ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა და საკუთარი რელიგია შექმნა - "გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა"

ქართველი ლექტორი, რომელმაც 33 სტუდენტი ოჯახს გამოგლიჯა და საკუთარი რელიგია შექმნა - "გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა"

1994 წლის ზაფხულში ტექნიკური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტის რელიგიის ლექტორმა რეზო ბაქრაძემ 33 სტუდენტთან (22 ბიჭი და 11 გოგო) ერთად საქართველო დატოვა. ისინი ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კანადაში გადავიდნენ. მშობლებმა ზუსტად არ იციან, რატომ გაჰყვნენ მათი შვილები უცხოეთში ჩუმად საკუთარ ლექტორს, სტუდენტების უმრავლესობას დღეს გვარ-სახელი და სოციალური სტატუსი შეცვლილი აქვს. გვარ-სახელი შეცვლილი აქვს რეზო ბაქრაძესაც. მას თეოფილე მალაქიას სახელით იცნობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები "საყვარელ ლექტორს" გენერალს ეძახდნენ, გენერალმა საკუთარი სექტა ჩამოაყალიბა და სავარაუდოდ, სტუდენტები სწორედ ამ სექტის წევრები არიან. თუმცა, რას ასწავლის თეოფილე მალაქიას მოძღვრება, უცნობია.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, თეოფლე მალაქია საკუთარ სტუდენტებთან ერთად ტორონტოში ერთ ბანაკად ცხოვრობს, გოგონების უმეტესობა მისი ცოლი გახდა. შვილებიც გაუჩინეს და საქართველო დაივიწყეს. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მალაქიას საყვარელი სტუდენტი ბიზნემენებს მოუწოდებდა დაეფინანსებინათ ისინი, რადგან ევანგელისტური ეკლესიის აშენება სურდათ. ეს ჩანაწერი ერთ-ერთი სტუდენტის დედამ ინტერნეტში ნახა. ყველა მათგანი, რომელიც მალაქიამ ტორონტოში წაიყვანა, განათლებულია, რამდენიმე ენას ფლობენ, ყველა მათგანი წარმატებულია და დასაქმებული. აქვთ საერთო ყულაბა, რომელსაც სწორედ თეოფილე მალაქია განკარგავს. ამბობენ, რომ რეზო ბაქრაძეს ზემოქმედების საოცარი უნარი აქვს. მას ვერ აკავებს ვერც ერთი ქვეყნის პოლიცია, რადგან სტუდენტები საკუთარი ნებით გაჰყვნენ.

თავდაპირველად რეზო ბაქრაძემ სტუდენტები თურქეთში გადაიყვანა, მას ამაში დალი ყარაულაშვილი დაეხმარა. ბაქრაძე და მისი სტუდენტები სწორედ მასთან ცხოვრობდნენ თურქეთში.

"1994 წლის ივლისში რეზო ბაქრაძემ დამირეკა თურქეთში და მითხრა, რომ ოჯახთან ერთად უნდოდა ჩამოსვლა და მე, რა თქმა უნდა, დახმარებაზე უარი არ მითქვამს. ერთ კვირაში სასტუმროს პერსონალი მატყობინებს, შენ გკითხულობენო. ჩავედი და სასტუმროს წინ საბჭოური ტიპის წითელი ავტობუსიდან რეზო ჩამოვიდა, ხელი ჩამომართვა, მომესალმა. ვკითხე, მეუღლე და შვილი სად არიან-მეთქი. მიპასუხა, ავტობუსში არიანო. ვუთხარი, ჩამოვიდნენ და ავტობუსი გაუშვი-მეთქი და გაეღიმა, მარტო არა ვართო. ავტობუსში რომ ავედი, შოკში ჩავვარდი, ავტობუსში 33 სტუდენტი იჯდა. რა ხდება-მეთქი, ვკითხე რეზოს და მითხრა, კანადაში გვინდა გასვლა და უნდა დაგვეხმაროო… 36 ადამიანი ჩემს სასტუმროში დავაბინავე",  - იხსენებს ყარაულაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. დალი ყარაულაშვილი რეზო ბაქრაძის სტუდენტი იყო. ის ამბობს, რომ ბაქრაძე სტუდენტებს ცხვრებს ეძახდა და ამბობდა, ამათ რასაც მინდა იმას გავაკეთებინებ, თუ მინდა კლდიდან გადახტებიანო.

მისი თქმით, ბაქრაძე სტუდენტებს თავისუფალი სექსისკენ ან მასტურბაციისკენ მოუწოდებდა. არ უყვარდა ილია ჭავჭავაძე და ქართული ენა; ამბობდა, რომ საქართველოში ცხოვრება მძიმე იყო. ყარაულაშვილი  იმ დღესაც იხსენებს, როცა მესიის სახლში "საყვარელი ლექტორის" და მისი სტუდენტების საიდუმლო შეკრება ნახა.

"მახსოვს, ერთხელ, მასთან სახლში მოულოდნელად სტუმრად მივედი, საღამო ხანი იქნებოდა, მისი სამუშაო ოთახი ჩაბნელებული იყო. რომ შევედი, ხმები მომესმა და სიბნელეშივე გამოვაცხადე, ვინ ვიყავი და შუქი ავანთე, რეზო ამაზე გაგიჟდა. ოთახში რკინის საწოლზე წამოწოლილ რეზოს აქეთ-იქიდან ახალგაზრდა სტუდენტი გოგოები ესხდნენ, ზოგი რეზოს ფეხზე იყო მიყრდნობილი, ზოგი – მუცელზე, ზოგი თავზე ხელსაც უსვამდა "მომავალ მესიას", თავი ჰარამხანაში მეგონა. რაც შეეხებათ ბიჭებს, ზოგი სკამზე იჯდა, ზოგი – იატაკზე, ზოგიც კედელზე იყო მიყრდნობილი. როგორც ჩანს, ლექტორი ქალებთან სიახლოვის დროს უკეთესად ქადაგებდა, თანაც სიბნელეში", - ჰყვება ყარაულაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თეოფილე მალაქიას სახელს დაუკავშირეს 2009 წელს 18 წლის მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებაც. მარიამ მახნიაშვილი ტორონტოში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა, ის სკოლიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით კი, 50 წლის მამაკაცთან ერთად "მაკდონალდსში" ნახეს, რომელსაც რუსულად და გერმანულად ესაუბრებოდა. დააკავეს მარიამ მახნიაშვილის მამა, რომელიც სასჯელს განზრახ მკვლელობის ბრალდებით იხდის. მოგვიანებით, კანადის სამეფოს პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველი მოზარდი მარიამ მახნიაშვილი, რომელიც ტორონტოდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, შესაძლოა, ქალაქ ოკოტოკსში ყოფილიყო. პოლიციის ინფორმაციით, მახნიაშვილი ოკოტოკსში ნახეს, სადაც ის ტურისტებს ინდიელების ტრადიციულ სუვენირებს სთავაზობდა. თუმცა მისი კვალი ისევ გაუჩინარდა. მარიამ მახნიაშვილის ცხედარი 2012 წელს ტორონტოს ხეობაში იპოვეს. დაკრძალვაზე დასწრების საშუალება გამომძიებლების და მარიამის მეგობრების გარდა არავის მისცეს. მკვლელობის მიზეზად თვითმკვლელობა განიხილებოდა, რასაც ოჯახი არ ეთანხმება. შვილის დაკრძალვაზე მისვლის საშუალება არ მისცეს მარიამის მამას, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა. მახნიაშვილის საქმე 2014 წელს დაიხურა, თუმცა პასუხი, რა გახდა ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარების და მკვლელობის მიზეზი, დღემდე არ არსებობს.

Ambebi.ge შეეცადა თეოფილე მალაქიასთან დაკავშირებას, მაგრამ სოციალურ ქსელში ის ჩვენს წერილზე ამ დრომდე არ გამოგვხმაურებია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

თეოფილე მალაქიას ლექციის აუდიომასალა