დუპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილს ლევან ყიფიანზე "მსუყე მასალები" გაუგზავნეს - რა ემუქრება ყიფიანს

დუპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილს ლევან ყიფიანზე "მსუყე მასალები" გაუგზავნეს - რა ემუქრება ყიფიანს

"შესაძლოა, ლევან ყიფიანს სპორტის მინისტრის თანამდებობის დათმობა მოუწიოს, რისი მიზეზიც დეპუტატების დასკვნაა. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მისი მუშაობით უკმაყოფილოა, რის გამოც რამდენიმე დღის წინ მინისტრი კომიტეტშიც დაიბარეს. ყიფიანის პასუხებმა დეპუტატები ვერ დააკმაყოფილა. მათ სპეციალური დასკვნა მოამზადეს, სადაც სპორტში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი. დოკუმენტი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გადაუგზავნეს და ახლა გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრემიერი სპორტის მინისტრის გადაყენებაზე ფიქრობს / დუპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილს ლევან ყიფიანზე "მსუყე მასალები" გაუგზავნეს.

"პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ სპორტში ზაფხულის სტუდენტური ოლიმპიური თამაშების გარდა სასიკეთო არაფერი ხდება, ამიტომ ის მინისტრის გადაყენებას არ გამორიცხავს. კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე კი აცხადებს, რომ მინისტრს გაკეთებული საქმე საზოგადოებამდე არ მიაქვს და საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის არ ზრუნავს. დეპუტატები ხაზგასმით ამბობენ, რომ საქმე პიროვნულ დაპირისპირებასთან არ გვაქვს და საკითხი მხოლოდ საქმიან ჭრილშია განსახილველი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დეპუტატები სპორტის მინისტრის გადაყენებას ითხოვენ, სიმართლეს არ შეესაბამება. დეპუტატი აცხადებს, რომ მათ სპორტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რის შესახებაც ანგარიში მოამზადეს და პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენ ლევან ყიფიანის გადადგომა არ მოგვითხოვია და ეს არც არის ჩვენი კომპეტენცია. დეპუტატებს გვაქვს პოზიცია, რომ სპორტის სამინისტრო ეფექტურად ვერ მუშაობს, რიგ საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი შენიშვნები. რამდენიმე დღის წინ სპორტის კომიტეტში ამ საკითხზე დახურული ფორმატის შეხვედრაც გაიმართა და მინისტრს კითხვები დავუსვით. მისგან ამ კითხვებზე მივიღეთ პასუხები, თუმცა, მინისტრის არგუმენტებმა ვერ დაგვაკმაყოფილა, ამიტომ მომზადდა ტექნიკური ანგარიში და გადავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს. პრემიერი შეისწავლის ამ საკითხებს და თავად გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ მინისტრი უნდა გადააყენოს, ასეც მოიქცევა; თუ მიიჩნევს, რომ შენიშვნა უნდა მისცეს, ამას გააკეთებს. აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში ჩარევა ჩვენი საქმე არაა. ჩვენი ერთადერთი მიზანი სპორტის განვითარებაა. რაზე იყო სხდომაზე საუბარი - ამ დეტალებს ვერ გეტყვით. სხდომა იმიტომ დაიხურა, რომ არ არის საჭირო დეტალების გახმაურება. პრემიერი თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ დასკვნის დოკუმენტი უნდა გასაჯაროვდეს, მაშინ ეს ასეც იქნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლუკა კურტანიძე.

"სდომა მიმდინარეობდა კონსტრუქციულ რეჟიმში. დავსვით კითხვები და გვინდოდა პასუხების მიღება. სხდომა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ხმაც კი არ აუწევია ვინმეს. პიროვნულ დაპირისპირებასთან საქმე არ გვაქვს, ამას სრული გულწრფელობით ვამბობ. ჩვენი პრეტენზიები შეეხება იმას, რომ სპორტში ახლა არის ისტორიული მომენტი, ჩაიდო დიდი თანხა, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. პრემიერის 2014 წლის 6 იანვრის განკარგულებით, დაიწყო ახალი პროექტების განხორციელება, რაც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს. ეს პროექტი ხორციელდება, მაგრამ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მინისტრი სპორტის პოპულარიზაციისათვის არაფერს აკეთებს. როდესაც ასეთი საქმე კეთდება, მის პიარზე პირველ რიგში მინისტრმა უნდა იმუშაოს. უნდა ჩადიოდეს რეგიონებში, სადაც პროექტები ხორციელდება და თავად უნდა ნახულობდეს, რა ხდება და საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდეს. მას მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთანაც, იმიტომ, რომ ეს სამი სფერო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რასაც მინისტრის მხრიდან ვერ ვხედავთ", - განაგრძობს უმრავლესობის დეპუტატი.

"საქართველოში სპორტით მოსახლეობის 2-3%-ია დაკავებული, მაშინ, როცა ევროპაში 40% სპორტს მისდევს. ამის პოპულარიზაციისთვის არაფერს აკეთებს. გარდა ამისა, მას უნდა ჰქონდეს თავისი იდეები. არაფერი არ კეთდება რეგიონული შეჯიბრებების ჩასატარებლად. მე როდესაც ჭიდაობის ფედერაციას ვხელმძღვანელობდი, მაშინ საქართველოში ჩამოსული იყვნენ მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები და მათაც თქვეს, რომ კარგი იქნება, თუ ჩატარდება ამიერკავკასიაში საერთო ჩემპიონატი. მაშინ პრემიერი ივანიშვილი იყო და პირადად დაავალა ყიფიანს, რომ ემუშავა ამ მიმართულებით, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა. ეს შეჯიბრებები უნდა ჩატარდეს და არა მხოლოდ ჭიდაობაში, არამედ სპორტის ყველა სხვა სახეობაში. მათ შორის ფეხბურთშიც. ეს არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული და ეს ხელს შეუწყობს როგორც სპორტის განვითარებას, ისე მის პოპულარიზაციას. ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს სპორტის სამინისტროს ხელთ, თუმცა, არაფერს არ იყენებს", - დასძენს კურტანიძე.

"რიგ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატებმა შენიშვნები გამოვთქვით. რა საკითხები შევიდა დასკვნაში - ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ დოკუმენტი ძალიან ვრცელია და ამას თქვენი გაზეთი ვერ დაიტევს. მაგალითად, ერთ-ერთი საკითხია, რატომ არ ისწავლება სკოლაში ფიზკულტურა, ეს არის ერთი მხარე. შენიშვნები გვაქვს ინფრასტრუქტურასთან და ფედერაციებთან დაკავშირებითაც. ცოტა გაუგებარია მინისტრის განცხადება, როდესაც თქვა, რომ დეპუტატების ტონი მისთვის მიუღებელია. რას ნიშნავს ეს? ჩვეულებრივად ვსვამდით კითხვებს და მის პასუხებს ვისმენდით. ხმამაღალი სიტყვაც კი არ გვითქვამს და რა ტონს გულისხმობს, მე ვერ გავიგე. მისმა პასუხებმა არ დაგვაკმაყოფილა და ამიტომ დავწერეთ ის დასკვნა. პასუხები რომ დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო, მაშინ დასკვნას აღარ დავწერდით" - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლერი ხაბელოვი.

"ჩვენი მთავარი პრეტენზია არის, რომ გასაკეთებელ საქმეებში მისი ჩართულობა იყოს იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს არის. სკოლებიდან ამოღებულია ფიზკულტურის გაკვეთილები. სპორტის მინისტრი ამ თემით ხომ უნდა იყოს დაინტერესებული? მას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან, მაგრამ გაკვეთილების სკოლებში დაბრუნების საკითხი მას არც კი წამოუჭრია. ასევე პრეტენზია გვაქვს სპორტის კანონთან დაკავშირებითაც. არსებობდა ძალიან ცუდი კანონი. მას ვკითხეთ, თუ აქამდე რატომ არ წარმოადგინა სპორტის შესახებ კანონპროექტი, რაზეც პასუხი არ მიგვიღია. პრემიერს ძალიან მსუყე მასალა გადავეცით, სადაც აღწერილია ყველა ის დეტალი, რაზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ. 2014 წლის ანგარიში საერთოდ ვერ პასუხობს სპორტის ინტერესებს საქართველოში. ძალიან ბევრი შენიშვნა გვაქვს. ერთადერთი სასიკეთო რაც სპორტშია, ეს არის ის, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება საქართველოში და ამ მიმართულებით მუშაობა სწორად მიმდინარეობს იმ ნაწილში, რაც სპორტის სამინისტროს კომპეტენციაშია. ამ ხარვეზებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერმა მინისტრის კომპეტენციის საკითხი დააყენოს", - აღნიშნავს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

"სპორტის მინისტრის გადაყენების მომხრეა საპარლამენტო უმცირესობაც. კომიტეტის წევრი "ნაცმოძრაობიდან" კობა ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ თავად არ დასწრებია სხდომას, სადაც მინისტრს უსმენდნენ, თუმცა, მიიჩნევს, რომ მინისტრი უნდა გადადგეს - "სპორტის მინისტრი უნდა გადადგეს. მას არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებია. მისი ერთადერთი პლუსი ის არის, რომ დათო ყიფიანის ვაჟია. სხდომას არ დავსწრებივარ, მაგრამ მისი საქმეები თანამდებობაზე დარჩენის უფლებას არ აძლევს მას", - ამბობც ბუცხრიკიძე, რომლის თქმით "ის აქამდეც უნდა გადაეყენებინათ", - წერს სტატიის ავტორი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია