დღეს კვირაცხოვლობაა - რას აღნიშნავენ მართლმადიდებლები ამ დღეს

დღეს კვირაცხოვლობაა - რას აღნიშნავენ მართლმადიდებლები ამ დღეს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ტარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ხვალვე ტაძრებში ასევე სირიასა და ერაყში გარდაცვლილ მართლმადიდებელთა სულის საოხად და აღნიშნულ რეგიონში მშვიდობისთვის ლოცვა აღევლინება.

კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.

უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი _ საგანგებოდ გამომცხვარი პური, დარიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს. ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია