ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური კამპანია ბარბარიზმების დასამარცხებლად!

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური კამპანია ბარბარიზმების დასამარცხებლად!

ბარბარიზმი ბერძნული სიტყვაა, ბარბაროსისგან არის ნაწარმოები და მართლაც სხვა ენის მეტყველებაში ბარბაროსულად იმკვიდრებს ადგილს. ქართული ენის ბუნებისთვის შეუფერებელი და უცხო სიტყვები ყოველთვის ჩნდებოდა ქართულში და დღესაც ასეა. ბარბარიზმი ისეთი კალკია, რომელიც მოცემული ენის სალიტერატურო ნორმებს არღვევს. ის ზოგჯერ საჭიროების გარეშე ნახმარი უცხო სიტყვაც არის, რითაც ლამის აივსო ჩვენი დედაენა...

ამ პრობლემას ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა დროული და საჭირო აქცია დაუპირისპირა: "ძირს ბარბარიზმები", რომლითაც სოციალური ქსელის საშუალებით უამრავი ადამიანი გამოიწვია. პროექტში ასაკის მიუხედავად, ადამიანები დიდი მონდომებით და ხალისით ერთვებიან.

გოგა ჩანადირი:

- რაც თავი მახსოვს, ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მუდმივად ქართულ ენას ვიცავ. გარშემო ყველას მივმართავ ხოლმე, რომ ენა ბარბარიზმებისგან დავიცვათ, მაგრამ ამ ყველაფერმა ახლა მასობრივი ხასიათი იმიტომ მიიღო, რომ "ფეისბუქზე" გამოვჩნდი და 21 თებერვალს, გაეროს მიხედვით, მშობლიური ენების საერთაშორისო დღეს დავამთხვიე და ამ პროექტის მასშტაბურობისთვის სოციალური ქსელი გამოვიყენე.

თუმცა "ფეიბუქ-აქცია" - "გავწმინდოთ ქართული ენა ბარბარიზმებისგან," ცოტა ადრე დაიწყო. თებერვლის შუა რიცხვებში მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების პროგრამის - "მომავალი თაობა" კოორდინატორმა სოფო ბაჩილავამ მიმიწვია, სადაც მოსწავლეებთან საქართველოზე, სამოქალაქო კულტურაზე, ქართულ ენაზე ვისაუბრეთ და გაჩნდა იდეა, ვინც იქ ვიყავით, 21-ში "დედა ენის" ძეგლთან შევკრებილიყავით და ასეც მოხდა. ბავშვებმა ფურცლებზე დაწერეს ბარბარიზმები და მათი სწორი შესატყვისები. მერე ამ საქმეში სხვებიც გამოვიწვიეთ და მასობრივი სახე მივეცით.

- პირველი ბარბარიზმი, რაც პროექტის ინერნეტმიმართულების საწყისად იქცა და "ფეისბუქის" პირად გვერდზეც ატვირთე კიდეც, იყო გააზიარე-გააშიარე...

- კი და ამას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, ამ ბარბარიზმის შეხსენება და მისი შესატყვისის - გაზიარების გახსენების და ზოგადად როგორც იდეის სხვებისთვის გაზიარების. ბარბარიზმს არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავუყრუოთ. რეალურ ცხოვრებაში შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ წლების განმავლობაში, იმას მივაღწიე, რომ ჩემი მეტყველებიდან ბარბარიზმი მთლიანად განვდევნე. თუ ამაზე მუდმივად ფიქრობ, ცუდი არ არის, ნელ-ნელა ეს ყველაფერი გაგიჯდება და ბარბარიზმს მეტყველებაში აღარ გამოიყენებ. ამიტომ ადამიანი სულ მობილიზებული უნდა იყოს.

- შინაარსა და მიზანზე ვილაპარაკეთ. რაც შეეხება ფორმას, - სიტყვების ხელის გულზე დაწერას, მართლაც ორიგინალურია. რას გვეტყვი ამაზე?

- ადამიანებმა, ვინც ამ პროექტში ჩაერთნენ, სხვა ფორმებიც მოძებნეს. თუმცა მაინც გვინდოდა, რომ ეს იდეა ხელის გულით გაგვევრცელებინა, ხელის გულზე დაწერა მარტივია. მერე ჩვენი ენა ისეთია, რომ მართლაც ხელის გულით უნდა ვატაროთ, თან, კარგი თვალსაჩინოებაა, დასამახსოვრებელი. ამ ყველაფერში ბევრი რამ იქცევს ყურადღებას, - თითები, ხელის ფორმა, ხელის გულთან ადამიანებისთვის ბევრი რამ არის დაკავშირებული. ზოგადად ხელი ხომ ისეთივე იარაღია, როგორც თვალი...

- იმ ფოტოებისგან, რაც უკვე მოგროვდა, გამოფენის მოწყობასაც ხომ არ გეგმავ?

- აპრილში ჩაფიქრებული მაქვს ორიგინალური და საინტერესო ფოტოების გამოფენის მოწყობა. ფოტოებზე ხშირად გამოყენებული ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები იქნება აღბეჭდილი, რომელიც ადამიანებმა თავად გადაიღეს. ეს ხომ სახალხო პროექტია? მართლა საინტერესოა ყოველი ადამიანის მოფიქრებული ერთი სიტყვაც კი. როგორც სტკიოდათ, შეაწუხათ, ისე დაწერეს და მოგვაწოდეს. მერე ყველას ხომ სხვადასხვა ხელწერა აქვს და ესეც მნიშვნელოვანია. ზოგმა მართლა ორიგინალური ფორმით გამოხატა პოზიცია და სათქმელი, ანუ ადამიანებს შეახსენა მისი ქართული შესატყვისი.

ყველაზე მატად მახარებს, რომ ამ საქმეში ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები. მათ აქედანვე უნდა ისწავლონ და იმეტყველონ სწორად... მეტი და მეტი წიგნი წაიკითხონ. წიგნი მთავარი წყაროა სალიტერატურო ენის განვითარებისთვის. როგორც კი წიგნს დაუბრუნდება ადამიანი, მაშინვე გამართავს მეტყველებას. წელიწადში მინიმუმ, 12 წიგნი მაინც უნდა წაიკითხონ. თუ ტბაში ახალი წყლის ნაკადი არ შეუშვი, დაჭაობდება. მოკლედ, პროექტი მასობრივი გახდა და მახარებს.

- ენათმეცნიერები რამდენად არიან ამ საქმეში ჩართულები

- ბევრი წელია არ მომისმენია არც ერთი, თუ არ ჩავთვლით, ლევან ღვინჯილიას გამოსვლა იმ უმსგავსობასთან დაკავშირებით, რაც ქართულ სამეტყველო ენაში ხდება.

- გოგა, სკეპტიკოსებიც გამოჩდნენ, რომ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, რადგანაც დღეს, ხვალ და ზეგ აღარ ემახოვრებათ. ეს ყველაფერი შედეგს არ გამოიღებსო...

- თუ არ იმოქმედე, ნაყოფს არასდროს არაფერი არ გამოიღებს. მებაღემ თუ ხეხილის ნერგი არ ჩარგო, ნაყოფს ვერ მოიწევს. ჩვენ ხეხილი ჩავრგეთ, დანარჩენი ადამიანის ზრუნვაზეა დამოკიდებული, რამდენად მოუვლის ბაღს. უიმედო არ ვარ. უმოქმედობას მოაქვს უიმედობა, თუ იმოქმედებ და სკეპტიკოსები საკუთარი თავიდან დაიწყებენ ცვლილებებს, ეშველებათ. ვამაყობ, რომ პირადშიც მომწერეს ადამიანებმა და რომ საჯაროდაც დაწერეს, რომ ვეცდები, ბარბარიზმებით აღარ ვილაპარაკოო. მცდელობიდან იწყება საქმე. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, უკეთესები ვიქნებით, ვიდრე ვართ.

ლალი ფაცია

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია