დაადგება თუ არა საქართველო რუსეთის გზას - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც "გეი პროპაგანდის" აკრძალვის დაკანონებას მოითხოვენ

დაადგება თუ არა საქართველო რუსეთის გზას - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც "გეი პროპაგანდის" აკრძალვის დაკანონებას მოითხოვენ

მომავალი კვირიდან სტუდენტთა ჯგუფი, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით მოძრაობას იწყებს. ჩვენ დავუკავშირდით მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ბექა ცხადაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- მომდევნო კვირიდან თანამოაზრეები დავიწყებთ შეკრებას და ჩავატარებთ სტუდენტურ კონფერენციებს, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კუთხით. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ლგტბ პირებისადმი, მაგრამ იმის ხაზგასმა სატელევიზიო გადაცემებში, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობები არის ნორმალური, დაუშვებელია. მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ საკუთარი აზრი, საკუთარი ორიენტაცია, მაგრამ ამის აგიტაცია არის მიუღებელი.

- ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი აზრის გამოხატვის და მას ამის უფლებას ანიჭებს კანონი.

- გეთანხმებით, რომ კანონით მათ ამის უფლება აქვთ, ამიტომაცაა ჩვენი საბოლოო მიზანი კანონპროექტის შემუშავება, რადგან მერე პროპაგანდა კანონით იქნება შეზღუდული.

- მაშინ პირდაპირ კანონის წინააღმდეგ გაილაშქრეთ და არა ლგბტ პირების...

- თუ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი, მაშინ არაა სწორი, რომ ცალკე ჯგუფად გამოიყოს ლგბტ პირები.

- შეიძლება ოპონენტებმა გითხრან, რომ როცა საპროტესტო მოძრაობას დაიწყებთ, აუცილებლად მოხდება ამ მოძრაობის გაშუქება და ესეც ერთგვარი პროპაგანდა იქნება...

-პროპაგანდა არ იქნება, რადგან ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ლგბტ პირების არსებობის შესახებ იცის აბსოლუტურად ყველამ. სხვათა შორის, მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის კეთილგანწყობა ჰქონდათ და ალბათ მომავალშიც ექნებათ. ჩვენ პერიოდულად ჩავატარებთ სტუდენტურ კონფერენციებს, სემინარებს, რათა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

- ანუ კონფერენციებით აპირებთ ბრძოლას?

- დანარჩენის გამხელისაგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით რომ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს.

- ბევრი მიიჩნევს რომ ის, რასაც თქვენ აპირებთ, არის წმინდა წყლის პოპულიზმი.

- პოპულიზმი ჩემთვის მიუღებელია და არაა სწორი. თუ ჩემს ამ ნაბიჯს პოპულიზმად მიიჩნევენ, რას ვიზამთ, ყველას აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება და როგორც ჩანს, ვიღაცის პოზიცია იყო, რომ ეს პოპულიზმია.

- ბექა, როდის ჩათვლით რომ თქვენმა მოძრაობამ შედეგი გამოიღო?

- როდესაც ტელევიზიით მოხდება იმის ხაზგასმა, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა არაა ნორმა. ახლა, თითქმის ყველა გადაცემაში, უმეტესობაში მაინც ვხედავთ, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობას ნორმად მიიჩნევენ.

- ნებისმიერ ადამიანს, თუ მას არ მოწონს, შეუძლია არ უყუროს იმ გადაცემას, სადაც მსგავსი ხდება...

- ზრდასრულ ადამიანს აქვს აზროვნების უნარი, მაგრამ არასრულწლოვანისთვის ცოტა რთულია ამის განსაზღვრა, მით უფრო რთულია მცირეწლოვანისათვის, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს ლგბტ პირი.

- როდესაც ეს გადაცემებია ტელევიზორში, წესით ამ დროს მცირეწლოვანს უკვე უნდა ეძინოს.

- წესით კი, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

- მაშინ ხომ არ ჯობს, მშობელთა ცნობიერების ასამაღლებლად დაიწყოთ მოძრაობა, რათა მათ განსაზღვრონ, თუ რა აყურებინონ პატარას და რა არა?

- დღევანდელი ცხოვრების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, მშობელს ვერ მოვთხოვთ იმას, რომ 24 საათის განმავლობაში აკონტროლოს საკუთარი შვილი. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მთავარი იდეოლოგი არის კანონი და თუ კანონით აიკრძალება ლგბტ პირთა პროპაგანდა, მაშინ ეს პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება და მომავალ თაობებს აუცილებლად ჩამოუყალიბდებათ იმის განცდა, რომ ეს არაა ნორმა.

- პროპაგანდა საკმაოდ პირობითი ცნებაა და როგორ უნდა მოხდეს ამ ცნების განსაზღვრა?

- პროპაგანდის ზღვარის დადგენა არის პარლამენტის პრეროგატივა, თუმცა საკომიტეტო მოსმენებში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ კანონი "გეი პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ მიღებულია რუსეთში და ის პუტინის მესამედ არჩევის შემდეგ დაკანონდა. პუტინი ამას რუსული ტრადიციების დაცვით ხსნის. რაც შეეხება ერთი სქესის ადამიანების სექსუალურ კავშირებზე დაწესებულ სადამსჯელო ბერკეტებს, ის, მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ მიღებულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ნიგერიაში, სადაც გეი-ორგანიზაციაში გაწევრიანება, ან მათთვის ხელშეწყობა 10 წლიანი პატიმრობით ისჯება, უგანდაში კი გეი-სექსი კანონით დასჯას ითვალისწინებს. მთლიანობაში, გეი-სექსს 76 ქვეყანის კანონმდებლობა მიიჩნევს კრიმინალად, ხუთ მათგანში კი ის სიკვდილით ისჯება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია