საქართველოში 2015 წლის "დედამიწის საათი" აღინიშნა

საქართველოში 2015 წლის "დედამიწის საათი" აღინიშნა

საქართველოში 2015 წლის "დედამიწის საათი" აღინიშნა. "გამოიყენე შენი ძალა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად" - "დედამიწის საათის" მეცხრე რაუნდი მსოფლიოში - 2015 წლის 28 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 20:30-21:30-მდე აღინიშნა. საქართველო ამ აქციას 7 წლის წინ შეუერთდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სოციალური ქსელების მეშვეობით ინტერაქტიული ვიდეო "საქართველო - 2065 წელი" ვრცელდებოდა, რომელიც მომხმარებლებს კლიმატის ცვლილებების სავალალო შედეგებზე "მომავლიდან" მოუთხრობდა.

"დედამიწის საათთან" დაკავშირებით, თბილისის "მრგვალ ბაღში" ჯგუფი "ყველას" კონცერტი გაიმართა, მოძრაობის თეატრის მსახიობებმა კი აქციის მონაწილეებისთვის "ცეცხლოვანი შოუ" წარმოადგინეს. მთელი ღონისძიების განმავლობაში ბაღში სანთლებით აწყობილი "დედამიწის საათის" ლოგო - 60+ ენთო.

ღონისძიების ფარგლებში თბილისში ერთი საათის განმავლობაში შუქები ჩააქრეს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში; გარეგანათება გამორთეს საქართველოს პარლამენტის შენობაში, ქალაქის მუნიციპალურ შენობებში – მერიასა და საკრებულოში. ასევე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, "მშვიდობის ხიდზე", ნარიყალას ციხესიმაგრეზე, ძველი თბილისის შენობებში, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებში, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის მონუმენტზე.

"დედამიწის საათის" მთავარი მიზანია: კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ტრადიციისამებრ, ამ დღეს მსოფლიოს ქვეყნების ყველა ცნობილი ღირსშესანიშნაობები ერთი საათით ბნელდება, რაც "დედამიწის საათის" აქციისადმი მხარდაჭერას ადასტურებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), WWF და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF).

ღონისძიებას დაესწრო: ნილს სკოტი, გაერო-ს ელჩი საქართველოში; მაია ბითაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; ნინო ხატისკაცი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ჯანაშია, CENN აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი სანადირაძე, WWF კავკასიის რეგიონული დირექტორი; და თეა ბარბაქაძე, CNF წარმომადგენელი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია