როგორ უნდა გვეყოს ფული? - რჩევები რიგითი ქართველისთვის, რომელსაც "საბანი არ წვდება"

როგორ უნდა გვეყოს ფული? - რჩევები რიგითი ქართველისთვის, რომელსაც "საბანი არ წვდება"

ფული არავის ყოფნის, ფული ყოველთვის მეტი გვჭირდება. არ გყოფნით თქვენც, რადგან სწორედ ახლა ფიქრობდით, რომ იმის შესაძენად, რაც გჭირდებათ, საკმარისი თანხა აღარ გაქვთ. თუ ეს ასე არაა, იმაზე მაინც იოცნებებდით, რის შეძენას შეძლებდით, ორჯერ მეტი ხელფასი (ან ათჯერ მეტი პენსია) რომ გქონოდათ. მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ ფული კი არ არის თქვენი მფლობელი, თქვენ ხართ ფულის მფლობელი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ზუსტად გადაანაწილებთ მას საჭიროებების და პრიორიტეტების მიხედვით.

როგორ უნდა გვეყოს ფული? და როგორ უნდა ვიბატონოთ ქაღალდების თუ მონეტების მასებზე. როგორ ვაქციოთ ისინი ჯადოქრებად, როგორ ვაიძულოთ მათ ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება?

პირველი და მთავარი: ფული გამომუშავებადია. ამიტომ, ნებისმიერი თანხის მისაღებად, შრომაა საჭირო. თუ გსურთ ფულის მიღება, ენერგიის გაცემაც ნუ დაგეზარებათ. რაც უფრო მეტს იშრომებთ ფულის გამოსამუშავებლად, მით უკეთ გეცოდინებათ მისი ყადრი და მით უფრო ჭკვიანურად გამოიყენებთ მას.

კონცენტრირდით თქვენ შესაძლებლობებზე. ნუ კონცენტრირდებით ფულზე. ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ ფული გმართავთ. დააკვირდით საკუთარ თავს და აკეთეთ ის საქმე, რაც ყველაზე უკეთ გამოგდით. კონცენტრირდით საკუთარი შესაძლებლობების დახვეწაზე, ახალი ცოდნის მიღებაზე და იმ სამსახურზე, სადაც უკვე ხართ (თუ უკვე მუშაობთ). ასე გეცოდინებათ თქვენი შესაძლებლობები და გეცოდინებათ, რამდენია თქვენი დამსახურებული ანაზღაურება. თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი ანაზღაურება უფრო მცირეა, ვიდრე თქვენ მიერ გაწეული შრომა, ნუ შეშინდებით. აუხსენით უფროსს, რომ თქვენ მეტ ხელფასს იმსახურებთ. დაარწმუნეთ თქვენს შესაძლებლობებში და დაანახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ კომპანიისთვის, სადაც მუშაობთ.

თუ ჯერ ისევ სამსახურის ძიების პროცესში ხართ, ნუ დარჩებით მხოლოდ ერთი პროფესიის იმედად. კარგად დააკვირდით საკუთარ თავს, აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები, განავითარეთ ისინი. საჭიროების შემთხვევაში ნუ ითაკილებთ, თუნდაც დამლაგებლად მუშაობას. ნებისმიერი შრომა დასაფასებელია და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ცნობილი ბიზნესმენებიც კი გამოირჩეოდნენ უბრალო საქმეების კეთებით.

დაითვალეთ ხარჯები. აუცილებელია იცოდეთ, ძირითადად, რამდენს შეადგენს თქვენი ყოველთვიური ხარჯი. მას შემდეგ, რაც დაითვლით ყველა სახის ხარჯს, იქნება ეს კვების, სამოსის, კომუნალური გადასახადების, ტრანსპორტის, განათლების, ექიმის, წამლების თუ საოჯახო ტექნიკის ხარჯი. თქვენ გეცოდინებათ, მინიმუმ, რა თანხა უნდა გამოიმუშავოთ, რომ ხარჯების დაფარვა შეძლოთ.

ფულის მართვა.

1 .რამდენიც უნდა იყოს თქვენი შემოსავალი და როგორიც უნდა იყოს ის, სტაბილური თუ არასტაბილური, აუცილებელია, ხარჯების გადანაწილება. მაგალითად, ხარჯები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაიხადოთ, არის კომუნალური გადასახადები. შემოსავლის მიღებისას პირველ რიგში, კომუნალური გადასახადებისთვის და ბანკში აღებული კრედიტებისთვის, ან ლომბარდში დატოვებული ნივთებისთვის საჭირო თანხა გადადეთ, რადგან გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ ძალიან არასასიამოვნო ჯარიმების გადახდა მოგიწევთ.

2. შემდეგი ეტაპი კვებისთვის განკუთვნილი ხარჯების განსაზღვრაა. მას შემდეგ, რაც აუცილებელი პროდუქტებისთვის თანხას გადადებთ, თქვენი შემოსავლიდან გამომდინარე შეგიძლიათ განსაზღვროთ, რისი უფლება შეგიძლიათ მისცეთ თავს: მხოლოდ პურით და ბოსტნეულის სუპებით უნდა იკვებოთ, თუ ხორცის და თევზის შეძენაც შეგიძლიათ. ნუ დაითრგუნებით, თუ მხოლოდ პირველ ვარიანტს წვდება თქვენი შემოსავალი. სხვათა შორის, ვეგეტარიანელების ერთ-ერთი კატეგორია არც ხორცს მიირთმევს და არც თევზს. ხილი და ბოსტნეული ყველაზე ჯანსაღი საკვებია და მათი შეძენა ბაზარზე საკმაოდ იაფად შეგიძლიათ.

3. შემდეგი ეტაპი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ხარჯების განსაზღვრაა. თუ თქვენ დაზღვევით სარგებლობთ, სადაზღვევო ხარჯებს გადაიხდით, თუ დაზღვევა არ გაქვთ, ექიმთან ვიზიტისა და წამლებისთვის მცირე თანხის გადადება ძალიან წინდახედული ნაბიჯია.

4. შემდეგი ეტაპი სამოსის და სხვა წვრილმანი ნივთებისთვის საჭირო თანხების გადადებაა. თქვენი ხელფასიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ თავს 200 ლარიანი ფეხსაცმლის შეძენის უფლება მისცეთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ 20 ლარიანი ფეხსაცმლით მოიწონოთ თავი. ქართულ ბაზარზე ამის არჩევანი ნამდვილად არის. იმავეს თქმა შეიძლება სამოსზეც. ყველაზე მთავარი კი უკვე შეძენილი სამოსის გაფრთხილებაა. კარგად მოვლილი სამოსი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურება პატრონს.

პრიორიტეტები.

ფულის სწორად გადანაწილების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა პრიორიტეტებს აქვს. შესაძლოა, ვიღაცისთვის ძლიერ კვებაზე მეტად ჰიგიენა იყოს მნიშვნელოვანი და შემწვარი გოჭის შეძენას პარფიუმერია ამჯობინოს. პრიორიტეტები ის საკითხია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს, თუ დაოჯახებული ხართ. ამ შემთხვევაში შვილების საჭიროებებს მშობელი ყველაზე წინ აყენებს და თავად შესაძლოა, ბევრი რამ მოიკლოს. ამაში ტრაგედია არ არის, ეს ბუნებრივი კანონზომიერებაა და არცერთი მშობელი არ მოისურვებს, თავისი ბედნიერების ხარჯზე შვილს საჭირო ნივთები, სამოსი ან განათლება მოაკლოს.

ეკონომია.

ჭკვიანურად გაკეთებული ეკონომია, თქვენს ხარჯებს მნიშვნელოვანად შეამცირებს. დაზოგეთ ელექტროენერგია, გაზი... ნუ დატოვებთ ჩართულ კომპიუტერს ან ნათურას ოთახში, სადაც არ ხართ. ნებისმიერი რამ, რაც დენის წყაროსთან არის შეერთებული, გამორთეთ დენის წყაროდან მაშინვე, როცა აღარ გჭირდებათ (მაგალითად, ნუ დატოვებთ გამორთულ კომპიუტერს ე.წ. შტეფსელში შეერთებულს. ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ასე მცირე ელექტროენერგია მაინც იკარგება), ნუ დატოვებთ ჩართულ გაზს, როდესაც მასზე რამე არ მზადდება. გამოიყენეთ ეკონომ ნათურები, საოჯახო ნივთების შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მათ ეკონომიურობას მიაქციეთ. ნუ შეიძენთ არასაჭირო ნივთებს. ნუ მოამზადებთ ზედმეტ საკვებს, მოამზადეთ იმდენი, რამდენის მიღებასაც შეძლებთ და გადასაყრელი არ გაგიხდებათ. ნუ გადაყრით მინის ბოთლებს, ძველ წიგნებს ან გაზეთებს. ორივე შემთხვევაში, მათი ჩაბარება შეგიძლიათ შესაბამისი ორგანიზაციებისთვის. იყავით კრეატიულები და ფუნქციადაკარგულ ნივთებს ახალი ფუნქცია მიეცით. უამრავი საიტი არსებობს, სადაც ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთების ძალიან ჭკვიანურად გამოყენებაა შესაძლებელი.

დაბოლოს, როდესაც ხვდებით, რომ თქვენი შემოსავალი ხარჯებს არ წვდება, ნუ იფიქრებთ მხოლოდ ხარჯების შემცირებაზე, ეკონომიის გაზრდის და უამრავი საჭიროების მოკლების ხარჯზე. იფიქრეთ შემოსავლის მატებაზე და გააანალიზეთ ყველა საშუალება, რითიც დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლიათ. თქვენი ფულის მფლობელი თქვენ ხართ. თქვენ ძლიერი ხართ: გაქვთ გონება, სხეული და მუშაობის უნარი. ნუ მისცემთ მონეტებისა და ქაღალდის მასებს თქვენზე ბატონობის უფლებას!

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია