წიწილებს ვითომ, გაზაფხულზე ითვლიან?! - ყველაზე უცნაური პროტესტის ფაქტები საქართველოში

წიწილებს ვითომ, გაზაფხულზე ითვლიან?! - ყველაზე უცნაური პროტესტის ფაქტები საქართველოში

პროტესტი რაიმე მოვლენისადმი უარყოფითი დამოკიდებულების, უკმაყოფილების გამოხატვაა... ჰოდა, ამ ცხოვრებაში პროტესტის მეტი რა გვესმის, მაგრამ მისი ყველაზე უცნაური გამოვლინება მიმდინარე კვირაში, 22 აპრილს, გურჯაანში მომხდარი ფაქტი იყო, რომელიც სრული შოკი აღმოჩნდა. გამგეობასთან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ კვერცხების სროლა მოჰყვა, რომელშიც წიწილები აღმოჩნდა...

როგორც შევიტყვეთ, ეს ამბავი იქ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ირმა ნადირაშვილისა და გიორგი ღვინიაშვილის გამოჩენამ გამოიწვია. ისინი გამგეობაში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს უნდა შეხვედროდნენ...

პროტესტის ნიშნად, კვერცხის სროლა როგორ არ "მოსულა," მაგრამ ეს უკანასკნელი, პროტესტის კი არა, ვანდალიზმის გამოვლინება უფრო იყო, - პრაქტიკულად, კრუხს წიწილი წაართვეს. გაუგებარია "ნაციონალებს" ერჩოდნენ, თუ ჯერ არდაბადებულ სისცოცხლეს?!. არადა, წიწლებს წესით, არა გაზაფხულზე, შემოდგომით ითვლიან... 

ამავე კვირაში, დედაქალაში კიდევ ერთი უცნაური პროტესტის ფორმა დაფიქსირდა, - ორმა იუმორისტმა: ლევან გოგორელიანმა (იგივე ფაქო) და თემო მჟავიამ 20 აპრილს, პარლამენტის წინ, წვიმიან ამინდში, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი მიტინგი გამართეს. ეს ამბავი ისტორიაში ალბათ ორკაციანი მიტინგის სახელით შევა და სავარაუდოდ, ერთადერთიც იქნება...

ამ ყველაფრისკენ კი აი, რამ უბიძგათ: აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექცია, რომელიც 4:20 საათზე იწყებოდა, სტუდენტებმა ის მარიხუანის მოსაწევად გააცდინეს. იმის შემდეგ ამ მცენარის სიმბოლურ ციფრად 420 მიიჩნევა და ყოველ 20 აპრილს მარიხუანის მსოფლიო დღე აღინიშნება. სიმბოლურად კი იმ სახელმწიფოებში, სადაც ის დეკრიმინალიზებულია, ან ლეგალიზებული, ამ დღეს ყველა მწეველი ერთმანეთს მარიხუანას უკიდებს. ამ ყველაფრის გამო კი, 20 აპრილი მსოფლიოში სიმწვანისა და მარიხუანის დღედ აღინიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის მიერ, თბილისში აქცია დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, 2 ივნისს იგეგმება, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ კი ამ ყველაფერს დაასწრეს და ეს დღეს 20 აპრილს სიმბოლურად, მშვიდობიანი და ასეთი უცნაური ჟესტით აღნიშნეს და დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირეს. ოღონდ, აქცია-მიტინგზე მსმენელი თუ ტაშის დამკვრელი წამლად ერთი კაციც კი არ ჰყავდათ. თან, ეს ყველაფერი კოკისპირულ წვიმაში მოხდა...

ამ ორკაციანმა საპროტესტო აქციამ ერთი უცნაური ამბავიც გამახსენა, როცა 2013 წელს, ქუთაისში, ერთკაციან აქცია-მიტინგზე ერთ-ერთმა მოქალაქემ, თუ არ ვცდები, თინათინ მარდალეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ცოცხალია და ის 2014 წელს დაბრუნდება... "ზვიად გამსახურდია ცოცხალია და ის უახლოეს თვეებში გამოჩნდება. ჩვენ, მისი მიმდევრები ყველას ვაგებინებთ ამის შესახებ. ზვიადის გამოჩენით აღდგება კანონიერება და სულ მალე კანონიერი ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში," - ამბობდა ქალბატონი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია