არის თუ არა მეორადი ტანსაცმელი საფრთხის შემცველი ჯანმრთელობისათვის - წაიკითხეთ, სანამ "ძველმანებში" წახვალთ

არის თუ არა მეორადი ტანსაცმელი საფრთხის შემცველი ჯანმრთელობისათვის - წაიკითხეთ, სანამ "ძველმანებში" წახვალთ

მეორადი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკმაოდ მოთხოვნადი ბიზნესია. თითქმის 20 წელია, რაც თბილისის ქუჩებისათვის ე.წ. ძველმანების მაღაზიები უცხო აღარაა. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიეში ყველანაირი საქონლის შეძენაა შესაძლებელი  - დაწყებული მაისურებით და დამთავრებული ზამთრის ტყავის ქურთუკებით.

არის თუ არა მეორადი ტანსაცმელი საფრთხის შემცველი ჯანმრთელობისათვის და შეიძლება თუ არა მეორადი ტანსაცმლის ხშირი მოხმარება ალერგიის გამომწვევი მიზეზი გახდეს? - რჩევებს კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი თვალიაშვილი გვაძლევს.

"მეორადი ტანსაცმელი უამრავი რაოდენობით შემოდის ევროპული ქვეყნებიდან. როდესაც საქართველოში შემოდის ეს ტანსაცმელი, უკვე დამუშავებულია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. მიუხედავად ამისა, ზოგ შემთხვევაში ტანსაცმელი იძლევა ალერგიას. განსაკუთრებით კი იმ პირებზე მოქმედებს, ვისაც მომატებული ალერგიული ფონი აქვს, იგივე ბრონქიალური ასთმა, რინიტი და ა.შ.

რამდენიმე პაციენტი ყოფილა ჩვენთან მიღებაზე მოსული, ვეძებდით ალერგიის გამომწვევ მიზეზს და საუბარში გაირკვა, რომ ხმარობდნენ მეორად ტანისამოსს. პაციენტებს ტანზე გამონაყარი ქონდათ, ჩვენც სწორედ ამას დავუკავშირეთ ალერგიული გამონაყარი. მკურნალობის შემდეგ ალერგიული გამონაყარი გაქრა, ხოლო პაციენტს ვურჩიეთ, რომ სამომავლოდ თავი შეეკავებინა მეორადი ტანისამოსის მოხმარებისგან.

შესაძლოა, ალერგიას სწორედ სადეზინფექციო ხსნარები ახდენს, რომლითაც ტანისამოსი მუშავდება. ზოგიერთ ადამიანზე მსგავსი ფაქტორები ზეგავლენას ვერ ახდენს, თუმცა ზოგზე, ვინც ალერგიულია, ყველაფერი მოქმედებს. ჩვენ ვურჩევთ, რომ მეორადი ტანსაცმელი კარგად გარეცხონ, რის შემდეგაც შეუძლიათ ჩაიცვან", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას გიორგი თვალიაშვილი.

ყველანაირი ალერგიის საფრთხეს გამორიცხავენ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების მფლობელები. მათი თქმით, პროდუქცია იმდენად უსაფრთხოა, რომ საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებსაც აცმევენ.

ინდირა გაგუა, გამყიდველი: ალერგიულობაზე არავის მოუმართავს. ნახევარი თბილისი მეორადს იცვამს და ალერგიასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ეს პროდუქცია მუშავდება სპეციალური წამლით, რის შემდეგაც ის მოხმარებისთვის სრულიად უსაფრთხოა.

მანანა ჩოჩია, გამყიდველი: ალერგია გამორიცხულია, რადგან ფეხსაცმელიც და ტანსაცმელიც ისეთ წმენდაში ტარდება სანამ შემოვა, რომ ჩვენს საკუთარ შვილებსაც კი ვაცმევთ ხოლმე. გარდა ამისა ჩვენი მაღაზია ტანსაცმლის მაღალ კატეგორიას იღებს, სადაც საქონლის 80 პროცენტი ახალია. ზოგადად, მეორადი საქონელი ტანსაცმელი იქნება ეს თუ ფეხსაცმელი, გატარებულია სპეციალურ დამუშავებაზე, რათა სოკოს ან რაიმე სხვა სახის დაავადებისგან დაზღვეულები ვიყოთ.

საბაჟოზე ისე არ შემოვა ტანსაცმელი, თუ არ შემოწმდა. შეფუთულ საქონელს დაკრული აქვს სპეციალური ნიშანი, რაც იმის მანიშნებელია, რომ მას შესაბამისი შემოწმება ყველანაირ სახის დაავადებაზე გავლილი აქვს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

საქართველოში მეორადი ტანსაცმელი ძირითადად, ევროპიდან შემოდის. მათი უმეტესობა ევროპულ ქვეყნებში საქველმოქმედო მიზნებისთვის არის ჩაბარებული, თუმცა მეორადი საქონლით ვაჭრობა განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის ერთ-ერთ შემოსავლიან სახეობად იქცა.

იხილეთ ვიდეო

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია