"რეზონანსი": აპრილიდან "მარშრუტკით" მგზავრობა ძვირდება

"რეზონანსი": აპრილიდან "მარშრუტკით" მგზავრობა ძვირდება

თბილისში საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლებს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" ყოველდღიური გადასახადი გაუზარდა. ამის მთავარ მიზეზად ლარის კურსის ვარდნა სახელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოველივე ამას აპრილიდან თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის გაძვირება მოჰყვება, - იუწყება გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სახელწოდებით - "აპრილიდან "მარშრუტკით" მგზავრობა ძვირდება".

თავად "თბილისის მიკროავტობუსში" მძღოლებისათვის გადასახადის გაზრდას ადასტურებენ, თუმცა კითხვა - გაძვირდება თუ არა მგზავრობა - უპასუხოდ ტოვებენ. მძღოლები კი გაზრდილი გადასახადის შემცირების მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ. აცხადებენ, რომ მგზავრობის გაძვირება არ უნდათ, რადგან ამ შემთხვევაში ხალხი "მარშრუტკებში" აღარ ავა.

გადასახადს თითოეული სამარშრუტო ხაზისათვის "თბილისის მიკროავტობუსი" ინდივიდუალურად ადგენს იმის მიხედვით, თუ რამდენად ბევრი ადამიანი სარგებლობს ამა თუ იმ ხაზით. ამ გადასახადს ემატება "მარშუტკის" იჯარა - 43 ლარი ყოველდღირად, ცვეთის გადასახადი 25 ლარი და საწვავის თანხა. მძღოლს კი დღის ბოლოს ოჯახში იმ ოდენობის თანხა მიაქვს, რაც ამ ყველაფრის გადახდის შემდეგ დარჩება. გარდა ამისა, მანვე საკუთარი ხარჯებით უნდა იზრუნოს მანქანის შეკეთებაზეც.

მაღალი გადასახადის გამო მძღოლები პროტესტს მუდმივად გამოთქვამდნენ და რამდენჯერმე გაიფიცნენ კიდეც, რის შედეგადაც რამდენიმე დღით ქალაქში მოძრაობა პარალიზებული იყო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კომპანიის ბიუჯეტში შესატანი თანხა მძღოლებს კიდევ უფრო გაეზარდათ. ესეც ინდივიდუალურად მოხდა - ზოგიერთ მარშრუტზე გადასახადმა 7 ლარით იმატა, ზოგიერთზე 10 ლარით, ზოგზე კი 15-20 ლარით.

"მთელი კვირისათვის" ცნობილი გახდა, რომ მძღოლები ამ ყველაფრის გაპროტესტებას და აქციებს გეგმავენ. აქვე მგზავრობის საფასურის გაზრდასაც არ გამორიცხავენ. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სადგურის მოედანზე სამარშრუტო მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაზე მივედით, სადაც ერთად შეკრებილ მძღოლებს გავესაუბრეთ.

"გამოსავალი მგზავრობის გაძვირებაა, მაგრამ მერე "მარშუტკაში" ვინღა ამოვა?! მალე მუშაობას დავანებებთ თავს. მე პირადად, თავიდან 32 ლარი მქონდა დღის ბოლოს კომპანიაში შესატანი, ახლა კი 50 ლარი მაქვს. სადაა სამართალი... ხალხი თავის ჩამოხრჩობის გზაზეა. კომპანიამ თანხა, რაც გვრჩებოდა, ფაქტიურად გაგვინახევრა," - გვითხრა მძღოლმა, რომელმაც სახელი და გვარი არ გაგვიმხილა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ 221-ე სამარშრუტო ხაზზე მუშაობს, მისი რეისი სადგურის მოედანი-ლილოს დასახლებაა.

მძღოლები ამბობენ, რომ თითოეულ მათგანს მცირედ შემოსავალზე მუშაობას ვალები აიძულებს, რომლებიც დიდწილად მიკროავტობუსების მოვლა-პატრონობისა და შეკეთების გამო ედებათ.

"ყოველდღიურად წესით ცვეთის ფული უნდა გადავდოთ 25 ლარი, მაგრამ ვერ ვდებთ, რადგან საწვავის, იჯარისა და დღიური გეგმის ხარჯებს ეგეც რომ მივუმატოთ, სახლში მართლა ვეღარაფერს წავიღებთ. ამიტომაც მაგ თანხით ვარჩენთ ოჯახებს. მძღოლს ვერ ნახავთ ამ მანქანების გამო ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს, რადგან თუკი გაფუჭდა, შეკეთება ძალიან ძვირი ჯდება. ამისთვის თანხის ნელ-ნელა გადადებას რომ ვერ ვახერხებთ, იძულებულები ვხდებით ბანკიდან სესხი გამოვიტანოთ და შევაკეთოთ.

"თანაც, აუცილებლად კომპანიის ფარეხში უნდა მივიყვანოთ. იქ კი ყველაფერი ბევრად ძვირია, ვიდრე ჩვეულბრივ პროფილაქტიკებში. ფაქტიურად ორმაგს ვიხდით. მე, მაგალითად, ნათესავი მყავს პროფილაქტიკაში და იმასთან უფასოდ შემიძლია გავაკეთო "მარშუტკა", მაგრამ უფლებას არ მაძლევენ. მაინცადამაინც იქ უნდა მივიდე და ფული გადავიხადო. გააპროტესტებ რამეს? ეგრევე გეტყვიან - არ მოგწონს და წადიო," - შემოგვჩივლა ერთ-ერთმა მძღოლმა.

საუბარში იქვე მეორე ჩაერთო - ვალებს გადავიხდი თუ არა მუშაობას თავს დავანებებ, აზრი აღარ აქვსო.

"მარშუტკაში" კამერები დაგვიმოტნაჟეს ვითომ იმ მიზნით, რომ დაეთვალათ რამდენი ადამიანი გადაგვყავს დღის განმავლობაში და გადასახადი იმის მიხედვით დაეწესებინათ. ვეხვეწები, რომ ჩართონ ეს კამერები და მართლაც დათვალონ, მაგრამ არ რთავენ, იმიტომ, რომ არ აწყობთ. მერე მაინც მოუწევთ აღიარონ, რომ იმაზე ბევრად მაღალ გადასახადს ვიხდით ვიდრე უნდა ვიხდიდეთ," - აღნიშნავს იგი.

მძღოლები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების შესახებ საუბარიც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ერთსულოვნება გვაკლიაო - აქვე დასძინეს.

"კომპანიიდან ელაპარაკებიან მძღოლებს, ზოგს რას დაჰპირდებიან, ზოგს - რას და აღარ გვიდგებიან გვერდში. ერთი-ორჯერ გავიფიცეთ, მაგრამ რა მივიღეთ? რაღაც საინციატივო ჯგუფი შეიქმნა, ვითომ ჩვენი, მძღოლების წარმომადგენლები ჩვენი სახელით ლაპარაკობდნენ ისე, რომ არაფერს გვითანხმებდნენ. ის ხალხი კომპანიაში დაიბარეს, ერთი ფარეხის დირექტორად დანიშნეს, მეორე - მის მოადგილედ, სხვებიც მოქრთამეს და ასე გააჩუმეს. ჩვენ კი ისევ იგივე დღეში ჩაგვყარეს," - აცხადებენ მძღოლები.

აქციების შემთხვევაში მძღოლების გვერდით დგომას აპირებს ტრანსპორტის პროფკავშირები, რომლის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გაზრდილი გადასახადის შესახებ საქმის კურსში არიან და ახლა იმას სწავლობენ, თუ რის საფუძველზე მოხდა ეს.

"მარშუტკებს" იანვარ-თებერვალსა და ზაფხულში ანუ მაშინ, როცა უნივერსიტეტებში სწავლა წყდება, გადასახადი დაახლოებით 10 ლარით უმცირდებათ. მერე კი ისევ ემატებათ. თუმცა, ვიცით, რომ მარტიდან მძღოლებს ეს შემცირებული თანხა ისევ გაეზარდათ და პლუს რამდენიმე ლარიც მოუმატეს.

"კომპანიამ უნდა დაასაბუთოს, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ეს. თუკი ვნახავთ, რომ ეს გაზრდა საფუძვლიანია, მძღოლებს ავუხსნით, ხოლო თუ უსაფუძვლოა, მაშინ მათ გვერდით დავდგებით," - აღნიშნავს ალანია.

მისივე თქმით, მგზავრობის ტარიფის გაზრდა მარტივი პროცედურა არაა და ეს მხოლოდ მძღოლების ან კომპანიის სურვილის მიხედვით ვერ მოხდება, ვინაიდან კომპანიამ დასაბუთებული განაცხადი მერიაში უნდა შეიტანოს და მის ნებართვას დაელოდოს.

ჩვენს კითხვაზე, თუ საშუალოდ რამდენი ლარი რჩებათ დღის ბოლოს მძღოლებს, იგი პასუხობს, რომ მძღოლს მინიმუ 50-60 ლარი უნდა დარჩეს დღეში. ამაზე ნაკლები თუ რჩებათ, - არ იმუშავებენ.

მისი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყოთ მძღოლებს და გვითხრეს, რომ ეს სრული სიცრუეა.

"მოდით მაშინ დღის ბოლოს ჩვენ 50 ლარი მოგვცენ და რაც დარჩება, თავად წაიღონ, ვნახოთ აბა, თუ იქნებიან თანახმა. თუნდაც 30 ლარი მომცენ, მაგაზეც სიხარულით დავთანხმდები. მე პირადად გუშინ 40 ლარი ვალი დამედო. რომელ მოგებაზე მელაპარაკებით?" - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც სახელი და გვარი, სხვების მსგავსად არ გვითხრა - სამსახურს დავკარგავო.

იმის გასაგებად, იგეგმება თუ არა მგზავრობის ტარიფის მატება, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" მივმართეთ. პიარსამსახურის უფროსმა ლიკა ორჯონიკიძემ ჩვენთან საუბარში მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მძღოლებს გადასახადი მართლაც გაუზარდეს, დანარჩენი კითხვებით კი გვირჩია ხელმძღვანელობისთვის მიგვემართა. კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ასანიძესთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა, უშედეგოდ. მან ჩვენს ზარებსა და წერილებს არ უპასუხა.

ასევე მივმართეთ მერიას, რათა გაგვერკვია შეტანილი აქვს თუ არა "თბილისის მიკროავტობუსს" განაცხადი ტარიფის მატების თაობაზე, თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობენ.

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია