"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" "მაგთიკომს" აუდიტორიის მოთხოვნის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" "მაგთიკომს" აუდიტორიის მოთხოვნის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს განცხადებით, Must Carry-ს მიზნები არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი პალიტრა TV-სა და "მაგთიკომის" დავაში.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკვე წელიწადზეა მეტია, რაც "მაგთიკომი" უარს აცხადებს "პალიტრა TV"-ს მაგთისატის სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში განთავსებაზე. მხარეთა შორის მიმდინარე არაერთი მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. კომპანიებს შორის დავა განიხილა, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ, ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლომ.

"პალიტრა TV"-ს მოთხოვნა მაგთისატის სამაუწყებლოს არხის სამომხმარებლო პაკეტში ჩართვის შესახებ ეფუძნება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 (1) მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ადგენს ე.წ. Must Carry/Must Offer რეგულაციას, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო კომპანიებს) ავალდებულებს, საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი თუ კერძო ლიცენზირებული საერთო მაუწყებლები.

Must Carry-ს პირველი დროებითი რეგულაციები ქართულ კანონმდებლობაში შევიდა 2012 წელს კამპანიის "ეს შენ გეხება" ფარგლებში სამოქალაქო სექტორის აქტიური ადვოკატირების შედეგად. კამპანიის მიზანი იყო, რომ კერძო მაუწყებლების მიერ შექმნილ კონტენტზე, რომელთაც საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემები აქვთ, მაყურებელთა მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონოდა წვდომა. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარი, იმის გათვალისწინებით, რომ რიგი მედიასაშუალებები, პოლიტიკური მიზეზების გამო, დისკრიმინაციულად რჩებოდნენ საკაბელო ოპერატორების ბადის მიღმა. 2013 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, Must Carry/Must Offer რეგულაციებმა მუდმივი ხასიათი მიიღო.

სამწუხაროა, რომ "მაგთიკომი" არ ათავსებს "პალიტრა TV"-ს საკუთარ ბადეში მაშინ, როდესაც, "პალიტრა TV"-ს განცხადებით, სხვა მაუწყებლებს, რომლებიც მსგავსი ფორმატით მაუწყებლობენ და სიგნალს გადასცემენ, ოპერატორი მომხმარებელთა პაკეტში დაუბრკოლებლად ათავსებს. მართალია, კანონმდებლობით შეუძლებელია ყველა მდგომარეობის წინასწარ გათვალისწინება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის მიზანი, რისთვისაც თავდაპირველად მიღებულ იქნა Must Carry/Must Offer რეგულაციები, დაცული იყოს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს "მაგთიკომს", მაქიმალურად გაითვალისწინოს აუდიტორიის მოთხოვნა და განათავსოს "პალიტრა TV" საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში, რაც მხოლოდ შეუწყობს ხელს ქვეყანაში პლურალისტური აზრის გარემოს გამტკიცებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია