10 წვრილმანი, რომელშიც ისე ხარჯავთ უამრავ ფულს, რომ ვერც ხვდებით

10 წვრილმანი, რომელშიც ისე ხარჯავთ უამრავ ფულს, რომ ვერც ხვდებით

ფულის პრაგმატული ხარჯვა უნარია, რომელიც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია. დაფიქრდით, რამდენად სწორად განკავრგავთ ბიუჯეტს, რომელსაც თვიდან თვემდე მძიმე სამუშაო დღეების ხარჯზე გამოიმუშავებთ.

ალბათ გსმენიათ მათზე, ვინც ყოველთვიურად, თანხების რაციონალური ხარჯვისთვის, აღწერას აკეთებს. ქმნის სიას აუცილებელი თუ ყოველდღიური ხარჯებისთვის და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ თვის ბოლოს გარკვეული დანაზოგის დაგროვება შეძლოს...

Ambebi.ge-ს ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყოველდღიურ წვრილმან ხარჯებზე, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა საბოლოო ჯამში ისინი საკმაოდ დიდ თანხას აღწევენ.

1 - წვრილმანი ნივთები სახლისთვის.

დარწმუნებული ხართ, რომ ყველა ის ნივთი გჭირდებათ, რომელსაც "ხელს აყოლებთ" სავაჭრო ცენტრებში სეირნობისას? ბუნებრივია, საუბარი არ არის მაცივარზე, სამზარეულოსა თუ საჭირო ავეჯზე, მაგრამ როდესაც წვრილმან ნივთებს ყიდულობთ, რამდენად ფიქრობთ მათი შეძენის მოცემულ მომენტში აუცილებლობაზე?

2 - კომუნალური გადასახადები

ცნობილია, რომ ამერიკაში ოჯახები მათი შემოსავლის საშუალოდ, 7%-ს კომუნალურ გადასახადებში იხდის. რა არის არსებულ ვითარებაში გამოსავალი? სწორედ აქ გვჭირდება თანხების რაციონალურად განკარგვა: იმის ნაცვლად, რომ გამათბობელს მთელი ზამთარის განმავლობაში ბოლომდე აუწიოთ, ჯობია მოიყვანოთ ხელოსანი და შეაკეთოთ კარ-ფანჯარა თუ სხვა "არხები", საიდანაც სიცივე შემოდის.

გარდა ამისა, აუცილებელია ელექტროენერგიის დაზოგვა გაუაზრებლად გაკაშკაშებული ნათურების სანაცვლოდ. გახსოვდეთ, რომ არსებობს უამრავი ეკონომნათურა, რომელის მოხმარება თვის ბოლოს შესამჩნევ დანაზოგს მოგვცემს.

3 - რელაქსაცია

არავინ გეუბნებათ, რომ უარი თქვათ თეატრსა თუ კინოზე, მაგრამ დაფიქრდით, რამდენად საჭიროა კინოთეატრში მისულმა აუცილებლად მიირთვათ პოპკორნი და გაზიანი სასმელი, რომელსაც, მთლიანობაში ბევრად მეტი თანხა სჭირდება, ვიდრე ბილეთს, რომელიც კინოს საყურებლად შეიძინეთ. აქვე, ცნობილია, რომ ყოველდღიურად შეძენილი ერთჯერადი ყავა თვის ბოლოს იმდენად დიდ ზარალს აყენებს თქვენს ბიუჯეტს, რომ ამას ნამდვილად აჯობებდა ქილით შეგეძინათ.

4 - დაუგეგმავი ხარჯები სუპერმარკეტში

სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ ადამიანთა კატეგორიაზე, რომელიც ყოველთვის აკეთებს აუცილებელი ხარჯების ნუსხას. იგივე პრინციპი გმართებთ სუპერმარკეტთან მიმართებაში. ვიდრე საყიდლად წახვალთ, გააზრებულად ჩამოწერეთ, თუ რის შეძენას აპირებთ და იქვე მოინიშნეთ სავარაუდო ბიუჯეტი. გვერწმუნეთ, ეს ბევრ გაუაზრებელ ხარჯს აგარიდებთ.

5 - საკაბელო ტელევიზია

დღეს საკაბელო ტელევიზიის გარეშე ცხოვრება ბევრისთვის სრულიად წარმოუდგენელია. თითქმის ვერავინ ამბობს უარს სეგმენტური არხების ყურებაზე. ვერ ვუშვებთ, რომ არ გვქონდეს სპეციალური არხები ფეხბურთისთვის, კინოჰიტებისა, თუ მუსიკალური კლიპებისთვის და ცხადია, ვერც ახალი ამბების მაუწყებლების გარეშე წარმოვიდგენთ ჩვენს ყოველდღიურობას, მაგრამ ვიდრე საკაბელო ტელევიზიას ჩავრთავთ, ჯობს გავიაზროთ, გვჭირდება თუ არა ყველა იმ ტელევიზიის ყურება, რომელსაც ესა თუ ის პაკეტი გვთავაზობს. ჭკვიანური იქნება, თუ სწორად მოარგებთ პეკეტს თქვენს ინტერესებს და მხოლოდ იმ ტელევიზიების ყურებისთვის გადაიხდით ფულს, რომლის მაყურებელი რეალურად ხართ. თავად დაფიქრდით, რამდენი ტელევიზია გაქვთ ჩართული, რომელსაც არასდროს უყურებთ და მხოლოდ "ჩენელ ჯამფინგისას" აწყდებით...

6 - ბრენდული პროდუქტი

სარეკლამო ბაზარზე დაუნდობელი ბრძოლის პარალელურად, მყიდველს სტერეოტიპული წარმოდგენები უყალიბდება ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ. მაგალითად, თუ გამაგრილებელი გაზიანი სასმელი მოუნდება, დახლთან მხოლოდ ის 2-3 ბრენდი ახსენდება, რომელთა სარეკლამო რგოლების ჩვენება დიდი დოზით ხდება ტელევიზიითა თუ ინტერნეტით. განსაკუთრებით კი მაშინ ვექცევით ამა თუ იმ ბრენდის "ტყვეობაში", როდესაც სამოსს, სათვალეს ან სხვა აქსესუარებს ვყიდულობთ. დაფიქრდით, აუცილებელია, რომ მაინცდამაინც რომელიმე ყველაზე ცნობილი ბრენდის სასარგებლოდ გააკეთოთ არჩევანი? ის ხომ ბევრად ძვირია, ვიდრე თუნდაც ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც შესაძლოა, ბევრად ხარისხიანიც იყოს. და რაც მთავარია, დარწმუნებული ხართ, რომ ყოველთვის იმ ბრენდის პროდუქტს იძენთ, რაც იარლიყზეა მითითებული? ფალსიფიკაციის მსხვერპლი ხომ არაერთი ჩვენგანი ხდება...

7 - სატელეფონო საუბრები

თანამედროვე სამყარო ერთმანეთთან კომუნიკაციის არაერთ მეთოდს გვთავაზობს, მაგრამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, განსაკუთრებით საქართველოში, დღემდე ძირითადად მობილურ პერატორებს იყენებს. თვიდან თვემდე კი სატელეფონო საუბრები იმაზე მეტ ფულს გვახარჯვინებს, ვიდრე მობილური ტელეფონისთვის ინტერნეტპაკეტის შეძენა და ჩვენს წრესთან უფასო აპლიკაციებით კონტაქტი, სადაც სრულიად ულიმიტოდ შევძლებთ კომუნიკაციის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებების გამოყენებას.

8 - სიგარეტი

სიგარეტი, გარდა ჯანმრთელობისა, რაც ადამიანისთვის ფასდაუდებელია, დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობასაც. თავად დათვალეთ, გიღირთ ის ყოველთვიური ხარჯი, იმ ზიანისთვის, რომელსაც საკუთარ ჯანმრთელობას აყენებთ?

9 - ლანჩ მენიუ

ლანჩ მენიუ, რომელიც დასაქმებული ადამიანისთვის ყოველდღიური აუცილებლობაა, ასევე შედის იმ გაუაზრებელ, ერთი შეხედვით წვრილმან ხარჯებს შორის, რომელიც, თვის ბოლოს, საკმაოდ დიდ მაჩვენებელს ქმნის. ხომ არ ჯობია, რომ სახლში მოამზადოთ საჭმელი და კონტეინერით წაიღოთ სამსახურში? ამით, თანხების დაზოგვასთან ერთად, ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით...

10 - სხვა საკვები

Huffington Post-ი ერთ-ერთ სტატიაში საუბრობს, თუ რამდენად დიდ თანხას ხარჯავს რიგითი ამერიკელი ჯანმრთელობისთვის ისეთი არასასურველი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ლუდზე დასაყოლებელი ბარში ყოფნისას, ჩიპსები, თუ სხვა ტიპის ე.წ. snack-საკვები. გამოცემა მკითხველს მოუწოდებს, კარგად დაფიქრდეს, ვიდრე არაჯანსაღ და ძვირადღირებულ საკვებს შეიძენს.

გაუაზრებელი წვრილმანების ჩამონათვალი, რომელშიც სოლიდურ თანხას ვხარჯავთ, ცხადია, ამით არ ამოწურულა, თუმცა იმედია სხვა დანარჩენზე ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდებით. გახსოვდეთ, რომ წვრილმანი ხარჯების ერთობლივობა ქმნის დიდ ხარჯებს...

Ambebi.ge-ს ეს სტატია მომზადებულია msn.com-ის ეკონომიკის რედაქციისა და Huffington Post-ის რეკომენდაციების მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია