"2006 წელს ბიძინა ივანიშვილის არათუ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში მოსვლა ვიწინასწარმეტყველე"

"2006 წელს ბიძინა ივანიშვილის არათუ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში მოსვლა ვიწინასწარმეტყველე"

ეს ადამიანი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი სტატუსებით გამოირჩევა. მისი შეფასებები ძირითადად თანამედროვე ცხოვრების პრობლემურ საკითხებს ეხება ხოლმე.

იუმორისტი დათო გოგიშვილი, მეტსახელად ციყვი, როგორც პროფესიით ისტორიკოსი, ცდილობს, ჩვენს ისტორიულ წარსულშიც იპოვოს დღევანდელობისთვის შესატყვისი პარალელები... ოპონენტებთან ცხარე პოლემიკაშიც არის "შემჩნეული", ხშირად კი გურული იუმორიც სძლევს ხოლმე და პუბლიკას გულიანად აცინებს... მოკლედ, დათო ამჟამად "მოულოდნელი კითხვების" მორიგი სტუმარია.

- ახლა როგორ ხარ და რას აკეთებ?

- სამსახურში, GDS-ში მოვედი და ორშაბათის აკლიმატიზაციის ეტაპს გავდივარ...

- ამინდის ცვალებადობა შენზე ხომ არ მოქმედებს?

- მას შემდეგ, რაც 2012 წლის 28 სექტემბერს თემო მჟავიასთან ერთად მძიმე ავარიაში მოვყევი და მარცხენა ხელი ლითონში მაქვს ჩასმული, რა თქმა უნდა, მოქმედებს.

- ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რას განიცდი?

- საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უსამართლო პოლიტიკას. შემიძლია დავიკვეხნო, რომ საქართველოში თითით საჩვენებელი საკრედიტო ისტორია მაქვს: ვინაიდან ჩემი მეგობრის სესხის თავდები ვარ, ერთ-ერთმა ბანკმა 300 ლარი არ მომცა. აღნიშნული ფაქტი ოქროს ასოებით შევა მსოფლიო ბანკების ფულად საკრედიტო ისტორიაში.

- მწვავე სტატუსებით გამოირჩევი... რას იტყვი ამაზე?

- ეს თავად სოციალურ ქსელებში აქტიურად დამპოსტავი ელექტორატის ცალკეულ წარმომადგენელთა ხშირ შემთხვევაში, ექსტრემისტულმა აზროვნებამ განაპირობა. ამავე დროს, უმეტეს წილად პოსტები იწერება ძალიან მტკიცებით ფორმაში, თავი "ჭეშმარიტების უმაღლესი ინსტანცია" ჰგონიათ, არადა, საცოდაობისგან ხატებს მირონი სდის, ზოგჯერ ისეთ სისულელეებს წერენ. რაც მთავარია, დაუსაბუთებელს, შესაბამისად, ამაზე მწვავე რეაქცია მაქვს ხოლმე.

- ვისთან ისურვებდი პირისპირ შეხვედრას და დიალოგს?

- ალბათ, არ გავკადნიერდები და არ ვიქნები ამბიციური, თუ ვიტყვი, რომ ბატონებთან - ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მათ საქართველოს უახლესი ისტორია ერთად დაწერეს და ბუნებრივია, ამ ადამიანებთან ბევრი შეკითხვაც მაქვს...

- სტატუსებში ხშირად წერ, რომ კარგი ინტუიციის პატრონი ხარ და რაღაცებს სწორად პროგნოზირებ. რა პროგნოზმა გაგიმართლა?

- ჩემი პროგნოზი გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით, გამართლდა, ასევე ირაკლი ალასანიაზე - არჩევნებამდე ჩემს მეგობრებს GDS-ში ვეუბნებოდი, რომ ბატონი ბიძინასა და მათი გზები გაიყრებოდა იმიტომ, რომ აშკარა იყო ორივე სუბიექტის მხრიდან მკვეთრი ღირებულებითი სხვაობა და არაადეკვატურად დიდი ამბიციები, ამავე დროს, ძალიან კარგად ვიცნობ მათ ბეგრაუნდებს... 2006 წელს "ვანოს შოუს" ოთახში, ბიძინა ივანიშვილის არათუ ზოგადად პოლიტიკაში, არამედ ხელისუფლებაში მოსვლა ვიწინასწარმეტყველე. იმ საუბარს რამდენიმე სცენარისტი და მსახიობი ესწრებოდა.

- მომავალში რა მოლოდინი გაქვს?

- ველოდები: 1. ჩემს პროგნოზს რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლაზე; 2. საქართველოს პოლიტიკაში ადრე თუ გვიან, რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების, კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრე პოლიტიკური ძალების მოსვლას. ისინი წარმომადგენლობითად მოვლენ შემდეგ პარლამენტში; 3. რუსეთი აუცილებლად გააუქმებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების დოკუმენტს.

- ამჟამად არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რას იტყოდი?

- ვისაც ჰგონია, რომ "ნაციონალებმა" აქციაზე 12 ათას კაცზე მეტი ვერ გამოიყვანეს და ამით მორჩა ყველაფერი, ძალიან სცდება! პროვოკაციები აუცილებლად მზარდ ხასიათს მიიღებს. ერთადერთი სწორი გამოსავალი არსებულ სიტუაციაში - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნაა.

- საქართველო გაბრწყინდება?

- გაბრწყინდება, მას შემდეგ, რაც რუსეთისა და აშშ-ს გლობალური გეოსტრატეგიული სქემების დატესტვის ლაბორატორია აღარ ვიქნებით, როცა ქართველები ამ მიწის, ბუნების, ჰაერის და წყლის ფასს გავიგებთ, რაც ღმერთმა გვიბოძა.

- ისტორიკოსი იუმორისტად რატომ მუშაობ?

- ვმუშაობდი ისტორიკოსადაც, მაგრამ სტუდენტობის დროს, რაღაც პერიოდი, КВН-ს ვთამაშობდი, რამაც იუმორისტებთან დამაახლოვა.

- ლექციებს რატომ აღარ კითხულობ?

- თსუ-ს ქვემო ქართლის ფილიალში ვმუშაობდი. ლომაიას მინისტრობის დროს ფილიალები დაიხურა. თსუ-ში რომ გამეგრძელებინა საქმიანობა, ტელევიზიაში მუშაობასთან ვეღარ შევათავსებდი. ამიტომ, ტელევიზია ვარჩიე.

- როგორ გგონია, საზოგადოება ადეკვატურად გაფასებს?

- ვფიქრობ, კი. განსაკუთრებით ისინი, ვისაც პოლიტიკური შეხედულების გამო ვეზიზღები. დიახ, ისინი უფრო სწორი შემფასებლები არიან, ვინაიდან ამ სფეროში არ ელოდნენ ჩემგან აკადემიურობას და წყობიდან გამოვიდნენ... იქ ვურტყამ, სადაც საჭიროა...

- რაში გეხმარება გურული იუმორი?

- ნებისმიერი მატერიალური თუ სულიერი კრიზისის გადატანაში. ზოგადად გურულები ძალიან მოტივირებული და მხიარული ხალხია, მოწყენილ გურულს ვერ იპოვით.

- წლებია, თბილისში ცხოვრობ, მაგრამ ხშირად ვაკელებს დასცინი. რატომ?

- ჩემი სოფელი (ტოლები) სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ ის ეთნოგრაფიულად უფრო გურიაა. ეს რაც ჩემს წარმომავლობას ეხება... თბილისში ვერაზე ვცხოვრობ, მინდოდა ვაკეში ცხოვრება, მაგრამ მითხრეს, - ჯერ MAP-ი უნდა მიიღოო (იღიმის). არა, არ დავცინი, რას ამბობთ? მე თბილისის ელიტარულ უბნებში შემოქმედებითად და მოქალაქეობრივად ძალიან გავიზარდე. უბრალოდ ვაკის გაიდეალების უსაფუძვლო, პროვინციულ ფორმაზე მეციება ხოლმე და ეგ არის...

- თბილისმა რა შეგძინა და რა წაგართვა?

- თბილისი უდიდესი ცხოვრებისეული სკოლაა, ეს რაც შეეხება შეძენას, წართმევაზე კი, რა ვთქვა? - რაც არ მქონდა, რას წამართმევდა?!

- გულწრფელ ღიმილს რა და ვინ იწვევს?

- ჩემი სოციალურად დაუცველობის განცდას ნობელის პრემიის იმიჯის მქონე ადამიანების ღიმილი იწვევს...

- როგორ გგონია, სიყვარული მართლა ვერტიკალური და ბრუნვადია?

- სიყვარული არის სოციალური გრძნობა, რომელიც ძალიან წააგავს ფულად-საკრედიტო პროცესს და ისევე განიცდის ინფლაციას, როგორც ნებისმიერი ვალუტა...

- გურულ დიალექტზე ერთი ანეკდოტიც გვითხარი და ამავე დიალექტზე შენებურად ჭკუაც დაგვარიგე...

- გურიაში, საბავშვო ბაღში, 3 წლის ბავშვებმა ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. შეზანზარდა ყველაფერი და ჩამოიქცა ქვეყანა, ისეთი სკანდალი იყო. პატარა გოგონა ჯერ მასწავლებელმა სცემა, მერე - მშობელმა. ბოლოს ბავშვს დეიდა ესტუმრა და პატარას ჭკუის დარიგება დაუწყო, იმის ახსნა, თუ რა საშინელება და უბედურებაა ტუჩებში კოცნა. ბავშვმა ტირილი დაიწყო და დეიდას ეუბნება: ,,სენც გეიგე დეიდა ცემი ბოჯობის (ბოზობის) ამბავიიი?!" ''რო დაგიფჩენიენ მაი პირი და აგიღერიენ მაი თავი ვოროშილოვის ცხენივით და დეიარებით აქით-იქით გალიცინივით, საქმე აკეთეთ ბიძია, საქმეეეეე!" - ეს შეგონება ჩემს ბავშვობაში ხშირად გამიგონია (იღიმება).

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია