა...

- ფეხმძიმობის პერიოდი ბოლომდე სვანეთში გაატარეთ?

- კი. სანამ გავთხოვდებოდი, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. თურმე ექიმებს დედაჩემისთვის უთქვამთ, შვილი არ ეყოლებაო. არადა, გათხოვების შემდეგ მალევე დავორსულდი. ამის შესახებ დედას რომ ვახარე, შეიცხადა, რაც გამიკვირდა. ჩემებს სერიოზული შიში ჰქონდათ, რომ ბავშვის გაჩენას ვერ შევძლებდი, მაგრამ ექიმების პროგნოზების საწინააღმდეგოდ, 1994 წლის 23 თებერვალს ვაჟიშვილი შემეძინა. ბავშვს ჩემი მაზლის სახელი - ნუგზარი დავარქვით... პატარა 4 თვის იყო, ქუთაისში რომ გადავედით. სასტუმრო "ქუთაისის" ერთ ოთახში, ორადგილიან ნომერში 9 სული ვცხოვრობდით. ჩვილმა პირველი სიტყვა რატომღაც, სვანურად თქვა - იმღა (რატომ?)... მშვიდი და საყვარელი ბავშვი იყო. კარგად სწავლობდა და წერდა, მაგრამ ცოდნის გამოვლინების მხრივ არ აქტიურობდა... მისი ჩანახატები, მოთხრობები ხელიდან ხელში გადადიოდა. 12 წლის იყო, როცა მისი ნამუშევრების ერთ ბროშურად გამოცემის სურვილი გამიჩნდა, რადგანაც თვითონ არ უფრთხილდებოდა იმ ნაწერებს. შემდეგ მისი ნამუშევრების კრებულს თუ ვინმეს ვაჩუქებდი, რცხვენოდა...

- როგორც გავიგე, საკმაოდ პატარას გასჩენია სურვილი, მომავალში ბერად აღკვეცილიყო...

- კი, მეექვსეკლასელმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მისი კლასის დამრიგებელმა, ცირა ყურაშვილმა კლუბი - "მოძრავი ბიბლიოთეკა" ჩამოაყალიბა. ბავშვები იქ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ თანატოლებს უყვებოდნენ წაკითხულის შესახებ. ერთ-ერთი წიგნი ბერი ანდრია ყურაშვილის (აფხაზეთში - კომანში დახვრიტეს) ცხოვრებას ეხებოდა, რომლის წაკითხვამაც საოცარი შთაბეჭდილება დაუტოვა... იმ კლუბის მეშვეობით ბავშვებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი მოილოცეს... ერთხელაც, ინგლისურის მასწავლებელმა, მარინა გიორგობიანმა დამიბარა და მითხრა, - იცით, რომ თქვენს შვილს ბერობა უნდაო? ამის მოსმენა ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ მაშინ, ღვთის მადლით, ასეთი სიტყვები წარმოვთქვი: დიდება ღმერთს, თუ იმის ღირსი გავხდები, რომ ჩემი შვილი უფლის სამსახურში ჩადგება-მეთქი! ნუგზარის ამ სურვილზე მამამისს მწვავე რეაქცია ჰქონდა: - ერთადერთი შვილი მყავს და ბერად რატომ უნდა აღიკვეცოსო?!. მაგრამ იმის შემდეგ ამ თემაზე ყურადღება არც ერთს არ გაგვიმახვილებია.

- მამა ანდრიას უკურნებელი სენი როდის შეეყარა?

- მეცხრე კლასი რომ დაამთავრა, შევატყვე, რომ სწავლას მოუკლო, რისთვისაც ვსაყვედურობდი. მეუბნებოდა, - დედა, არ შემიძლია, ძალაგამოცლილი ვარ, მალე ვიღლებიო. არადა, რა ვიცოდი, ბავშვს თურმე უკურნებელი სენი ჰქონდა შეყრილი. გასაოცარი კი ის არის, რომ ყოველწლიურად, პროფილაქტიკის მიზნით, გამოკვლევებს ვუტარებდი და აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. არადა, მეოთხე სტადიის კიბო ჰქონია და ამას ვერც ერთი სპეციალისტი ვერ ამჩნევდა. როგორც ჩანს, ყველაფერი ღვთის ნება იყო, მას ის მძიმე დღეები უნდა გაევლო, რაც გაიარა... სხვათა შორის, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, თავს სუსტად რომ გრძნობდა, თურმე იცოდა (სიზმარში გამოცხადება ჰქონდა), რაც სჭირდა... მის სისუსტეს ძირითადად გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ. ტუბდისპანსერში მხოლოდ მაშინ დაეჭვდნენ, როდესაც ფილტვში 2 დიდი ინფილტრატი (ქსოვილის გამკვრივება) აღმოუჩინეს; სავარაუდოდ, ტუბერკულომააო. არადა, თვითონ ამბობდა, რომ ტუბერკულოზი არ სჭირდა... შემდეგ ფილტვზე ოპერაცია გაუკეთდა და დადასტურდა, რომ ტუბერკულოზი კი არა, კიბო ჰქონდა. ონკოლოგიურში რომ გაგვგზავნეს, მეკითხებოდა, რა მჭირსო? - სიმსივნე, ოღონდ, კეთილთვისებიანი-მეთქი. ქიმიოთერაპია რომ დაუნიშნეს, მკითხა, - თუ კეთილთვისებიანია, მაშინ "ქიმია" რატომ უნდა გამიკეთონო?.. მოკლედ, ნელ-ნელა მივყავდი იმ აზრამდე, რომ მის უმძიმეს დაავადებას შევგუებოდი... ერთხელ ჩემი მეგობარი ონკოლოგი მის სანახავად მოვიდა. ნუგზარმა მას ჰკითხა: როდესაც პაციენტებს ავთვისებიანი სიმსივნე უდგინდებათ, თუ ეუბნებით ამის შესახებო? ვერ ვეუბნებიო, - მიუგო მან. - ამის უფლება არ გაქვთ, უნდა უთხრათ, რადგანაც ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სულის საცხონებელი დაავადება სჭირს და ამ სოფლიდან გასვლისთვის უნდა მოემზადოს; თუ პაციენტებს ამას არ ეტყვით, მაშინ მოძღვარს აღსარებისას უთხარით, რომ ავადმყოფებს ატყუებთ და ეს ცოდვა მოინანიეთო. ჩემი მეგობარი ცუდად გახდა, იტირა... იმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მისთვის არაფერი დამემალა... როდესაც ჩვენ შორის უკვე არაფერი იყო დამალული, შენდობა მთხოვა, - იმისთვის, რომ ჩემ გამო ასე დაიტანჯეო. ყოველ მეორე-მესამე დღეს სხეულზე ახალ წარმონაქმნს რომ პოულობდა, ამბობდა, - თუ ღვთის წყალობა იქნება, ის როგორც გაჩნდა, ისევე გაქრებაო... მაგრამ ბოლოს ისიც იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა და მამშვიდებდა: რას იზამ, დედა, ასეა, ამ ქვეყნიდან 17 წლის ასაკში უნდა გავიდეო...

-ონკოლოგიურ საავადმყოფოში რამდენ ხანს იწვა?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია