როგორ იშოვა ფული თემურ ჭყონიამ და იცის თუ არა ბიზნესმენმა, რამდენ მილიონს ფლობს

როგორ იშოვა ფული თემურ ჭყონიამ და იცის თუ არა ბიზნესმენმა, რამდენ მილიონს ფლობს

საქართველოს კერძო სექტორში მიიჩნევა, რომ თემურ ჭყონია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესმენია. სწორედ მის სახელს უკავშირდება მსოფლიოში ორი ცნობილი ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე შემოყვანა. სხვადასხვა გათვლებით, ქართველი ბიზნესმენის ქონება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად ფასდება და თუ გაუფასურებულ ლარში გადავიყვანთ, შესაძლოა, ”კოკა-კოლას” პრეზიდენტის ქონება მილიარდი ლარიც კი იყოს. როგორ დაიწყო თემურ ჭყონიამ ბიზნესი და კიდევ რა ბიზნესის წამოწყებას გეგმავს მომავალში, ამ და სხვა საკითხებზე ”კოკა-კოლას” პრეზიდენტმა გადაცემაში ”ბიზნეს PRESS” ისაუბრა, რომელიც პალიტრა TV-ს ეთერში 2 მარტს გავიდა. Bpn.ge ბიზნესმენის ინტერვიუს ბეჭდურ ვერსიას გთავაზობთ.

-არის თუ არა თქვენი ქონება თითქმის მილიარდი ლარის ტოლფასი?

-ლარი ისე მოძრაობს ახლა, შეიძლება ხან მილიარდი იყოს, ხან - ნახევარი. ასე რომ, არ ვიცი.

-თქვენი კოლეგები ამბობენ ხოლმე, რომ მთავარი ფული არ არის. თქვენ როგორ აფასებთ?

-მე არ ვეთანხმები. ჩემთვის მთავარი არის შედეგი და შედეგი არის თანხა. რაც უფრო მეტია, უფრო კომფორტული ხარ, უფრო ძლიერი ხარ, უფრო მეტი ფიქრის საშუალება გაქვს და უფრო მოტივირებული ხარ.

-მაინც რამდენად აფასებთ ...

-მე ალტრუისტი არ ვარ.

-არც ისინი არიან ალტრუისტები. უბრალოდ, ამბობენ ხოლმე - ჩვენთვის ფული მთავარი არ არის.

-ჩემთვის მთავარია.

-რამდენად მთავარია?

-მთავარი - მინდა, სწორად გაიგოთ. მთავარი იმიტომ კი არა, რომ ბევრი დავლიო, ბევრი ვჭამო და ჩავიცვა, მთავარია იმიტომ, რომ გონების, იმ პროექტების რეალიზაციის საშუალება მეძლევა, რომლებიც მე მაწუხებს, რომლის გაკეთებაც მინდა. ქვეყნის სიმდიდრე არის ის ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რაც ქვეყანაშია. სხვათა შორის, საქართველოში არავის დაუთვლია, ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენი ქარხანაა, რა ღირებულების არის ეს ქარხნები, რამდენი ბიზნესია საქართველოში და ქვეყნის სიმდიდრე, რა ღირს საქართველო.

- თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში...

-პირველი ნაბიჯები... არ ვიცი. ძალიან ბევრი რაღაც მაქვს დაწყებული. არ მახსოვს. საერთოდ, წარსულზე არ მიყვარს საუბარი. იმიტომ, რომ წარსულზე საუბარი ბევრ დროს წაგვართმევს. დღეს საქართველოში ზუსტად ასეა, ჩვენ ყველა ვსაუბრობთ წარსულზე, ისტორიაზე, სიმღერებს ვწერთ დავით აღმაშენებელზე და მოგვხედე დავითო, მივტირით მე-12 საუკუნეში გარდაცვლილ მეფეს.

-ამას არ ვგულისხმობ. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ შესაძლოა, თქვენი წარსული და თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში ვიღაცისთვის იყოს მაგალითი. ხომ შეიძლება, დღესაც ვიღაცამ გაიმეოროს თქვენს მიერ გავლილი გზა ან არ გაიმეოროს თქვენი შეცდომები?

-შეცდომები? არ გეთანხმებით. ცხოვრება შედგება შეცდომებისგან და ბედნიერი დღეებისგან, ეს არის ადამიანის ისტორია. სულ ბედნიერი ვინ ყოფილა, არ არსებობს ეგეთი რამე. მე ის შეცდომებიც მომწონს, რომელიც დავუშვი, რომელსაც მომავალშიც დავუშვებ, ამასაც ველოდები. ადამიანი შედგება შეცდომებისგანაც, წარმატებისგანაც და ეს არის ბედნიერება.

-მაშინ მითხარით, როგორ კეთდება ბიზნესი საქართველოში?

-ჩვეულებრივად, როგორც ყველა ქვეყანაში - აქ განსაკუთრებული არაფერია. ხშირად საუბრობენ, რომ ქართული ეკონომიკა შეცდომაა. არ არსებობს ასეთი ცნება. ქართული მათემატიკა არსებობს? შეიძლება იყოს ქართული მათემატიკური სკოლა, რომელიც არის დაფუძნებული იმ ფორმულებზე, რომელიც კაცობრიობამ შექმნა. ჩვენ ცალკე ნუ ვეყოფით. ისედაც გვეყოფა, ცალკე რომ ვართ გამოყოფილი, იზოლირებული ვართ რაღაც-რაღაცებში, კომპლექსები გვაქვს. ვფიქრობ, რომ ის სიძნელეები, რაც ბიზნესის განვითარებას სჭირდება, პიროვნული თუ სახელმწიფოსი, ყველა ქვეყანაში თითქმის მსგავსია.

-ნაბიჯ-ნაბიჯ რომ გავიაროთ, თუკი საქართველოში გაქვს კარგი იდეა და არ გაქვს კაპიტალი, ფული, შეგიძლია ეს ფული იშოვო?

-რა თქმა უნდა.

-სად?

-რა ვიცი, გააჩნია, როგორი იდეა გაქვთ. ხშირად საქართველოში ისეთი იდეები არსებობს ადამიანებში, რომლის განხორციელებაც თითქმის შეუძლებელია ან აგებულია მართლა იდეაზე და არ არის გამაგრებული პრაქტიკული ნაბიჯებით. ყველამ იცის, რომ საქართველოში არის შექმნილი საპარტნიორო ფონდი. სადაც, როგორც ჩვენამდე პრესით არის მოსული, არის 6 მილიარდი. არის მოწოდება - პროექტები მოიტანეთ, დავაფინანსებთ. სამწუხაროდ, არ ვიცი, რამდენი ხანია დევს იქ ეს 6 მილიარდი და როდის შეიქმნა, მაგრამ ჯერ ბომბი არავის გაუხეთქავს. ჩვენთან საუბრობენ - ფული რომ იყოს, იდეების მეტი რა მაქვს, ხალხი რომ იტყვის, იდეების მეტი რა მაქვსო, ე.ი. იდეა არ აქვს.

იხილეთ სტატია სრულად

გადაცემის ნახვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია