საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ასირიელ ქრისტიანთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ასირიელ ქრისტიანთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ასირიელი ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. მონაწილეებმა სოლიდარობა და მწუხარება გამოთქვეს იმ ასირიელი ბავშვების გამო, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს "ტერორიზმს" ემსხვერპლნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორიგანიზატორმა, ნინო ლაბარტყავამ განუცხადა, დღევანდელი აქციით მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ მონახოს გზები ასირიელი ბავშვების საქართველოში ჩამოსაყვანად.

"მწუხარებას გამოვთქვამთ იმ ბავშვების გამო, რომლებიც ემსხვერპლნენ ტერორიზმს და სოლიდარობას ვუცხადებთ ასირიელ ბავშვებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იქნებ მონახოს გზები ამ ბავშვების საქართველოში ჩამოსაყვანად და მათ დასახმარებლად, რადგან ამ ბავშვებსაც აქვთ უფლება იცხოვრონ ისეთ გარემოში, როგორსაც იმსახურებენ", - აღნიშნა ლაბარტყავამ.

აქციაზე მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები, წარწერით "სოლიდარობა ასირიელ ბავშვებს", "ტერორიზმს არ აქვს რელიგია", "ადამიანი ადამიანისთვის" და ა.შ. მათ ასევე ჰქონდათ სიმბოლურად სათამაშოები. "ეს არის სიმბოლური დატვირთვა დღევანდელი აქციის. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ სათამაშოები პატრონის გარეშე", - განაცხადა ლაბარტყავამ.

აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი ბავშვების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

ასირიელ ქრისტიანთა მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ლოზუნგები გამოფინეს - "სოლიდარობა ასირიელ ქრისტიანებს", "შეაჩერეთ ასირიელი ხალხის გენოციდი!" , "ისლამი არ ქადაგებს მკვლელობას".

ადგილობრივებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ასირიელებს და დაგმეს ტერორიზმი. როგორც აქციის მონაწილე ნათია ხარატმა აღნიშნა, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ძალადობის წინააღმდეგ:

"აქციას მე და ჩემი მეგობრები შემოვუერთდით. არ ვთვლი, რომ ეს არის რელიგიათა შორის პრობლემა, ეს არის ადამიანების დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი, რომელიც დროზე უნდა დამთავრდეს", - აღნიშნა ნათია ხარატმა.

"შეწყდეს ქრისტიანების გენოციდი სირიასა და ერაყში!" – ამ ლოზუნგით გაიმართა ფოთში აქცია ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერად. საზოგადოების წარმომადგენლები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან, საკათედრო ტაძრის წინ შეიკრიბნენ და მდუმარე აქცია მოაწყეს. "ვთხოვთ ხელისუფლებას, ოჯახები საქართველოში ჩამოიყვანოს. გამოვთქვამთ მზაობას, შევიფაროთ ბავშვები. გვინდა გადავარჩინოთ მათი სოცოცხლე", - განაცხადეს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აქციის მონაწილეებმა.

მშვიდობიანი აქციის შემდეგ მათ ფოთის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა.

ასურელი ქრისტიანების მხარადსაჭერი აქცია დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" სირიასა და ერაყში ქრისტიანების დევნას რამდენიმე წელია ახორციელებს. ბოლო დღეებია სოციალური ქსელისა და ინტერნეტ გამოცემების მეშვეობით ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა აქტიურად ვრცელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია