შარდენის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის უცნობი დეტალები – თბილისი და მისი ისტორიული ადგილები

შარდენის ქუჩისა და გუდიაშვილის მოედნის უცნობი დეტალები – თბილისი და მისი ისტორიული ადგილები

შარდენის ქუჩა, დღეს თბილისში ერთ-ერთ ელიტურ ადგილად მიიჩნევა, სადაც უამრავი ტურისტი დადის და სხვადასხვა ბარ-რესტორანია თავმოყრილი.  წარსულში კი მას "ბნელ რიგს" უწოდებდნენ და ძველ თბილისში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა გახლდათ. დღეს კი როგორც აღვნიშნეთ, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრია.

წარსულში ის სავაჭრო ადგილიც იყო, რომელიც თათრის (ახლანდელი გორგასლის) მოედანზე გადიოდა და მას სიონის ქუჩასთან აკავშირებდა. ერთ დროს ეს ვიწრო ქუჩა გადახურულიც იყო და ამიტომაც ერქვა "ბნელი რიგი". შუა საუკუნეებში იქ მექვაბების რიგიც გახლდათ, ხოლო XIX საუკუნეში ახალი ბაზაზხანა (ბამბითა და მატყლით მოვაჭრეთა დუქნები) განვითარდა. დახურული ბაზაზხანა "ბნელი რიგი" XX საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა. შემდეგ მისი რეკონსტრუქცია (არქიტექტორი "გიგა ბათიაშვილი, 1981 წელი) დაიწყეს და XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სახელი ეწოდა.

2002 წელს კი დაიწყო ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა. ამჟამად შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში როგორც აღვნიშნეთ, განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები; ეწყობა გამოფენები, დღესასწაულები, კონცერტები და ამასთან, უამრავი ტურისტი დადის.

ლადო გუდიაშვილის მოედანი შარდენის ქუჩისგან არც ისე შორსაა, - ერთ-ერთი ისტორიული მოედანია თბილისში, სადაც, როგორც შარდენზე, ბევრი ტურისტი ტრიალებს. ის ძველი თბილისის რაიონში, თავისუფლების მოედანის მახლობლად მდებარეობს, კერძოდ, ლერმონტოვის, ახოსპირელის, გია აბესაძის, აბო თბილელისა და სხვა ქუჩების შესაყარზე. მოედნის გეგმა შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი, შენობათა ანსამბლი კი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნეს მიეკუთვნება.

შუა საუკუნეებში მოედანს "ბეჟანას ბაღი" ერქვა. 1828 წლამდე ხალხი მას მოღნისს უწოდებდა, მოედნის ახლოს მდგარი ღვთისმშობლის სომხური ეკლესიის პატივსაცემად. XIX საუკუნეში ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის კავკასიური სამფლობელოების ადმინისტრაციული ცენტრი გახლდათ. აქ იყო მეფისნაცვლისა და ჯარის სარდლობის ადგილსამყოფელი. 1827 წელს აბას-აბადის მოედანი ეწოდა გენერალ პასკევიჩის მიერ ირანის ამავე სახელწოდების ციხესიმაგრის აღების აღსანიშნავად.

აქ ერთ დროს რუსების ჯარის ჰაუპტვახტი იყო, სადაც 1838 წელს ღამე გაუთევია პოეტ მიხეილ ლერმონტოვს. 1923 წელს მოედანს ბოლშევიკი სტეფანე ალავერდოვის (ალავერდიანის) სახელი უწოდეს. დიდი ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის სახელი კი 1988 წელს მიენიჭა.

მოედნის გარშემო 11 შენობა დგას, რომელთაგან 9 ისტორიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფო იცავს. გამორჩეულია მოედნისა და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში მდგარი სახლი, სადაც განთავსებული იყო რუსული არმიის შტაბი, ჰაუპტვახტი და ოფიცერთა სასტუმრო. შენობა აგრეთვე "ცისფერი სახლის" სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ ფაქტის გამო მიენიჭა მოედნიდან სოლოლაკისკენ აღმა მიმავალ ქუჩას ლერმონტოვის სახელი...

მოამზადა ლალი ფაციამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია