"მამაკაცები, როგორც კონკურენტს, ისე მიყურებდნენ..." - პილოტი ქალის სახიფათო არჩევანი

"მამაკაცები, როგორც კონკურენტს, ისე მიყურებდნენ..." - პილოტი ქალის სახიფათო არჩევანი

ახალგაზრდა, მშვენიერი გოგონა - ეკა ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე წელია, მუშაობს. ქართველი მამაკაცების გვერდით ბევრი ქართველი ქალი მსახურობს და ისინი საკმაოდ მოტივირებულები არიან. ალბათ, სუსტი სქესის წარმომადგენლისთვის ქვეყნის სადარაჯოზე დგომა რთულია, მაგრამ საქმის სიყვარულით, ისინი დაბრკოლებების გადალახვას ახერხებენ. აგვისტოს ომის დროსაც, მამაკაცების გვერდით, ჯარისკაცი ქალებიც იარაღით ხელში იცავდნენ სამშობლოს. ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებს მფრინავი ქალი ჰყავს. მეტისმეტად რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიას სერჟანტი ეკა ქვლივიძე კარგად დაეუფლა. მიზანსწრაფულ, ენერგიულ გოგონას საკუთარი არჩევანი ძალიან მოსწონს და დარწმუნებულია, რომ უფრო დიდი წარმატებები წინ ელის.

ეკა ქალაქ საგარეჯოში დაიბადა და გაიზარდა. საშუალო სკოლაც იქ დაამთავრა და 2003 წელს თბილისის საავიაციო ინსტიტუტში, საინჟინრო ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შეიტყო, რომ მფრინავების შერჩევა იყო გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა, შერჩევის რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა.

- ეკა, თავდაცვის სამინისტროში მუშაობა რატომ გადაწყვიტეთ?

- დაახლოებით მერვე კლასში სწავლისას უკვე გადაწყვეტილი მქონდა, სამხედრო მოსამსახურე გავმხდარიყავი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, კონკრეტულად რა სპეციალობას ავირჩევდი. მე-9 კლასში მივიღე გადაწყვეტილება, რომ 9 კლასის ბაზაზე, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გამეგრძელებინა სწავლა. რამდენიმე ფაკულტეტი იყო და ვფიქრობდი, რომელი პროფესია ამერჩია. საბოლოოდ, საავიაციო ფაკულტეტზე შევჩერდი, მივხვდი - მინდოდა, მფრინავი გავმხდარიყავი, მაგრამ იმ წელს გოგონები არ მიიღეს. სერიოზულად ვემზადებოდი: ვსწავლობდი უცხო ენებს და ვცდილობდი, სულ ფორმაში, ფიზიკურ მზადყოფნაში ვყოფილიყავი, რათა ის ნორმატივები, რომლებიც სამხედროს მოეთხოვება, მაქსიმალურად დამეძლია. ჰოდა, მიზანს მივაღწიე. თავდაცვის სამინისტროში 2007 წლიდან ვმუშაობ. ამჟამად მარნეულის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე ვარ, დავფრინავ საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავით, ე.წ. "ალბატროსზე". ჯერჯერობით Pსრული პროგრამა დამთავრებული არ მაქვს, ჯერ კიდევ კურსანტად მივიჩნევი.

- ბუნებით, ალბათ, ექსტრემალი ხართ. თქვენს ხასიათსა და გატაცებებზე გვესაუბრეთ.

- ექსტრემალი თუ არა ხარ, მფრინავი ვერც გახდები, მით უმეტეს, ისეთ თვითმფრინავს ვერ მართავ, რომელიც რეაქტიულია; თუ ეს ყველაფერი შინაგანად არ გიყვარს, ამას შენი სულიერი სამყარო არ გთხოვს, მუშაობა ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, ექსტრემალი ვარ, რადგან სირთულეები, ხიფათიანი ცხოვრება მიყვარს და საკუთარი არჩევანი ძალიან მომწონს. ჩემი პროფესია ლამაზი და საამაყოა. შეიძლება, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ როდესაც სამხედრო თვითმფრინავში ჯდები და ჰაერში ადიხარ, ფიქრობ, რომ მთელი ქვეყნის დაცვა შეგიძლია, ყველაფერი შენი კონტროლის ქვეშ გგონია და ძალიან ამაყი ხარ.

- ქალისთვის რამდენად რთულია ეს საქმე და როგორ გაართვით თავი?

- ქალისთვის საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ყველა ჩემი ქმედება ორმაგი დაკვირვების ობიექტად იყო ქცეული. თუ მამაკაცებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთვის ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - გავაკეთებთ თუ არა, შევძლებთ თუ არა დაკისრებული მისიის შესრულებას. ფსიქოლოგიური დატვირთვა უფრო რთული იყო, ვიდრე პროგრამის დაძლევა. ახლა ეს ეტაპი გავლილი მაქვს. როდესაც დამოუკიდებლად გავფრინდი, თითქმის არავის სჯეროდა, რომ ეს შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცების მხრიდან უფრო მეტად, თანაგრძნობა და თანადგომა იგრძნობოდა, ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როდესაც როგორც კონკურენტს, ისე მიყურებდნენ. ეს გამაღიზიანებელია. გარკვეულწილად, მათიც მესმის - ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ იმავე საქმეს ვაკეთებ, ჩემს ფონზე გმირი აღარ ჩანს... არადა, მამაკაცებს სულაც არ ვეჯიბრები. მირჩევნია, ისინი ჩემზე მაგრები იყვნენ. უბრალოდ, ჩემებურად ვცდილობ, საქმე ვაკეთო და ქვეყანას ვემსახურო.

- იქნებ თქვენს პირველ ნაბიჯებზე ისაუბროთ ანუ იმ დღეზე, როცა პირველად, დამოუკიდებლად განახორციელეთ ფრენა.

- საავიაციო ინსტიტუტში ჩაბარებისას დიდი ბრძოლა დამჭირდა, რათა დამემტკიცებინა, რომ ამ ფაკულტეტზე სწავლას შევძლებდი. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გოგონები მიიღეს. ვცდილობდი, მეჩვენებინა, რომ ამ სფეროში წარმატების მიღწევა ქალსაც შეეძლო... პირველ კურსზე სწავლისას, ბოინგის სახელობის სტიპენდია მოვიპოვე. ინსტიტუტში 4 წელი ვისწავლე, ინჟინრის დიპლომი ავიღე. სახელმწიფო გამოცდებისთვის ვემზადებოდი, როდესაც საჰაერო სარდლობაში გასაუბრება გამოცხადდა. ვიცოდი, რომ მხოლოდ ბიჭებს იღებდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს, ჩემთვისაც მოეცათ შანსი. დადგა საკითხი, რას ავირჩევდი - თვითმფრინავს თუ ვერტმფრენს. მაშინვე თვითმფრინავი ავირჩიე, რადგან მეტი ექსტრემია... რაც შეეხება დამოუკიდებლად ფრენას, - ავიაციაში მიღებულია, რომ დამოუკიდებლად ფრენის დღე მეორე დაბადების დღეს ნიშნავს, ამას მეორე ნათლობას ეძახიან. ეს დღე არასოდეს გავიწყდება... დამოუკიდებლად 2009 წლის 27 მარტს გავფრინდი. ვიდრე დამოუკიდებლად იფრენ, შემოწმებას ჯერ ინსტრუქტორთან გადიხარ, შემდეგ - ნაწილის მეთაურთან. საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი პიროვნებაა. მეშინოდა, არაფერი შემშლოდა. აქ ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. თუ მიიჩნიეს, რომ მზად არა ხარ, დაგიმატებენ პროგრამას, კიდევ - პრაქტიკას, რაც ვფიქრობ, სამარცხვინოა... ძალიან მოვინდომე, ფრენა კარგად გამომივიდა და მეთაურმა მითხრა, რომ გასაფრენად მზად ვიყავი. თავიდან შიში დამეუფლა, მაგრამ როგორც კი თვითმფრინავში ჩავჯექი, გავიფიქრე, რომ მივაღწიე იმას, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდი; შიში საერთოდ გამიქრა, დაძაბულობაც მომეხსნა. მერწმუნეთ, ეს ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. დაჯდომის შემდეგ მითხრეს, - მთელი საჰაერო ძალების ნაწილი არ სუნთქავდა, სანამ ჰაერში იყავიო... ამის შემდეგ დამოუკიდებლად ფრენა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

- ხიფათის წინაშე აღმოჩენილხართ?

- ჩემი პროფესია მუდმივად სახიფათოა. წვრილმანი სირთულეები მქონია, მაგრამ სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ავიაციაში ძალზე მნიშვნელოვანია წესების დაცვა. ნათქვამია, - თითოეული წესი სისხლით არის დაწერილიო. ერთი მათგანის დარღვევითაც შეიძლება, კატასტროფა გამოიწვიო ან საკუთარი თავი დაღუპო.

- ალბათ ბევრი კურიოზული სიტუაციაც გქონიათ. გვიამბეთ ამის შესახებ.

- საგარეჯოდან მარნეულში დავდივარ და დღეში დაახლოებით, 200 კილომეტრს ვფარავ. მაშინ მანქანის მართვა ახალი ნასწავლი მქონდა. დაახლოებით შუა გზაზე რომ ვიყავი, მივხვდი, სარკეებში უნდა გამეხედა. გავიხედე და იმხელა სატვირთო მანქანა დავინახე, შემეშინდა... მერე მთელი კვირა სულ ვლოცულობდი - ხმელეთზეც და ჰაერშიც, რომ ცოცხალი გადავრჩი. არადა, ჩემი ოჯახის წევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ ავტომობილის მართვა ვიცოდი და მშვიდად იყვნენ. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია