ქართველი შეფ-მზარეული, რომელიც კერძებს საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის ამზადებდა

ქართველი შეფ-მზარეული, რომელიც კერძებს საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის ამზადებდა

"ბატონ მიხეილ სააკაშვილთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, იმიტომ რომ თვითონ საკმაოდ დიდი გურმანია. პირველად 2010 წელს მიმიწვიეს ბათუმში და რამდენიმე დღის განმავლობაში ბატონი სააკაშვილისთვის ვახშამს ვამზადებდი."

"ზიდანი, რონალდო, რონალდინიო, ფიგუ და სხვა ბევრი ცნობილი პერსონა მოსულა ჩემთან და გემრიელი კერძისთვის მადლობა გადაუხდია..."

15 წელზე მეტია სამშობლოდან შორს ცხოვრობს და მუშაობს. მას პორტუგალიაში უკეთესად იცნობენ, ვიდრე საქართველოში, თუმცა ბოლო ხანს უფრო ხშირად უწევს თბილისში ყოფნა და ერთ-ერთ ახლადგახსნილ რესტორანში თავისი უნიკალური კერძების მომზადება. გურამ ბაღდოშვილი პორტუგალიაში ერთ-ერთ ცნობილ რესტორანს შეფობს, ასევე ფლობს პატარა ზღვისპირა რესტორანს. ჩვენში ცოტამ თუ იცის, რომ მას საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის უწევდა კერძების მომზადება. ნიჭიერ კაცს წარმატებულ მუსიკლაურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან არჩია მსოფლიო კულინარული ხელოვნებას დაუფლებოდა და გემოთა მუსიკა ეძებნა...

გურამ ბაღდოშვილი:

- კარიერა საკმაოდ ადრე, 14 წლის ასაკში დავიწყე სასტუმრო "აჭარის" სამზარეულოში. მაშინ ეს სასტუმრო საბჭოთა სასტუმროების ქსელს ინტურისტს, ან როგორც იმ დროს ამბობდნენ, "ინტურისტებს" ეკუთვნოდა. ეს იყო ჩემი კარიერის დასაწყისი, იქ გადავდგი პირველი ნაბიჯები... მოკლედ, კომუნისტური წყობიდან მოვდივარ (იცინის)... თანდათან ამ საქმემ უფრო და უფრო გამიტაცა, შემდეგ იყო მოსკოვი, პეტერბურგი, ბოლოს, ბელგიის გავლით პორტუგალიაში მოვხვდი და იქ ვიპოვე მეორე სამშობლო. წლებია უკვე იქ ვარ, თუმცა საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ.

- მზარეულობა რატომ გადაწყვიტეთ, ეს ოჯახური ტრადიცია ხომ არ ყოფილა?

- ოჯახში მამაც და დედაც არაჩვეულებრივად ამზადებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დედა უკრაინელი, მოტაცებული ქალი იყო, ძალიან უყვარდა საქართველო, ჩვენი ტრადიციები და სამზარეულო. 1990 წლიდან, როცა მამა მომიკლეს, გადავწყვიტე ჩემით გამეკვლია გზა... გორის "ინტურისტის" დირექტორი იყო ბიძაჩემი სიმონ ნასყიდაშვილი და იმან დამაწყებინა მუშაობა სასტუმრო "აჭარაში", სადაც მიშა ლოლაძესთან 16 წლამდე არალეგალურად ვმუშაობდი... ე.წ. შეგირდი ვიყავი. სწორედ მაგ დროს მომიწია შეხვედრა საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. იმჟამად ფოთში გაიხსნა სპორტული კომპლექსი "მალთაყვა", სადაც მიწვეული ვიყავი როგორც მზარეული, ეს ის პერიოდია, როდესაც წყალზე სრიალში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. პრეზიდენტმა გახსნა ღონისძიება, შემდეგ გაჩერდა რამდენიმე დღე და ჩვენ მას ვემსახურებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, სასტუმრო "აჭარიდან" ერთადერთი მზარეული ვიყავი, ვინც ფოთში, ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიავლინეს, ეს იყო ჩემი პირველი სამსახურეობრივი მივლინება.

- მოგიწიათ უშუალოდ პრეზიდენტ გამსახურდიასთან შეხვედრა?

- კი, როგორ არა... ის მეტად უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შემდეგ შევარდნაძის პრეზიდენტობისას რამდენმე ბანკეტზე მაქვს კერძები მომზადებული კრწანისის რეზიდენციაში. ყველა პრეზიდენტს თავისი სპეციალური დეპარტამენტი აქვს, ე.წ. კონტროლის პალატა, რომლის წარმომადგენლებიც აგემოვნებენ და ანალიზებს უტარებენ იმ პროდუქტებს, რომლითაც პრეზიდენტისთვის მზადდება კერძები. ყველაფერი მოწმდება ქიმიურად, ბიოლოგიურად და ა.შ... ბატონ მიხეილ სააკაშვილთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, იმიტომ რომ თვითონ საკმაოდ დიდი გურმანია. პირველად 2010 წელს მიმიწვიეს ბათუმში და რამდენიმე დღის განმავლობაში ბატონი სააკაშვილისთვის ვახშამს ვამზადებდი.

მაგ დროისთვის მე უკვე ვიცნობდი სააკაშვილს, სანამ უცხოეთში მომიწევდა წასვლა, მანამდე მოგვიწია შეხვედრა. მაშინ ერთადერთ ქუჩაზე პეროვსკაია იყო ღამის ბარები, სწორედ იქ, ერთ-ერთ ბარში გავიცანი. 2010 წლის შემდეგ კიდევ არაერთხელ მომიწია ისეთი "ივენთებზე" მომზადება, რომელშიც სააკაშვილი მონაწილეობდა. ერთ ზაფხულს, მახსოვს დიდი სუფრა მოვამზადე, სადაც ყველა ის ადამიანი იყო, ვინც სააკაშვილს მუდამ თან ახლდნენ... მაშინ ვიღაცამ მკითხა, საქართველოში ჩამოსვლას თუ ვაპირებდი, რაზეც ვუპასუხე, რომ არ ვიყავი საქართველოს მოქალაქე, რადგანაც საქართველოს მოქალაქეობა პორტუგალიის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დავკარგე. მაშინ სააკაშვილი დამპირდა, რომ ორმაგ მოქალაქეობას მომცემდა...

იხილეთ გაგრძელება

"მე გამოვხატე უდიერი განწყობა ხაშურის ეპისკოპოსის მიმართ, მერე კი..." - რას ყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის სტატისტიკა და ეპიდვითარება ქვეყანაში

გერმანიაში დასაქმების სურვილი 98 443 მოქალაქემ გამოთქვა, ისრაელში კი - 1 427-მა - რა ინფორმაციას ავრცელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო