წერილი, რომელიც დავით ნარმანიას "პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გადასცა - "ნუთუ ასე ძნელია, ქეთო და კოტეს ძეგლი დავუდგათ?!"

წერილი, რომელიც დავით ნარმანიას "პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გადასცა - "ნუთუ ასე ძნელია, ქეთო და კოტეს ძეგლი დავუდგათ?!"

ქართული ფილმი - "ქეთო და კოტე," რომელიც XX საუკუნის კინოისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული, 1948 წელს რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა და მასთან ერთად, შალვა გედევანიშვილმა ავქსენტი ცაგარელის კომედია "ხანუმასა" და ვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტეს" მიხედვით გადაიღეს. ფილმის პირველი ჩვენება 1953 წლის 8 ივნისს შედგა... ამ სურათის ბევრი ცენტრალური სცენა ახლანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეშია (პიონერთა სასახლე) გადაღებული.

"ქეთო და კოტეზე" უამრავი თაობაა აღზრდილი, მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის "პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძეც, ჰოდა, ბატონ გრიშას ერთი საინტერესო იდეა აქვს, რომელიც დიდი ხანია აწუხებს, მაგრამ მხოლოდ ერთი წელია, რაც გაასაჯაროვა და საზოგადოებისა და განსაკუთრებით, ქალაქის მერის მხარდაჭერას ითხოვს. თუ რაში მდგომარეობს იდეა და საქმე, ამაზე თავად მოგვითხრობს.

- სტუდია "პიონერფილმის" აღზრდილი ვარ. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მოვაწყვეთ შეხვედრა ფილმის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილთან. მაშინ სასახლეში მობრძანებულები იყვენენ ფილმის მთავრი პერსონაჟები, მსახიობები - მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი და მახსოვს, მაშინ გაჩნდა აზრი, რომ სასახლის ეზოში ქეთო და კოტეს ძეგლი დაედგათ, მაგრამ მაშინ რატომღაც ეს იდეა იდეად დარჩა.

გავიდა ხანი და უკვე რამდენიმე ათეული წლია, რაც აღნიშნულ სტუდიას თავად ვხელმძღვანელობ და შარშან მაისიდან დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ იქნებ როგორმე, მართლაც შესაძლებელი გახდეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, იქ, სადაც ფილმის "ქეთო და კოტე" არაერთი ეპიზოდია გადაღებული, სასახლის ბაღში "ქეთო და კოტეს" ძეგლი დაიდგას. კონკრეტულად კი იმ ადგილას, სადაც ქეთო თავის მეგობრებთან ერთად სასახლის ლამაზ კიბეებზე ჩამოდის და აუზის ირგვლივ ცეკვავს.

- ეს ქანდაკება როგორ გაქვთ წარმოდგენილი?

- ქეთო და კოტე ნავში უნდა ისხდნენ... აბა, გაიხსენეთ ფილმიდან კადრი: როდესაც ისინი პეტერბურგში არიან და იქ გაისმის ფრაზა: "ეს იყო პეტერბურგში, ჩვენი ნავი მიაპობდა ტალღებს"...

ზუსტად 20 წლის წინ კი, მაისში, ჩვენთან, სასახლეში ისევ მობრძანდა ფილმის რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი (იმ პერიოდში უკვე მთავრი პერსონაჟებიდან თითქმის აღარავინ იყო ცოცხალი), სტუმრის მოსვლის მიზეზი ის გახლდათ, რომ სასახლის აივანზე, სადაც ფილმში ქეთო, კოტე და მისი მეგობრები ცეკვავენ, მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელსაც აწერია: "ამ აივანზეა გადაღებული "ქეთო და კოტე"... ამასთან, "პიონერფილმის" ბავშვებმა შექმნეს ფილმი "ქეთო და კოტე სასახლეში," რომელშიც ასახულია ძალიან ლამაზი ადგილები, სადაც თავის დროზე ამ სურათს იღებდნენ, კერძოდ, აუზიც, რომელიც დღეს მიწის გროვად არის ქცეული და ყვავილებია ჩარგული. სწორედ ამ აუზში მინდა, რომ ის ძეგლი დაიდგას. მართლია, ახლა მიწით არის სავსე, მაგრამ ადვილია იმ ადგილის ამოსუფთავება და იქ წყლის გაშვება, რადგანაც იქამდე ყველა მილი მიყვანილია. მხოლოდ პატარა ტექნიკური ამბების მოგვარებაა საჭირო. საერთოდ, სასახლის ბაღი, სადაც ბავშვები გასართობად მოდიან, მინდა, რომ გახდეს ხელოვნების კამერული ბაღი, - კონცერტები მოეწყობა, ფილმებს აჩვენებენ, ყვავილების დღესასწაული გაიმართება. გარდა ამისა, თბილისში ახალდაქორწინებულები მივლენ და ქეთო და კოტეს ძეგლთან სამახსოვრო სურათს გადაიღებენ...

ამ ყველაფრის შესახებ ქალაქის მერი დავით ნარმანიაც ჩავაყენეთ საქმის კურსში, როდესაც სასახლეში მობრძანდა, იდეა გასაცნობად, წერილის სახით გადავეცი.

სხვათა შორის, ფილმში, რომელიც ჩვენმა ბავშვებმა გადაიღეს, ვახტანგ ტაბლიაშვილი ასეთ რამეს ჰყვება: "დიდხანს ვეძებდით ადგილს, სადაც უნდა გადაგვეღო სურათი. წინანდალშიც კი ვიყავით. ერთხელ კი დაღლილები სასახლის ბაღში (მაშინ ღია იყო) შევედით და ალექსანდრე დიღმელოვმა (ფილმის ოპერატორი) დაიძახა, - აი, ადგილი, სადაც შეიძლება მისი გადღება". სხვათა შორის, პეტერბურგის სცენაც აქ არის გადაღებული. ბაღში დღემდეა ერთი ხე, რომელიც კადრშიც კარგად ჩანს, როდესაც "ქეთო და კოტეს" ვუყურებ ხოლმე...

წელს 100 წელი სრულდება ბათუ კრავეიშილის დაბადებიდან (კოტეს როლის შემსრულებელი), შარშან საუკუნე შეუსრულდა ვახტანგ ტაბლიაშვილს. ეს ქანდაკება კი ამ ფილმის მონაწილე და მასზე მომუშავე ადამიანების პატივსაცემად და უკვდავსაყოფად უნდა დაიდგას, რაც შესანიშნავი რამ იქნება.

- რა პასუხი მიიღეთ ქალაქის მერისგან?

- კი, განვიხილავთო, - შემპირდა და მარგიშვილს გადავცემო. რაღაც პერიოდის შემდეგ, მარგიშვილთანაც ვიყავი, კონკრეტულად კი შარშან აგვისტოში. ვიყავი გოგლიჩიძესთანაც, მაშინ ის იყო მოადგილე, ვიყავი კულტურის სამმართველოშიც. თუმცა როგორც ვატყობ, ეს იდეა ჯერჯერობით, ჰაერშია გამოკიდებული. ეს ამბავი არავის აღელვებს და აფიქრებს, მაგრამ იმედი მინდა, ვიქონიო, რომ გაიგებენ... XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს, ნუთუ არ შეიძლება, ძეგლი დავუდგათ?!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია