შევა თუ არა მომდევნო დღეებში "ფუდსერვისის" ხორცი ბაღებში - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი

შევა თუ არა მომდევნო დღეებში "ფუდსერვისის" ხორცი ბაღებში - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ვერ აკონკრეტებს, შევა თუ არა მომდევნო დღეების განმავლობაში "ფუდსერვისის" მიერ მიწოდებული ხორცი საბავშვო ბაღებში.

როგორც თემურ თორდინავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თბილისის 121-ე საბავშვო ბაღში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცი დღეს დილით დირექტორმა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინა.

მისივე ინფორმაციით, ბაღის დირექტორმა სააგენტოს აცნობა, რომ ხორცი უნდა შეესწავლათ. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, რომელმაც ბაღში მონიტორინგის ჯგუფი გააგზავნა. თორდინავას ინფორმაციით, ბაღის დირექტორმა ხორცი ჩამოწერა და ბავშვებს აღნიშნული პროდუქტი არ მიუღიათ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კი, ხორცი გამოსაკვლევად წაიღო.

თემურ თორდინავას ცნობით, ბაღების სააგენტო დილიდანვე დაუკავშირდა მიმწოდებელ კომპანია "ფუდსერვისს" და უთხრა, რომ ბაღებში შეტანილი ხორცი გამოეთხოვა, თუმცა თორდინავა ვერ აკონკრეტებს, რამდენად განახორციელა ეს მოთხოვნა კომპანიამ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რას ამბობს "ფუდსერვისი", რატომ მოხდა უვარგისი ხორცის შეტანა საბავშვო ბაღში, სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ეს კომპანიას უნდა ვკითხოთ.

"მე ამას ვერ გეტყვით, ალბათ ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მაგრამ, ჩემი აზრით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ამ ყველაფერზე მყისიერი რეაგირება გააკეთეს", - აღნიშნა თემურ თორდინავამ.

მისივე ინფორმაციით, ბაღების დირექტორები ყველა მიმწოდებელთან ხელშეკრულებას თავად აფორმებენ და რამდენადაც მისთვის ცნობილია, "ფუდსერვისი" ბაღებისთვის ერთადერთი მიმწოდებელი არ არის. თემურ თორდინავა ვერ აკონკრეტებს იმ ბაღების რაოდენობას, რომელსაც "ფუდსერვისი" ამარაგებს. მისივე განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დილიდანვე გააფრთხილა აღნიშნული ბაღების დირექტორები, რომ მენიუში ხორცისგან დამზადებული სადილი არ შეეტანათ.

ამასთან, თორდინავას თქმით, სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში არ ყოფილა რაიმე კონკრეტული შემთხვევა, რომ აღნიშნულ კომპანიას ბაღში უხარისხო პროდუქცია შეეტანა. მისივე მოსაზრებით, შესაძლოა, ეს ყველაფერი ამ ერთი კონკრეტული ბაღის პრობლემა იყოს.

"სანამ ეს საკითხი არ გადაწყვდება, არ იქნება ოფიციალური დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ კვირაში ორი დღეა დარჩენილი, ჩვენ ვეტყვით ბაღებს, რომ ხორცის პროდუქტებისგან თავი უნდა შეიკავონ", - აღნიშნა თემურ თორდინავამ, თუმცა, შევა თუ არა "ფუდსერვისის" მიერ მიწოდებული ხორცი მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბაღებში, სააგენტოს ხელმძღვანელმა ვერ დააკონკრეტა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის საბავშვო ბაღში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი აღმოაჩინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს , სააგენტომ მონიტორინგის შედეგად თბილისის 121-ე მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღში ხორცის ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიას გადაუგზავნა. კვლევის შედეგად ხორცის ნიმუშში აღმოჩნდა პარაზიტი სარკოცისტოზი(სარკოსპორიდიოზი), რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღს ხორცით ამარაგებს კომპანია "ფუდსერვისი". თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა ყველა საბავშვო ბაღიდან "ფუდსერვისის" მიერ მიწოდებული ხორცის გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია