მეფე პეტრე პირველი არასდროს ყოფილა რუსი

მეფე პეტრე პირველი არასდროს ყოფილა რუსი

ჩვენში გავრცელებულია გამოთქმა: "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ", - და ხშირად ის პატარა ერის კომპლექსზე მიანიშნებს.

თუმცა, ისტორია არაერთ დიდ ქართველზე მოგვითხრობს, რომელმაც ამა თუ იმ იმპერიის, ქვეყნის ან მსოფლიო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ამჯერად გთავაზობთ ვერსიას, რომელიც რუსული ელექტრონული მედიის საშუალებით გავრცელდა. ალბათ, ადრეც გსმენიათ პეტრე პირველის "ქართველობის" შესახებ...

არსებობს საკმაოდ საინტერესო ამბავი: როცა გამოჩენილი მწერალი ალექსეი ტოლსტოი თავის რომან "პეტრე პირველზე" მუშაობდა, წააწყდა დოკუმენტურ მასალას, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის უდიდესი მონარქის, რომანოვთა გვარის სიამაყის განსხვავებული წარმომავლობა. მტკიცდებოდა, რომ მას რუსეთის სამეფო გვართან და საერთოდ, რუს ეროვნებასთან არაფერი აკავშირებდა!

ამ ფაქტმა მწერალი უზომოდ ააღელვა და გადაწყვიტა, რჩევის მისაღებად, თავისი დროის უდიდესი დიქტატორისთვის მიემართა. მით უმეტეს, ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, ბელადისთვის "ახლობელი" უნდა ყოფილიყო - ისიც ხომ წარმოშობით ქართველი იყო. ეს ინფორმაცია ერთი მხრივ, საკმაოდ პროვოკაციულიც გახლდათ, რადგან სტალინი თავს რუსად მიიჩნევდა. ამიტომ ალექსეი ნიკოლაევიჩმა დიქტატორს დოკუმენტი მიუტანა.

წერილი ადასტურებდა, რომ დიდი რუსი რეფორმატორი სინამდვილეში... ქართველი გახლდათ!

გაოცება გამოიწვია იმან, რომ სტალინს ასეთი არაჩვეულებრივი აღმოჩენა სულაც არ გაჰკვირვებია. უფრო მეტიც - დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, ტოლსტოის სთხოვა, ეს ფაქტი არ გამოემზეურებინა. საკუთარი სურვილის დასაბუთება კი საკმაოდ უბრალოდ მოახერხა: "დავუტოვოთ მათ ერთი "რუსი" მაინც, რომლითაც შეუძლიათ იამაყონ!" მწერალს აგრეთვე, ისიც ურჩია, ეს დოკუმენტი გაენადგურებინა.

ამ შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია წესით, სამუდამოდ უნდა დამარხულიყო, მაგრამ ალექსეი ტოლსტოი, ისევე როგორც ბევრი მწერალი, ძალზე კომუნიკაბელური ადამიანი გახლდათ და ამიტომაც, ეს ამბავი ჯერ საახლობლო წრეს გაანდო, შემდგომ კი მისმა აღმოჩენამ მთელი ინტელიგენცია მოიცვა.

რა წერილი იყო ასეთი, რომელიც უნდა გამქრალიყო?

სავარაუდოდ, საქმე ეხებოდა დარია (დარეჯან) არჩილის ასულ ბაგრატიონ-მუხრანელის (იმერეთის მეფე არჩილ II-ის ქალიშვილის) წერილს, რომელიც ნათესავს - სამეგრელოს თავად დადიანის ქალიშვილს სწერდა. წერილში საუბარია რაღაც წინასწარმეტყველებაზე, რომელიც ქართველი დედოფლისგან მოუსმენია: "დედაჩემი მომიყვა ვიღაც მატვეევზე, რომელმაც თურმე წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა. მას გამოეცხადა წმინდა გიორგი და ამცნო: შენ მოწოდებული ხარ იმისთვის, რომ მეფეს გააგებინო - მოსკოვში "მეფეთა მეფე" უნდა დაიბადოს, რომელიც მას უდიდეს იმპერიად აქცევს. დაბადებით კი ის ჩამოსული, ივერიელი, მართლმადიდებელი მეფისგან უნდა იშვას, დავითის მუხლიდან, საიდანაც ღვთისმშობელიც წარმოდგება, და კირილ ნარიშკინის სუფთა გულის მქონე ქალიშვილისგან. თუ ამ ნებას წინ აღუდგებიან, იქნება ჟამიანობა. ღმერთის ნება უზენაესია".

წინასწარმეტყველება არაორაზროვნად მიანიშნებდა ასეთი ქმედების აღსრულების აუცილებლობაზე. თუმცა, მსგავსი მოვლენისკენ შემობრუნებას, შესაძლოა, რეალურად სულ სხვა პრობლემამ შეუწყო ხელი.

რომანოვთა გვარის დასასრულის დასაწყისში

რეალურ მიზეზებში გასარკვევად აუცილებელია, მივმართოთ ისტორიას და გავიხსენოთ, რომ მოსკოვის სამეფო იმ დროს, პრაქტიკულად უთავო სამეფოს წარმოადგენდა; ხოლო მეფის მოვალეობებს - ალექსეი მიხაილის ძე ვერ ასრულებდა. ქვეყანას ფაქტობრივად, მართავდა სამეფო ინტრიგებში ჩაფლული, გაიძვერა და ავანტიურისტი თავადი მილოსლავსკი. ალექსეი მიხაილოვიჩი სუსტი, უძლური ადამიანი გახლდათ. მის გარშემო ძირითადად, საეკლესიო პირები ტრიალებდნენ, რომელთა აზრსაც ანგარიშს უწევდა. ერთ-ერთი ასეთი იყო - არტამონ სერგეევიჩ მატვეევი, რომელიც მეფეზე დიდი ზემოქმედების უნარს ფლობდა. მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით, მატვეევი არსებითად, მართავდა მონარქს. ეს ისტორიული პიროვნება, "რასპუტინის მაგვარი" პერსონაჟი გახლდათ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ მეორის კარზე უსაზღვრო გავლენით სარგებლობდა. მატვეევის გეგმა მარტივი იყო: მას აუცილებლად მიაჩნდა, მეფეს დახმარებოდა იმაში, რომ მილოსლავსკების ნათესაობისგან სამუდამოდ გათავისუფლებულიყო და ტახტზე "თავისი" მემკვიდრე აეყვანა...

1669 წლის მარტში, როცა ალექსეი მიხაილოვიჩის ცოლი, მარია ილიას ასული მილოსლავსკაია გარდაიცვალა, მატვეევმა მეფეს ყირიმელი თათრების თავადთა წარმომადგენელი - ნატალია კირილოვნა ნარიშკინა გაურიგა (ის ყირიმელ თათართა მურზის, ისმაილ ნარიშის ქალიშვილი იყო, რომელიც იმ დროს მოსკოვში ცხოვრობდა. ადგილობრივთათვის კი, უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, სახელად კირილს ატარებდა). ამის შემდგომ მხოლოდ მემკვიდრის საკითხის მოგვარებაღა რჩებოდა. პირველი ცოლისგან დაბადებული შვილები ისეთივე სუსტები და უძლურები იყვნენ, როგორიც თავად მეფე. მატვეევის აზრით, ისინი მემკვიდრეებად არ გამოდგებოდნენ.

სხვაგვარად რომ ითქვას, როგორც კი მეფეს ნარიშკინა შერთეს, მაშინვე მემკვიდრის საკითხი დადგა. რადგან იმ მომენტისთვის მეფე მძიმედ ავად იყო და ფიზიკურად ძალზე დასუსტებული ბრძანდებოდა, თან ისიც ცხადი იყო, რომ მას სულ სუსტი შვილები გამოსდიოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება - მისთვის შემცვლელი მოეძებნათ და... აი, სწორედ ამ დროს, შეთქმულებს ხელში ქართველი თავადი ჩაუვარდათ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია