"ბინების გაყიდვა ლამის შეჩერებულია" - რამდენი ხნით "გაიყინება" უძრავი ქონების ბაზარი

"ბინების გაყიდვა ლამის შეჩერებულია" - რამდენი ხნით "გაიყინება" უძრავი ქონების ბაზარი

საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებმა მეტნაკლებად ყველა სფეროს წინსვლა შეაფერხა, მათ შორისაა უძრავი ქონების ბაზარიც.

როგორც დეველოპერები და უძრავი ქონების სააგენტოს მუშაკები ამბობენ, ასეთი შენელება კარგა ხანია არ ახსოვთ. მსგავსი რამ მხოლოდ 2008 წელს ხდებოდა, როდესაც ომის გამო ყველაფერი აირია და ეს სფეროც გაიყინა. ბინის ყიდვისაგან ყველა თავს იკავებს იმის გამო, რომ დოლარი ძალიან გაძვირებულია, სესხის აღებასაც ყველა უფრთხის იმიტომ, რომ არავინ იცის, რა იქნება ხვალ. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, შეიძლება რეფინანსირების განაკვეთიც გაიზარდოს, ამას ემატება ისიც, რომ გაურკვეველია, როგორი კურსი იქნება ხვალ, ან ზეგ და რა კურსით მოუწევს მსესხებელს თანხის გადახდა. რეალიზაციის შემცირებას უჩივიან სამშენებლო კომპანიებში და ამბობენ, რომ ბინის მყიდველთა რაოდენობა არნახულად არის შემცირებული. სამშენებლო კომპანია "ალფას ბიზნეს ჯგუფის" წარმომადგენელმა ანა კუნჭულიამ ბპნ.გე-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით კომპანიის კლიენტთა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო, რადგან ხალხი ბინებს ძირითადად სესხებითა და განვადებებით ყიდულობდა, ახლა კი, მსგავს რისკზე წასვლას ყველა ერიდება.

გაცილებით მწვავედ აფასებს სიტუაციას კომპანია "ლუმაქ ჯგუფის" გაყიდვების მენეჯერი ჯაბა ჩარკვიანი:

- ბინების გაყიდვა ლამის შეჩერებულია, ვისაც ფულის ნაწილი ჰქონდა შემოტანილი, სრული თანხა იმასაც ვეღარ შემოაქვს. შემოდგომაზე დღეში ათი კლიენტი რომ შემოდიოდა, ახლა 4-5 დღე ისე გაივლის, რომ ჩვენს ოფისში ერთი რეალური მყიდველიც არ შემოდის. დეკემბრის ბოლოდან განსაკუთრებით შემცირდა ბინების რეალიზაცია ანუ მას შემდეგ, რაც ლარის კურსი 2-ს გადასცდა. გვყავს ისეთი კლიენტები, ვისაც ბანკში ანაბარი ეროვნული ვალუტით ჰქონდა შეტანილი, და ახლა ლარის გამყარებას ელოდებიან. ერთი კლიენტი გვყავდა, რომელმაც ნოემბერში მოგვაკითხა და გვითხრა: ბანკში თანხა მაქვს შენახული, იანვარში სარგებელი დამემატება და ბინას მერე ვიყიდიო, სარგებლის დამატების ნაცვლად სოლიდური თანხა დაკარგა და ახლა ფულის გამოტანასაც თავს არიდებს, ელოდება ლარი როდის გამყარდება.

რეალიზაცია შეუმცირდა დეველოპერულ კომპანიას - "სახლი დიღომში". ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თინათინ ასლამაზიშვილმა გვითხრა, რომ მიუხედავად კლიენტურის შემცირებისა, კომპანია მაინც მუშაობს:

- მართალია, რეალიზაცია შეგვიმცირდა, მაგრამ ჩვენ გამოუსწორებელი მდგომარეობა ნამდვილად არა გვაქვს. ისედაც საკმაოდ აქტიურად ვყიდდით ბინებს. ამ ეტაპზე რეალიზაცია გაგვინახევრდა, მაგრამ მაინც ვმუშაობთ. ახლა ჩვენი ბინები უფრო მეტად საბანკო განვადებებით იყიდება. ტემპი აშკარად შენელდა, მაგრამ საგანგაშო მაჩვენებელი არა გვაქვს. ყველანაირი ფართის ბინა გვაქვს - დაწყებული 12 კვ. მეტრიდან, დამთავრებული 120 კვ. მეტრით და ყველა სეგმენტს ვემსახურებით. მათალია, ჩვენი ბინები ისეთი ინტენსივობით აღარ იყიდება, როგორც ლარის გაუფასურებამდე იყიდებოდა, მაგრამ გაჩერებით არ გავჩერებულვართ.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია