რაჭველი მეპურეების საოცარი თავგადასავალი, პორტ-არტურში - "ქვე აქ არ ვარგოდა და ომში რა უნდა ქნას, ბოშო?!"

რაჭველი მეპურეების საოცარი თავგადასავალი, პორტ-არტურში - "ქვე აქ არ ვარგოდა და ომში რა უნდა ქნას, ბოშო?!"

"საყვარელო ჩემო დარიკო! აგერ, კეჭოუკა ნთავისუფლთება და იმას ვატან ამ ბარათსა, რომ გაგაგებიო კარგათ ვარ და ქვე ისეთი არაფერი მიჭირს არც მე და არც ჩვენ მეზობელსა მაკარას. ახლა იაპონცები ამბობენ, ქვე ნურაფრის ჯავრი გაქვთაო, თქვენც გაგანთავისუფლებთაო. მომიკითხე ყველა. შენი დაკარგული ქმარი სევა".

1904-1905 წლების ომი იაპონიასთან, რუსეთის იმპერიისათვის დაღუპვის დასაწყისი აღმოჩნდა...

რადგანაც "ძლევამოსილი" რუსული არმიის დამარცხებას ასე მცირერიცხოვან მეტოქესთან სანქტ-პეტერბურგში კი არა, მთელ მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა. რუსული არმიის დაუმარცხებლობაზე მითი წამში გაცამტვერდა, როდესაც 1904 წლის ბოლოს იაპონელებმა რუსები თითქმის ყველა ფრონტზე შეავიწროეს.

მაშინ კი დაფაცურდნენ ცარიზმის მესვეურები და საყოველთაო მობილიზაციაც გამოაცხადეს: ჯარში მიჰყავდათ ყველა მამაკაცი 20-დან 55 წლამდე, მოხალისეებად 60 წლისებსაც იღებდნენ. საყოველთაო მობილიზაციის პროცესი განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობდა არარუსულ მხარეებში - იქაურები ომში მოტყუებითაც კი მიჰყავდათ, "საზარბაზნე ხორცად". აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად რუს კაზაკებს, რომელთაც ომიანობის დროს ჯარში წასვლა ძველთაგან ევალებოდათ, იაპონელი ჯარისკაცებისა ისე ეშინოდათ, რომ ფრონტზე წასვლისაგან თავის ასარიდებლად ათასგვარ ხერხსაც კი მიმართავდნენ - გარბოდნენ საზღვარგარეთ, იცვლიდნენ რელიგიას (მეფის რუსეთის არმიაში მუსლიმანებს და კათოლიკეებს არ იწვევდნენ) და ა.შ.

საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება რაჭველმა მეპურემ - სევარიონ (იგივე სევა) რეხვიაშვილმა პირველად ქუთაისის ბაზარში გაიგო, თუმცა დიდი ყურადღება არ მიუქცევია, რადგან არც კი იცოდა, რას ნიშნავდა მობილიზაცია. მერე მეზობელმა მაკარამ აუხსნა: იაპონიასთან რუსებს ომი დაუწყიათ და ახლა ჯარისკაცებს აგროვებენო. მოგვიანებით, სევამ თვითონვე ნახა საომრად მიმავალი გოროდოვოი (ასე ეძახდნენ მაშინ რუსეთის იმპერიაში დაბალი რანგის პოლიციელებს) პეტკა, რომელიც არყის სმის მეტს არაფერს აკეთებდა და გაუკვირდა: "ქვე აქ არ ვარგოდა და ომში რა უნდა ქნას, ბოშო?!" - შეეკითხა მაკარას. ახალ ფორმაში გამოწკეპილმა გოროდოვოიმ კი ერთი შეუბღვირა და მედიდურად თქვა: "ჯარში ძღომაზეა საჭმელ-სასმელი და არაყსაც საფრონტო ნორმით იძლევიან!"

ამის მერე სევა რეხვიაშვილმა მთელი დღე იფიქრა და დაასკვნა, რომ თუ ჯარში საჭმელ-სასმელი სულ ძღომაზე იყო, მზარეული ან მეპურეც დასჭირდებოდათ და შესაბამისად, მასაც შეეძლო წასულიყო ჯარში, საყვარელი საქმე ეკეთებინა და ფულიც საკმარისად აეღო. სევას რაჭაში ახალმოყვანილი ცოლი ჰყავდა დატოვებული, რომელსაც დღე-დღეზე უნდა მოელოგინებინა. ერთი-ორი თვით წავალ და გამოვკვებავ ჯარისკაცებს, ფულს ვიშოვი და მერე დავბრუნდებიო - ფიქრობდა რაჭველი მეპურე. თავისი გადაწყვეტილება მან უფროს მეგობარს - მაკარასაც გაუმხილა. "რას ამბობ, ბოშო?! მარტო ქვე რაფერ გაგიშვა ომში, ჭი..." - შეიცხადა მაკარამ და თავადაც გადაწყვიტა, სევას წაჰყოლოდა.

გენერალი ანატოლი სტესელი (შუა რიგში, მარცხნიდან მეორე) და მისი მოწინააღმდეგე, იაპონელი გენერალი ჰეიჰატირო ტოგო (მის გვერდით). ფოტო პორტ-არტურის კაპიტულაციის შემდეგაა გადაღებულიაი, ასე აღმოჩნდა 1904 წლის დეკემბერში ორი რაჭველი მეპურე პორტ-არტურში - შორეული აღმოსავლეთის უდიდეს ნავსადგურში, რომელიც ჩინეთში კი მდებარეობდა, მაგრამ რუსები აკონტროლებდნენ. რაჭველებს ხელფასს კი კარგად უხდიდნენ, მაგრამ ჯარში ერთი თვეც ვერ მოითავეს - 1904 წლის 20 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც პორტ-არტურის გარნიზონის ხელმძღვანელი, გენერალი რომან კონდრატენკო დაიღუპა, მისმა შემცვლელმა - გენერალმა ანატოლი სტესელმა პორტ-არტური უბრძოლველად ჩააბარა იაპონელებს. იაპონელმა გენერალმა ჰეიჰატირო ტოგომ ანატოლი სტესელი თავისივე გარნიზონთან ერთად ტყვედ აიყვანა და იაპონიაში - ქალაქ ნაგასაკიში გადაგზავნა; იქ იყო რუს ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკი.

უნდა ითქვას, რომ პორტ-არტურის გარნიზონში იყო მესამე რაჭველი მზარეულიც - სპირიდონ (კეჭოუკა) გოცირიძე, რომელიც სევასა და მაკარასგან განსხვავებით, ჯარში ძალით იყო გაწვეული და გაუმართლა, როცა თანამემამულეებთან მოხვდა. სპირიდონმა პორტ-არტურის ჩაბარების შემდეგ, ჰეიჰატირო ტოგოს წინაშეც გამოიჩინა თავი - ორი მაგარი იაპონელი ძიუდოისტი შოთებივით გააკრა მიწას, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა. სპირიდონს ტყვეთა ბანაკში დიდხანს არც უცხოვრია - იგი მალევე გაცვალეს და საქართველოშიც მოახერხა დაბრუნება. სევა რეხვიაშვილის ცოლსაც მანვე ჩაუტანა ბარათი, სადაც ოკრობოკრო ხელით ეწერა: "საყვარელო ჩემო დარიკო! აგერ, კეჭოუკა ნთავისუფლთება და იმას ვატან ამ ბარათსა, რომ გაგაგებიო კარგათ ვარ და ქვე ისეთი არაფერი მიჭირს არც მე და არც ჩვენ მეზობელსა მაკარას. ახლა იაპონცები ამბობენ, ქვე ნურაფრის ჯავრი გაქვთაო, თქვენც გაგანთავისუფლებთაო. მომიკითხე ყველა. შენი დაკარგული ქმარი სევა".

ეს იყო პირველი და უკანასკნელი წერილი, რომელიც სევამ ომიდან მოიწერა. მისი ცოლი დარიკო სიცოცხლის ბოლომდე ელოდა ქმარს, თუმცა ისე გარდაიცვალა, რომ სევას ნახვა აღარ ღირსებია. იაპონელებმა რაჭველი მეპურეები ტყვეთა ბანაკიდან იმის გამო არ გაუშვეს, რომ ისინი გემრიელ პურს აცხობდნენ და მთელი ნაგასაკი მათთან დადიოდა საცხობში, რომელიც ტყვეთა ბანაკის უფროსმა - ოიამა მაბუნიმ მოაწყო და "რუსული პურის საჭაშნიკე" უწოდა. რა თქმა უნდა, მთელ შემოსავალს ჯიბეში მაბუნი იდებდა, ხოლო სევას და მაკარას სასმელ-საჭმელი და ჩასაცმელ-დასახური ერგებოდათ. მალე, მაბუნი ოიამა ჩინეთში, ზღვისპირა ქალაქ დაირენში გადაიყვანეს - იმხანად მას იაპონია აკონტროლებდა და სევა და მაკარაც იძულებულნი გახდნენ, გაზულუქებულ იაპონელს თან გაჰყოლოდნენ.

მაბუნი ოიამამ დაირენშიც გახსნა ფურნე და ის-ის იყო, უზრუნველად ცხოვრებაც დააპირა, რომ სევამ ერთ დღეს მაკარას უთხრა: "ბოშო, ეს ოხერი იაპონელი აქ ჩვენით მდიდრდება, თვითონ ქვე ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ჩვენ კი მონებივით ვყავართ! რა ვუშველოთ ამ საქმეს?" მაკარამ კარგა ხანს იფიქრა და უპასუხა: "ქვე რა და უნდა გავიქცეთ, აბა სხვა რა ვქნათ?" ასე გადაწყვიტეს მეპურეებმა გაქცევა. მათ ადრევე კი იცოდნენ, რომ დაირენი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში - მანჯურიაში იყო, ამიტომაც სულ ჩრდილოეთით თუკი ივლიდნენ, რუსეთის იმპერიის საზღვარსაც მიაღწევდნენ. ეს ყველაფერი ძალზე ადვილი მოეჩვენათ; ერთ მშვენიერ დღეს, მართლაც, დაჰკრეს ფეხი და გაიქცნენ. ქუჩაში იაპონურ პატრულს კი გადაეყარნენ, მაგრამ აუხსნეს: ქალაქგარეთ ფქვილის საყიდლად მივდივართო. პატრულს ეჭვიც არ შეჰპარვია და გზაც კი მიასწავლა - ამა და ამ მიმართულებით წადითო. გულუბრყვილო რაჭველებმაც უცებ დაუჯერეს და ჩრდილოეთის ნაცვლად სამხრეთით წავიდნენ. ჰოდა, იარეს, იარეს და მთავარ ნავსადგურს მიადგნენ, რომელიც ქალაქიდან 25 კილომეტრით იყო დაშორებული.

რაჭველები თავიანთ შეცდომას კი მიხვდნენ, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ და შეეცადნენ, ნავსადგურში ეპოვათ თავშესაფარიც და სამუშაოც. ნავსადგურში კი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მტვირთავები სჭირდებოდათ; სევასაც და მაკარასაც ძალ-ღონე არ აკლდათ და უცებ იშოვეს დროებითი სამუშაო - ერთ-ერთ ამერიკულ გემზე ფაიფურის ნაკეთობებით სავსე ყუთები უნდა დაეტვირთათ. მართლაც ბევრი იმუშავეს და ათი კაცის გასაკეთებელი საქმე თავად გააკეთეს: გემზე ყუთები ისე სწრაფად და ციმ-ციმ აარბენინეს, რომ კაპიტანს თავში მზაკვრულმა აზრმა გაუელვა: "მოდი, ამათ რომით კარგად გამოვათრობ და თან წავიყვან! გემზე საჭიროა ზორბა, გულუბრყვილო მეზღვაურები!" - გაიფიქრა მან.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია