სად გადის ზღვარი აღსარებასა და ჭორაობას შორის: "თანამედროვე მრევლის უმეტესობა, მოძღვართან ყველაფერს ყვება აღსარების გარდა"

სად გადის ზღვარი აღსარებასა და ჭორაობას შორის: "თანამედროვე მრევლის უმეტესობა, მოძღვართან  ყველაფერს ყვება აღსარების გარდა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა: "ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს. ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა, გული წრფელი და წმინდა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ლაპარაკობს. ასეთი ადამიანი ჭრელია".

უწმინდესის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს. "ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული", - ბრძანა უწმინდესმა.

ეს თემა ბევრ მართლმადიდებელს მართლაც აღელვებს. ამასთან, უამრავი კითხვაც უჩნდება. ამიტომ მასზე ვრცლად საუბარი ამ დიდმარხვის პერიოდში ურიგო არ უნდა იყოს. Ambebi.ge-ს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ესაუბრა:

- როგორ უნდა მოიქცეს აღმსარებელი მოძღვართან მონანიებისას?

- თანამედროვე მრევლის უმეტესობა, მოძღვართან აღსარების გარდა ყველაფერს ყვება. არასწორი, არაჯანსაღი ურთიერთობის გამო, შეიძლება არასასურველი შედეგი მივიღოთ და სულიერი კრახი განვიცადოთ. მრევლის რიგებში ორი უკიდურესი მიმდინარეობა შეინიშნება - ან ზღვარგადასული დამოკიდებულებაა სასულიერო პირთან, ან პირიქით - ზედმეტი სიმკაცრის და სიუხეშის გამო, აღსარებაზე მისული ადამიანები ვერ იხსნებიან და ხშირად დამძიმებულ მდგომარეობას ვერ უძლებენ... პირველ შემთხვევაში, კადნიერებაში ვარდებიან, მეორე შემთხვევაში კი აბსოლუტურ სიცრუეში ცხოვრობენ და ურჩევნიათ მოძღვრის რისხვა აიცდინონ და სათქმელს მალავენ, რასაც გვერდითი რეაქციები მოჰყვება. მსგავს სიტუაციაში სოციალური ქსელის მეშვეობით, უკავშირდებიან სხვა მღვდელს დღეს უკვე აქტუალური მონოლოგით, რომ საკუთარ მოძღვარს ვერ გაუგეს და თუ შეიძლება სხვასთან გაიხსნან...

სჯობს, სასულიერო პირი "განვარისხოთ", ვიდრე შელამაზებული ცოდვებით ღვთისგან სასჯელი "ავიკიდოთ"... "ცოდვა გამხელილი სჯობს"...

- როგორ უნდა ჩამოაყალიბოს ადამიანმა თავისი სათქმელი სასულიერო პირთან?

- თუ ცოდვა გამძიმებს, აღსარებას სიტყვების შერჩევა არ სჭირდება. მაცხოვრის მარჯვნივ გაკრულ ავაზაკს უფლისთვის აღსარება არ ჩაუბარებია, მაგრამ მისი სინანული იმდენად დიდი იყო, რომ ერთ წინადადებაში ჩატეულმა სულიერმა მდგომარეობამ - "მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა," მისი ყველა ქმედება გადასწონა და ჯვარცმულმა ღმერთმაც სამოთხეში პირველი ავაზაკი შეიყვანა.

"ავაზაკმა ღმრთისგმეტყველა, ხოლო მე უარგყავ" (კვირის სტიქოლოგიის წარდგომა, ხმა მე-5), მწუხარებით იღაღადებს შემდეგ პეტრე მოციქული. უფალში ამ დროს ეჭვი შეეპარა ყველა დანარჩენ მოციქულს. თვით იოანე ღმრთისმეტყველსაც, განუშორებლად თავის მოძღვართან მყოფს და გოლგოთაზე ჯვართან მდგომს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შეყვარებული იესოს ერთგული რჩებოდა, იმ დროს არ ჰქონდა თავისი მოძღვრის ღვთაებრიობის სრულყოფილი რწმენა. მხოლოდ აღდგომის შემდეგ, ცარიელ საფლავში შესულმა, სადაც მაცხოვრის მკვდარი სხეულის სუდარა და თავსახვევი იდო, "იხილა და რწმენა", რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა და ძე ღმრთისა იყო. მოციქულების რწმენა, იესოს, როგორც მესიისადმი, შეირყა, ვინაიდან ისინი მოელოდნენ და სურდათ, ქრისტეში მიწიერი მეუფე დაენახათ, რომლის სამეფოში ისინი უფლის მარჯვნივ და მარცხნივ დასხდომას შეძლებდნენ.

ავაზაკის ცხონების ერთადერთი გზა გულწრფელი სინანული იყო. რაც არ უნდა ვთქვათ აღსარებაში, თუ სინანული არ გაგვაჩნია, მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა მოხდება...

- ხშირად ეკლესიაში მოძღვარს უამრავი ხალხი ელოდება, რის გამოც სასულიერო პირს ცოტა დრო აქვს. ამის გამო, მრევლს ძალიან მოკლედ უხდება საკუთარი ცოდვების ნუსხის წარმოდგენა და გულნაკლულიც კი რჩებიან... მართლაც აქვს თუ არა აზრი მოძღვართან საკუთარი ცოდვების დეტალიზებას?

- მთავარია, სულის სიმშვიდეს ვეზიაროთ. აღსარება შეიძლება წერილობით, სიტყვიერადაც, მაგრამ აუცილებლად გულწრფელი და არა ყალბი...

- გარკვეულ კატეგორიას აღსარება სასულიერო პირთან ჭორაობა ჰგონია, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს მასთან, მიაჩნია, რომ ცოდვებს უფრო მოინანიებს. სად გადის ზღვარი აღსარებასა და "ასეთ ჭორაობას" შორის?

- აღსარებისას მთავარი კონკრეტიკაა. სულში ჩაღრმავება და ყველაზე დაფარული მანკიერი მხარეების აღმოჩენა. ცხადია, ეს ერთჯერადად შეუძლებელია მოხდეს. მორწმუნე აღსარებას ხშირად უნდა ამბობდეს და როცა გამოიწრთობა, ადვილად მიხვდება საკუთარ სისუსტეებს. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვისაც გააზრებულად ესმის, რა არის აღსარება. ცოდნის გააზრების შემთხვევაში, საფრთხე დიდია - აღმსარებელი გულწრფელი აღიარების გამო თვითტკბობაშია, რაც ცოდვასთან მის არასერიოზულ დამოკიდებულებას უფრო გამოხატავს, ვიდრე სინანულს. ვინც მონანიეა, ავაზაკივით ერთ წინადადებაში ჩაეტევა და ჭორაობისთვის ვერ მოიცლის...

- თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა პატრიარქს ამ თემის ასე წამოწევა და მასზე ყურადღების მიქცევა?

- ალბათ იმიტომ, რომ მორწმუნეთა სიმრავლის მიუხედავად, განსაცდელები დიდია, რაც არასწორი ცხოვრების მანიშნებელია. ყველაფერი მოჩვენებითი გახდა, რწმენაც... ადამიანებს ჰგონიათ, სოციალურ ქსელებში რაც მეტ ხატებს და ჯვრებს გამოფენენ, დაცულები არიან... ჩვენ მხოლოდ შინაგანი სიმართლე და რწმენა დაგვიცავს... როგორც კანტი ამბობს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ზნეობრივი კანონი ჩვენში...

- მოკლედ, რა არის მთავრი აღსარებისას? და საერთოდ, არსებობს თუ არა მიუტევებელი ცოდვა?

- "შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ", - ბრძანებს წმინდა ეფრემ ასური.

"ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას "(მათე 12,31-32)

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია