თბილისის საკრებულომ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა.

"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესის" ამოქმედების შემდეგ სავალდებულო ხდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით" (ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას. ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე. ცხოველის პატრონი ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში/მფლობელობაშიმყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ახალი ნორმების მიხედვით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 08:00 – 22:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 22:00 – 08:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში. "შინაურ ცხოველების მოვალა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შემცირებასაც გულისხმობს, რის დროსაც გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები.

ასევე წესში გაწერილია ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს, აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) იძულებითი შიმშილი, წყურვილი; ზ) სხვა არაჰუმანური მეთოდები.

კანონი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ არის შემუშავებული, საკრებულოს სხდომაზე კი გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა წარადგინა. ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცების პარალელურად თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცვიელებმა და შინაური ცხოველები პატრონებმა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას; არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია); მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას; ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია; არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე; დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები; ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის; ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია