თბილისის 5 უნიკალური შენობის ისტორია

თბილისის 5 უნიკალური შენობის ისტორია

ჩვენს ქალაქში ბევრი საინტერესო აქრიტექტურის მქონე ისტორიული შენობაა და თითოეული მათგანი თბილისის მშვენებაა. გვინდა რამდენიმე მათგანზე მოგითხროთ. ისინი XXI საუკუნეშიც არ კარგავენ თავიანთ პეწს.

მწერალთა სახლი

მწერალთა სახლი ერთ-ერთი საინტერესო ხუროთმოძღვრების ძეგლია თბილისში, რომელიც 1905 წელს დავით სარაჯიშვილმა ააშენა. მის ასაშენებლად ბერლინელი არქიტექტორი კარლ ცაარი მოიწვია. მშენებლობა სოლოლაკში, მაშინდელ სერგიევის ქუჩაზე, სარაჯიშვილის მამისეული სახლის ადგილზე 1903-1905 წლებში მიმდინარეობდა. ცაარის პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებს ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშევი ასრულებდნენ. მისი დასრულება 1905 წლის მაისში დავითისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ვერცხლის ქორწილს დაამთხვიეს. ცაარმა მოდერნისა და ბაროკოს სტილი ერთ სახლში გააერთიანა. ინტერიერი ხით მოაწყო თბილისელმა ოსტატმა ილია მამაცაშვილმა. ეზოში გამავალი ტერასისთვის ილეროიო ბოხის ფილებია გამოყენებული. სასახლეში იმართებოდა წვეულებები, არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებები და საუბრები, გამოფენები და კონცერტები. 1911 წელს, სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა ცნობა: "განსვენებულს განუცხადებია სურვილი, რომ მისი სახლი სერგიევის ქუჩაზე, სადაც ის მუდამ ცხოვრობდა, გადაეცეს ქალაქის თვითმმართველობას თავისი მშვენიერი მოწყობილობით იმ პირობით, რომ ამ სახლში ქალაქმა მოაწყოს ან სამხატვრო გალერეა ან შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ანდა, ორივე დაწესებულება ერთად. ეს შეწირულობა უდრის ნახევარმილიონამდე, ადგილი და სახლი ღირს 300.000 მანეთად, მოწყობილობა კი 100.000 მანეთამდე მეტად."

1912 წელს სახლი აკაკი ხოშტარიამ შეისყიდა, რათა დავით სარაჯიშვილის ცოლის ძმას აუქციონზე არ გაეყიდა და არ დარღვეულიყო მეცენატის ანდერძი. 1918-1921 წლებში შენობა აკაკი ხოშტარიას საცხოვრებელი იყო. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების გამო, ხოშტარიამ ქვეყანა დატოვა, შენობა კი საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.

პიონერთა სასახლე

პიონერთა სასახლე (ახალგაზრდობის სასახლე და ყოფილი მეფისნაცვლის სასახლე) - XIX საუკუნის თბილისის ოფიციალური დანიშნულების შენობათა შორის გამორჩეულია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, 6-ში მდებარეობს. სასახლე მთავარი ფასადით რუსთაველის გამზირზე გამოდის, დასავლეთიდან და სამხრეთიდან კი ვრცელი ბაღი აკრავს.

სასახლის მშენებლობის უმთავრესი ეტაპები თბილისში მოღვაწე შვედ ხუროთმოძღვარს, ოტო იაკობ სიმონსონს უკავშირდება. მისი მონაწილეობით 1858-1859 წლებში შენობის არასრული გადაკეთება მოხდა, 1865-1869 წლებში კი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია. სიმონსონმა საგრძნობლად გაზარდა მთავარმართებლის ძველი, 1845-1847 წლებში სემიონოვის მიერ აშენებული სასახლე და მას სრულიად ახლებური იერი მიანიჭა: კლასიცისტური ფასადი რენესანსული ელემენტებით ჰარმონიულმა ერთობლიობამ შეცვალა.

შენობის ფასადები მკაცრი და ოფიციალურია. განსხვავებული და საზეიმო იერი აქვს მხოლოდ სამხრეთ ფასადს, რომელიც რკინის სვეტების მქონე ღია კიბე-აივნით არის ბაღისკენ მიმართული. ინტერიერი, XIX საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციისამებრ, კლასიცისტურ ორდერთან ერთად (დიდ ფოიეში, მეფისნაცვლის მისაღებსა და კაბინეტებში) გვიანირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მორთულობასაც შეიცავს.

1917-1921 წლებში სასახლეში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ დაიდო ბინა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლიდან, იქ საქართველოს მთავრობა განთავსდა. 1937 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სასახლეში უნდა მოწყობილიყო თბილისის პიონერთა სასახლე (რეკონსტრუქცია ჩატარდა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით). 1941 წლის 2 მაისს შენობა ხელახლა გაიხსნა, როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე. ამჟამად, შენობაში განთავსებულია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა 1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე როგორც "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა", ისე ჩამოყალიბდა. ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

მის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს დაევალა და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა კავკასიოლოგიური ლიტერატურით დაკომპლექტებულიყო. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა - დიუბუა დე მონპერემ. საჯარო ბიბლიოთეკის I კორპუსი - ყოფილი სათავადაზნაურო ბანკი ანუ ქართული ბანკი (გუდიაშვილის ქ. 3) 1913-1916 წლებში აშენდა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტით, ფასადის დეკორი ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეების მიერ არის შესრულებული. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.

მსხვილ ბურჯებზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია, გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე, როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები ნაგებობის საზეიმო ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც: ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები.

ბიბლიოთეკის II კორპუსი, ყოფილი ვოლგა-კამის ბანკის განყოფილება (გუდიაშვილის ქ.N5), 1915 წელს ააგო არქიტექტორმა კოსიაკოვმა.

ბიბლიოთეკის III კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა (გუდიაშვილის ქ.N7), მიხეილ ოჰანჯანოვისა და გოლენიშჩევის პროექტით 1910 წელს აშენდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ საზოგადოებრივ შენობათა შორის.

1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა.

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი საქართველოს ერთ-ერთი დიდი და უძველესი თეატრია. მდებარეობს თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, 17-ში. დაარსდა 1887 წელს, როგორც "საარტისტო საზოგადოება". შენობა, რომელშიც რუსთაველის თეატრია განლაგებული, 1898-1901 წლებში აშენდა. პროექტის ავტორები არიან თბილისში მოღვაწე არქიტექტორები - კორნელი ტატიშჩევი და ალექსანდრ შიმკევიჩი.

ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში როკოკოს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული. შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "ქიმერიონი" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX საუკუნის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: გუდიაშვილმა, კაკაბაძემ, ზდანევიჩმა და სუდეიკინმა.

1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქცია (1982-87 წლები). თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა მხატვარ-რესტავრატორ ამირან გოგლიძის ხელმძღვანელობით. აღდგა ,,ქიმერიონის" ფრესკები. ამჟამად თეატრს აქვს სამი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი: დიდი, მცირე და ექსპერიმენტული, ასევე კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დიდი ''სამეჯლისო დარბაზი", ''მცირე ფოიე" და ''პატარა სასტუმრო ოთახი".

რუსთაველის თეატრის უნიკალური შენობის გადარჩენაში (2002-2005 წლები) დიდი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს. იქ ჩატარებულმა სამუშაოებმა საბოლოოდ დაასრულა თეატრის აღდგენა და რეკონსტრუქცია.

ახლანდელი "თი-ბი-სი" ბანკის შენობა

ახლანდელი "თი-ბი-სი" ბანკის შენობა ყოფილი ცენტრალური უნივერმაღი გახლდათ... ის 1910-იან წლებში აგებული არტ-ნუვო სტილის (მოდერნი) ერთ-ერთი შენობაა მარჯანიშვილის 7-ში. აქვს გამორჩეული დეკორატიული ფასადი და ინტერიერი. როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად იქ "თი-ბი-სი" ბანკის სათავო ოფისია განლაგებული.

იგი თავის დროზე კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების დაკვეთით აშენდა. პროექტი ეკუთვნის ლუჩანო დე ბლასა და ანჯელო ანდრეოლეტის. შენობას თავდაპირველი იერის შენარჩუნებით, 2005 წელს სრულყოფილი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

მომაზადა ლალი ფაციამ

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია