როგორ სჯიდნენ ძველ საქართველოში

როგორ სჯიდნენ ძველ საქართველოში

ქართულმა წერილობითმა ძეგლებმა შემოგვინახეს ცნობები ქვეყანაში ადამიანის დასჯის სხვადასხვა ფორმის შესახებ. ძველ საქართველოში დასჯის ორგვარი ფორმა გამოიყენებოდა: ფიზიკური და გამაწბილებელი სასჯელი.

ვარსქენის მიერ შუშანიკის საპყრობილეში ჩასმის ცალკეული დეტალის აღწერისას ჩანს, რომ საპყრობილეში მოთავსებულს სჯიდნენ ქედზე ჯაჭვის დადებითა და ფეხებზე ბორკილის შებმით. შუშანიკს "ჯაჭვ იგი, რომელ ედვა ქედსა მისა ზედა, ეგრეთვე ედვა, დაჰბეჭდა ურჩულომან ვარსქენ" - გადმოგვცემს იაკობ ხუცესი. ჩორს წასულ პიტიახშს ჰერეთის საზღვარზე წამოეწევა მისი ძმა ჯოჯიკი "და ევედრებოდა მას ფრიად, რაითამცა ბრძანა საკრველთა მათგან განტევებაი მისი". ჯოჯიკის დიდი ხვეწნის შემდეგ ვარსქენმა "ბრძანა განტევებაი საკრველთაგან ოდენ. და ვითარ მოვიდა ჯოჯიკ, აღჰხადა ჯაჭვი იგი ქედსა მისსა, ხოლო ბორკილთაი არა თავს-იდვა წმიდამან შუშანიკ". მოგვიანებით ამ ბორკილის გამო ეპისკოპოსნი და აზნაურნი ევედრებიან შუშანიკს, "რაითა ბორკილი იგი ფერხთაი ბრძანოს საცოდ და ნაკურთხევად ყოველთათვის". აქ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უძველესი დადასტურება წმინდანის კულტის გამოვლინებისა, როდესაც მის მიერ ნაქონი ნივთები ამ შემთხვევაში მისი წამების იარაღი, მიჩნეულია როგორც სასწაულმოქმედი, მცველი და მაკურთხებელი ყოველთა. ქედზე ჯაჭვის დადება და ფეხებზე ბორკილის შებმა, როგორც დასჯის ერთ-ერთი ფორმა, ასევე გვხვდება "ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში". საერთოდ ეს ნაწარმოები გამოირჩევა დასჯის სხვადასხვა ფორმის აღწერით, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ.

ნაწარმოებში აღნიშნულია, რომ ევსტათი და სხვა მისი თანამზრახველები, რომლებიც ქრისტიანობაზე მოიქცნენ, მიიყვანეს მსაჯულთან, ხოლო მან "უბრძანა მსახურთა თვისთა პირსა ცემა ნეტართა მათ და გარე განყვანება ყოველთა და უბრძანა: და ჰყვნეთ მაგათ თავი და წუერი და განუხურიტენით მაგათ ცხვირნი და ჯაჭვ დასდევით ქედსა მაგათსა და ბორკილნი შეუხსენით ფერხთა, და შესხენით ეგენი საპყრობილესა".

ამჟამად ჩვენთვის საინტერესოა ადამიანთა ჯაჭვით დაბმა, როგორც მართლმსაჯულების აღსრულების ერთ-ერთი ფორმა და, მასთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული ფაქტორები.

ჯაჭვით ადამიანთა დაბმის შესახებ ქართულმა ეთნოგრაფიულმა ყოფამ მრავალი ფაქტი შემოგვინახა. აღსანიშნავია, რომ ადამიანთა დასაბმელი ჯაჭვები სტრაბონის მიხედვით, ძვ.წ. I საუკუნისთვის ალბანელთა ყოფაშიც დასტურდება. ამ ფაქტის ანალიზის საფუძველზე ივანე ჯავახიშვილმა წარმოადგინა ალბანელთა წარმართული რელიგიისთვის დამახასიათებელი წესები. კერძოდ, ალბანელები თაყვანს სცემდნენ მზეს და მთვარეს, რომლის მთავარი ტაძარი, თურმე, იბერიის მახლობლად მდებარეობდა. მეფის შემდეგ ყველაზე პატივსაცემად ითვლებოდა ის, ვინც ტაძარს ემსახურებოდა; იგი განაგებდა ხატის დიდსა და მჭიდროდ დასახლებულ მამულს და ითვლებოდა ხატის ყმების უფროსად. ხატის ყმებს შორის ბევრი ქადაგად დაეცემოდა, წინასწარმეტყველებდა. მათ შორის ბევრი - წინასწარმეტყველებითა და ქადაგებით ზედმეტად გატაცებული, ტყეებში მარტოკა დახეტიალობდა. ქურუმები მათ იჭერდნენ, კისერზე ჯაჭვს დაჰკიდებდნენ და ერთი წლის განმავლობაში ზვარაკად ასუქებდნენ. ხოლო შემდეგ მათ - უკვე ამ გზით მირონცხებულებს, სხვა საღმრთო შესაწირავებთან ერთად ღმერთს შესწირავდნენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია